საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016569
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
88/04
06/07/2021
ვებგვერდი, 07/07/2021
220010000.18.011.016569
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/07/2021 - 11/04/2024)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №88/04

2021 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და  48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნისა და მისი გამოყენების პროცესს მკაფიოდ განსაზღვრული განმარტებების, მონაცემების უსაფრთხო გაზიარების, დამუშავებისა და შენახვასთან დაკავშირებული რისკების შემცირების ღონისძიებების განსაზღვრით და პროცესებში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობების დადგენით.

3. საკრედიტო რეესტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას, კერძოდ: საკრედიტო ორგანიზაციებში რისკების შეფასებას ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეზე; სასესხო პორტფელების დინამიკის მონიტორინგს; საკრედიტო რისკის მიმღებლობის შეფასებას რეფინანსირებული და უარყოფილი სასესხო პორტფელის მიხედვით; საკრედიტო ორგანიზაციების სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობის მონიტორინგს პრუდენციული ფორმების წარმოების გზით; საკრედიტო რისკების ანალიზის პროცესის გაუმჯობესებას მონაცემების ხელმისაწვდომობის ზრდისა და შესადარი მონაცემების გენერირების საშუალებით; საზედამხედველო სტრესტესტების წარმოებას; საკრედიტო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის დისტანციური და ადგილზე შემოწმების პროცესის მართვას; საზედამხედველო მონაცემების გამოყენების ეფექტიანობაზე ზრუნვას ავტომატიზებული თანამედროვე რაოდენობრივ-სტატისტიკური და ანალიტიკური სისტემების გამოყენებით; ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული რაოდენობრივ-სტატისტიკური მოდელების რისკის შეფასებას; საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის პერიოდულად სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებას;  აგრეგირებული მონაცემების გამოყენებას როგორც რეკონსილაციისთვის, ასევე შიდა რეპორტინგისთვის; სექტორული კვლევების მომზადებას; სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სცენარების, ანალიზების ჩატარებას; საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) დანერგვის ხელშეწყობას. ამასთან, საკრედიტო რეესტრის მიზანია შეამსუბუქოს ანგარიშგების ტვირთი კომერციული ბანკებისთვის და საკრედიტო რეესტრის მონაწილე სხვა სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ანგარიშგების  ეფექტური და მარტივი გზით წარმოდგენის შესაძლებლობის შექმნით. საკრედიტო რეესტრის მონაცემების გამოყენება ასევე შესაძლებელია სამეცნიერო კვლევების განხორციელების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. საკრედიტო რეესტრის მონაცემების დამუშავება დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით, გარდა საკრედიტო რეესტრის მონაწილეებისათვის შემაჯამებელი ანგარიშების გაზიარების შემთხვევისა, მათ შორის მათი გამოქვეყნების გზით.

4. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო რეესტრის მონაცემების დამუშავებას და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონაცემების გადაცემას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მესამე მხარისთვის მონაცემთა გადაცემა დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის და საკრედიტო რეესტრის მონაწილეების შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

6. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებული ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე.

7. ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის კომერციული ბანკი, უფლება აქვს გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის პირზე გავრცელდება ამ წესის მოთხოვნები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ  წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საკრედიტო რეესტრი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმის მიხედვით შედგენილი მონაცემთა ბაზა;

ბ) სესხის გამცემი ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი;

გ) საკრედიტო რეესტრის მონაწილეები – პირები, რომლებიც ამ წესის შესაბამისად ეროვნულ ბანკს აწვდიან საკრედიტო რეესტრს.

მუხლი 3. საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა

1. საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა შედგება საკრედიტო რეესტრის მონაწილეებისგან ყოველთვიურად მოწოდებული მონაცემებისგან.  კომერციული ბანკი და საკრედიტო რეესტრის ყველა სხვა მონაწილე ვალდებულია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს  საკრედიტო რეესტრის მონაცემები.  

2. საკრედიტო რეესტრის ფორმას შეიმუშავებს ეროვნული ბანკი და ცვლილების შემთხვევაში მინიმუმ ერთი თვით ადრე აცნობებს საკრედიტო რეესტრის მონაწილეებს. საკრედიტო რეესტრის მონაწილეებისთვის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულi იქნება დაგეგმილი ცვლილების კომპლექსურობა.

3. საკრედიტო რეესტრი მოიცავს შემდეგ მონაცემთა ჯგუფებს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კლიენტის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები, კლიენტის ბოლო განახლებული მონაცემები შემოსავლების შესახებ,  საკრედიტო ვალდებულების დეტალები, კლიენტის ფინანსური მონაცემები სესხის გაცემის მომენტისთვის, კლიენტის მონაცემები შემოსავლების შესახებ სესხის გაცემის მომენტისთვის, საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები, ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე, ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ, ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ, ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ.

მუხლი 4. საკრედიტო რეესტრის მონაწილეების ვალდებულებები

საკრედიტო რეესტრის მონაწილე ვალდებულია:

ა) ამ  წესით განსაზღვრული მონაცემები ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ყოველი თვის 10 რიცხვამდე, წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით, ამ წესის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ზუსტი მონაცემების წარდგენა, მათი სისწორე, სანდოობა და სისრულე.

მუხლი 5. ეროვნული ბანკის ვალდებულებები

ეროვნული ბანკი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ინფორმაციის მიღება ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) შეიმუშაოს შიდა პროცედურა, რომლითაც უნდა განისაზღვროს ინფორმაციის მიმოცვლისა და წვდომის უფლებები, უზრუნველყოს პერსონალური ინფორმაციის დაცულობა საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და მსგავს ინფორმაციაზე წვდომა მიანიჭოს კონკრეტულ თანამშრომლებს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

გ) უზრუნველყოს მონაცემების დაცული და ეფექტური დამუშავება ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

მუხლი 6. მონაცემთა მიმოცვლა

1. საკრედიტო რეესტრის მონაწილისგან მონაცემები მიიღება დაცული და დაშიფრული არხის გამოყენებით, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ეროვნული ბანკი.

2. საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა ინახება ეროვნული ბანკის სერვერზე იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად.

3. ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის ყველა მონაწილეს უზიარებს, მათ შორის მათი გამოქვეყნების გზით, შემაჯამებელ ანგარიშებს (არსებობის შემთხვევაში), რომლებიც არ მოიცავს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ ინფორმაციას და საკრედიტო რეესტრის მონაწილეების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

მუხლი 7. სანქციები

ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო რეესტრის მონაწილე სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

2023 წლის პირველ იანვრამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ამ წესით განსაზღვრული მონაცემები ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ყოველი თვის   20 რიცხვამდე.