On the Unified State Registry of Information

On the Unified State Registry of Information
Document number 4634-Iს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 05/05/2011
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 110525007, 25/05/2011
Registration code 350090000.05.001.016317
Consolidated publications
4634-Iს
05/05/2011
Website, 110525007, 25/05/2011
350090000.05.001.016317
On the Unified State Registry of Information
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (25/05/2011 - 12/06/2020)

საქართველოს კანონი

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას, ასევე საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღებას, გადაცემასა და თავსებადობას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, მოაწესრიგოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების შექმნის, გამოყენებისა და შეცვლის ძირითადი პრინციპები, განახორციელოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების წესების სტანდარტიზაცია და განსაზღვროს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების სფეროში.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მონაცემი – ფაქტებისა და იდეების წარმოდგენა ფორმალიზებული სახით, რომელიც მათ გამოსადეგს ხდის საინფორმაციო პროცესში გადაცემისა და დამუშავებისათვის;

ბ) მონაცემის მფლობელი – პირი ან ორგანიზაცია, რომელიც გასცემს კონკრეტული მონაცემის ხელმისაწვდომობის უფლებამოსილებას და ვალდებულია შეინარჩუნოს მონაცემის სისწორე, ერთიანობა და დროულობა;

გ) მონაცემის დამუშავება – მონაცემის შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, ნახვა, ამოღება, გამოყენება, გადაცემა, კომბინირება, დახურვა, წაშლა ან განადგურება, ან ამ ქმედებების ნებისმიერი ერთობლიობა, ქმედების განხორციელების ან გამოყენებული საშუალების მიუხედავად;

დ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით დალაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალების კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ეს ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;

ე) მონაცემთა ბაზის წარმოება – მონაცემების დამუშავება, მონაცემების დამუშავების ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა დაცვა და ამ ქმედებების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

ვ) რეესტრის სუბიექტი – ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო ან ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მონაცემების შექმნას, შეცვლას, წაშლას ან განადგურებას;

ზ) ინფორმაციული სისტემა – საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;

თ) რეესტრი – საგნების, სახელების, ქმედებების ან სხვა ინფორმაციის ფორმალური ან/და ოფიციალური ჩანაწერი;

ი) მომსახურება – რეესტრის სუბიექტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება (სერვისი), რომლის დაწესებულებისათვის ან/და მომხმარებლისათვის გამოყენება მოითხოვს მონაცემების დამუშავებას ;

კ) კატალოგი – მონაცემების სისტემატიზებული სია ან ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მათ აღწერილობას;

ლ) ბიზნესპროცესი − ერთმანეთთან დაკავშირებული საქმიანობების ან ამოცანების სტრუქტურირებული ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებლისათვის ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის;

მ) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – თანაბარი რესურსების პირობებში ტექნოლოგიის კონკრეტული სახისათვის დაუსაბუთებელი უპირატესობის თავიდან აცილება;

ნ) არქივირება – ისტორიული მნიშვნელობის მქონე ან/და არააქტიური ჩანაწერების, დოკუმენტების ან სხვა მონაცემების არქივში შენახვა.

 

თავი II. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

    მუხლი 3. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

1. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არის რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიანი კატალოგი, რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო რესურსების აღწერა, ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტების დადგენა, ინფორმაციული სისტემების კოორდინაცია და თანამიმდევრული განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ერთიანი ინფორმაციული პოლიტიკის ხელშეწყობა და საჯარო რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

2. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მონაცემთა გაცვლის სააგენტო (შემდგომ − მონაცემთა გაცვლის სააგენტო).

3. მონაცემთა გაცვლის სააგენტო კოორდინაციას უწევს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტების დადგენასა და შესრულებას.

4. მონაცემთა გაცვლის სააგენტო რეკომენდაციას უწევს შესაბამის რეესტრის სუბიექტს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის, გამოყენების, შეცვლის, განვრცობის, სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან კომბინირების, თავსებადობის, გაუქმებისა და სხვა საკითხებზე.

5. მონაცემთა გაცვლის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის საქმისწარმოების წესების შეცვლისა და მოდერნიზაციის შესახებ, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტაციის ბრუნვის გამარტივებას ემსახურება.

6. მონაცემთა გაცვლის სააგენტო შე იმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესახებ.

7. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში არ შედის ისეთი ინფორმაცია და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო საიდუმლოებაა.

    მუხლი 4. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის შექმნის შეტყობინების ვალდებულება

1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნიდან არა უგვიანეს 30 დღისა ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.

2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის და ამის შესახებ ამ კანონის თანახმად შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის მომენტად ითვლება მომხმარებლის მიერ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის დანიშნულებისამებრ საწყისი გამოყენება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებაზე , რომელიც ცვლის მის შინაარსს, აფართოებს ან ავიწროებს მის ფარგლებს, გავლენას ახდენს მასთან ურთიერთობაზე ან თანმდევ ბიზნესპროცესებზე, ამასთანავე, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე მონაცემზე.

    მუხლი 5. მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის მისაწოდებელი ინფორმაციის სახეები

     1. რეესტრის სუბიექტის ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც აღწერს ოპერაციულ და საინფორმაციო -ტექნოლოგიურ გარემოს.

2. ოპერაციული გარემოს შესახებ მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მონაცემის მფლობელის ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია და მისი ძირითადი საქმიანობის აღწერილობა;

ბ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის აღწერილობა და წარმოების მიზანი;

გ) საქმისწაროების წესი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებისათვის, ინფორმაციის დამუშავების ბიზნესპროცესის მოკლე აღწერილობა და სხვა ინფორმაცია, რომელიც აღწერს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოების პროცესს .

3. საინფორმაციო-ტექნოლოგიური გარემოს შესახებ მისაწოდებელი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის მიმართ გამოყენებადი ტექნიკური სტანდარტები;

ბ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის ადმინისტრატორის ან სხვა უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემები;

გ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს ან უფლებამოსილი პირის მონაცემები, თუ ასეთი არსებობს;

დ) მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ზომები.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს, ფორმატს და მიწოდების გზებს ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

    მუხლი 6. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობა ან კომბინირება

1. რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზა, რეესტრი, მომსახურება ან ინფორმაციული სისტემა შეიძლება განივრცოს ან კომბინირებულ იქნეს სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან, თუ:

ა) განვრცობა ან კომბინირება აუცილებელია რეესტრის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულებისათვის;

ბ) რეესტრის სუბიექტს ნორმატიული აქტით ეკისრება ახალი ფუნქციის შესრულება, რომლის სათანადოდ შესრულებისათვის აუცილებელია განვრცობა ან კომბინირება.

2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

    მუხლი 7. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა

1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმებამდე, განადგურებამდე, არქივირებამდე ან გადაცემამდე 30 დღით ადრე შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას გაუქმების, განადგურების, არქივირების ან გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

    მუხლი 8. პერსონალური მონაცემების დაცვა

1. მონაცემთა გაცვლის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ ახორციელებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას რაიმე ფორმით. ის ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს.

2. მონაცემთა გაცვლის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ არის პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების შესრულებისათვის იმ ფუნქციების ფარგლებში, რომლებიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან ინფორმაციულ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონით დადგენილი ფუნქციების შესრულებისათვის.

    მუხლი 9. ამ კანონის დებულებების შესრულების მექანიზმები

1. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი რომელიმე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შედეგად რეკომენდაცია გაუწიოს რეესტრის სუბიექტს, თავი შეიკავოს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნისაგან, შეცვლისაგან, განვრცობისაგან, კომბინირებისაგან, გაუქმებისაგან, განადგურებისაგან, არქივირებისაგან ან გადაცემისაგან, თუ აღნიშნული ქმედება შეიძლება ჩაითვალოს შემაფერხებელ ფაქტორად სხვა სისტემის ან სისტემების ფუნქციონირებისათვის, ან/და თუ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოება ან მასში მონაცემების დამუშავება არ შეესაბამება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ დადგენილ ან/და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

2. რეესტრის სუბიექტის მიერ მისთვის ამ კანონით დაკისრებული ინფორმირების/შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მონაცემთა გაცვლის სააგენტო წერილობით გაფრთხილებას უგზავნის შესაბამისი უწყების ინფორმაციის გადაცემისათვის პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში მონაცემთა გაცვლის სააგენტო რეესტრის სუბიექტის ხელმძღვანელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღიწერება დარღვევის ფაქტი და მიეთითება მისი აღმოფხვრის რეკომენდაციები.

 

თავი III. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის წარმოების ძირითადი პრინციპები

    მუხლი 10. მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში მონაცემების დამუშავების პრინციპები

რეესტრის სუბიექტს უფლება აქვს, მის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში შეაგროვოს (დაამუშაოს) მხოლოდ ისეთი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად, ან მხოლოდ მაშინ, თუ მონაცემების ამგვარი დამუშავება უშუალოდ გათვალისწინებულია ნორმატიული აქტით.

    მუხლი 11. მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში მონაცემების ხელმისაწვდომობა

რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში შენახული (დამუშავებული) მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთან წვდომა ან მისი გამოქვეყნება შეზღუდულია კანონით. 

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 12. გარდამავალი დებულება

რეესტრის სუბიექტის ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოქმედი მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შესახებ წერილობითი შეტყობინება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიეწოდება ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 90 დღისა.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4634- I