On The Georgian National Investment Agency

On The Georgian National Investment Agency
Document number 3123-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 04/03/2015
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 19/03/2015
Expiration Date 02/07/2017
Registration code 010240060.05.001.017625
Consolidated publications
3123-IIს
04/03/2015
Website, 19/03/2015
010240060.05.001.017625
On The Georgian National Investment Agency
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (19/03/2015 - 17/05/2017)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებსა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს.

 

მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

1. სააგენტო არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი.

3. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და   წარუდგენს მას ანგარიშს ყოველი 6 თვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ანგარიში საჯაროა და სააგენტო უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობა და ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

 

მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. 

 

თავი II

ძირითადი დებულებები

 

მუხლი 4. სააგენტოს ძირითადი მიზნები

სააგენტოს ძირითადი მიზნებია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ინვესტიციების მხარდაჭერა.

 

მუხლი 5. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე წარმოებული კვლევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისთვის კვლევების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა; 

ბ) საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

გ) საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული  პირის სათანადო ინფორმაციითა და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით უზრუნველყოფა;

დ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოს ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;

ე) საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოზიდვის ხელშეწყობა;

ვ) ინვესტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;

ზ) ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი;

თ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

მუხლი 6. სააგენტოს დირექტორი

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილეები.

3. სააგენტოს დირექტორის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

 

მუხლი 7. სააგენტოს ქონება და დაფინანსება

1. სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა სახელმწიფო ქონება.

2. სააგენტო ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

 

მუხლი 8. სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

1. საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოსთან და სხვა პირთან ურთიერთობებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება წარმომადგენლობის ფარგლები.

3. სააგენტო საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს  საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის მიღებაში ინვესტორისთვის დახმარების გაწევას, აგრეთვე ინვესტორის მიერ სახელმწიფო მომსახურების მისაღებად სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

4. სააგენტოსთვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით დაამყაროს.

                                                                                                                  

მუხლი 9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი

1. საქართველოს ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია მონიტორინგი გაუწიოს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას. სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალების ან/და ინფორმაციის გამოთხოვითა და მიღებული მასალის ან/და ინფორმაციის შესწავლით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სააგენტო საქართველოს მთავრობას ან/და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს წარუდგენს რეკომენდაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყონ მისთვის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ყველა ინფორმაციის ან/და დოკუმენტის, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

3. სააგენტოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 10. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი  ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცება.

2. სააგენტოს მოქმედი დირექტორი თავის მოვალეობებს ასრულებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე.

 

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 19 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81).

2. ამ კანონის მე-9 მუხლის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მარტი 2015 წ.

N3123-IIს