საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/2010
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/03/2010
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014421
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
18/2010
30/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
010210010.15.008.014421
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (31/03/2010 - 22/05/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.421

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2010

2010 წლის 30 მარტი ქ. თბილისი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუქნტის ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადების/საჩივრის შეტანის და განხილვის წესების აღმწერი თანდართული ინსტრუქცია.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილება.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

დანართი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქცია

საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ განცხადებას/საჩივარს და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 1. განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია

1. საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საარჩევნო კომისია განცხადებებისა და საჩივრების მიღებასა და  რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 10-დან 18 საათამდე, ხოლო საარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავებზე განცხადებისა და საჩივრის შეტანა შესაძლებელია კალენდარული დღის დილის 10 საათიდან  დღის 8 საათამდე.

3. საარჩევნო პერიოდი მოიცავს არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამქვეყნებიდან საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით პერიოდს. 

4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივარის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად – საქმისწარმოების დეპარტამენტი.

5. განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი (კოდი), ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი (კოდი). აღნიშნულ ცნობას განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.

    მუხლი 2. გასაჩივრება

1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ – სასამართლოში, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 771 მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 771 მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

4. აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

 

    მუხლი 4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (გამონაკლისია საოლქო საარჩევნო კომისიის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 642 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში), რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

    მუხლი 5. ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

 

 

    მუხლი 6. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე.

1. განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სარჩევნო კოდექსი“ დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კანონის  64-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

     განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის დრო და თარიღი;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

2. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანიული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი/დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აღნიშნული საჩივრების განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის ბათილობის საკითხის შესახებ.

4. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) გვარი, სახელი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის (თუ არის) გვარი, სახელი და მისამართი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (თუ არის);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა.

ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ შედგენილი განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია განცხადება/საჩივარს არ განიხილავს, რის თაობაზეც გამოსცემს განკარგულებას.

7. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას.

9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის მიერ (ხარვეზის დაუდგენლად) არ განიხილება, თუ:

ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

ბ) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

გ) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მის მოადგილისა ან კომისიის მდივანისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო;

დ) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ არის გადაცემული ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში. განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა;

ე) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

ვ) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

    მუხლი 7. ვიდეოთვალი

არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვიდეოდაკვირვების და ჩაწერის საშუალებები, ე.წ. ვიდეოთვალი. ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით. განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარმდგენილი ზემოაღნიშნული წესით. განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში. 

8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 12618–12631 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

2.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:

ა) ცესკო;

ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი;

გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადებას/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილი). განცხადების/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

4. განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 10 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

 

 

 

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილი განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტი-ლება საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და ვადებში.

    მუხლი 9. კომისიის სხდომა

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისიის სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. საარჩევნო კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით, ცესკოს სხდომის დღის წესრიგი კი დამატებით განთავსდება ცესკოს ვებსაიტზე, სხდომაზე განსახილველ საკითხთა მითითებით.

3. კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ სხდომის მოწვევის შესახებ დღის წესრიგში შეტანილი საკითხების მითითებით და მათ წინასწარ ურიგდებათ დღის წესრიგის მასალები (მათ შორის, შემოსული განცხადებები/საჩივრები).

4. კომისიის სხდომას, საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, შეიძლება ესწრებოდნენ კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

5. კომისიის სხდომაზე მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ კომისიის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ.

6. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საარჩევნო კანონით უფრო მაღალი კვორუმი არაა დადგენილი), მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ქვემდგომი კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადათვლას, მიიღება დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.

    მუხლი 10. საჯაროობა

1. საქართველოში არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი საჯაროა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

2. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაციებში მუდმივად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების/საჩივრების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი.

3. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტრესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,  ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 11. საჩივრის განხილვის პირობები და წესი

1. საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს.

2. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

3. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, ეცნობება ამ სუბიექტის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 71-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.

4. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.  

5. მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხოვრებელი ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნეს საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. საჩივრის განხილვისათვის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე დაკავშირებით;

ბ) დეპეშის შემთხვევაში – დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით;

გ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.). 

7. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.

8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების სამმართველოს თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და აღნიშნული სამმართველოს უფროსი.

9. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.

10. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს შეატყობინოს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.

11. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. 

12. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

13. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.

14. მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

15. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

16. მხარეს, რომელიც შეტყობინების  მიუხედავად არ გამოცხადდა  საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.

17. მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის  მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველს.     

18. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.