დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1733 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 03/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370030000.22.024.016014 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/11/2010 - 06/06/2011)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1733
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
მინისტრის მოადგილე დ. გიორგაძე
მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არეგულირებს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესსა და პირობებს.
2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისებას.
3. მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მიეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. მესამე პირები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ახორციელებენ საჯარო აუქციონის ფორმით.
5. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების უფლება აქვს მესამე პირს.
მუხლი 2. მესამე პირის მიერ სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის წესი
1. მესამე პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების მიზნით უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.
2. მესამე პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში სამინისტროს იღებს გადაწყვეტილებას მესამე პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. თუკი სამინისტრო სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩათვლის გააფორმოს მესამე პირებთან ხელშეკრულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში აცნობებს დაინტერესებულ პირს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და დებს შესაბამის გარიგებას.
მუხლი 3. მესამე პირებთან გარიგებათა გაფორმების წესი
1. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების მხარეები, შინაარსი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაეცეს მესამე პირს.
2. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე პირის მიერ მისაღები შემოსავლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საფასურის 10%-ს.
3. მესამე პირი ვალდებულია საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება განახორციელოს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები