მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 370020000.10.003.022721
166
08/04/2021
ვებგვერდი, 12/04/2021
370020000.10.003.022721
მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2021 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის“ მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის“ მე-5 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის მიზანია, საქართველოს მიწის ფონდის შესახებ არსებული და შექმნილი ისეთი ინფორმაციის  მობილიზება და მართვა, რაც შექმნის  საფუძველს, ქვეყნის  აგრარული და ეკონომიკური  სექტორების თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად განხორციელდეს მიწის რესურსების  მართვა, მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი, მიწის ნაყოფიერების ამაღლება და სივრცული დაგეგმარების მოწესრიგებასთან, მიწის ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

2. „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესი“ (შემდგომშ – წესი) შემუშავებულია  „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.  ამ წესის მიზანია მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, რის მიხედვითაც შეიქმნება საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1.ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს მიწის ფონდი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა  და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, მათ შორის, ტყითა და წყლის ობიექტებით დაკავებული მიწების ერთობლიობა;

ბ) მიწის ბალანსი  – საქართველოს მიწის ფონდის უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ნაერთი  ინფორმაცია, რომელიც  იქმნება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მონაცემების მიხედვით; 

გ) საკადასტრო მონაცემები – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბუნებრივი, სამეურნეო, სამართლებრივი, ეკოლოგიური და ეკონომიკური მონაცემები;

დ) მიწის ბუნებრივი მონაცემები – მიწის ადგილმდებარეობის, კლიმატური პირობების, გეოგრაფიული და სხვა ბუნებრივად არსებული მდგომარეობის ამსახველი მონაცემები;

ე) მიწის სამეურნეო მონაცემები –  სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მიწის სამეურნეო შესაძლებლობათა მდგომარეობის ამსახველი მონაცემები;

ვ) მიწის სამართლებრივი მონაცემები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – საჯარო რეესტრი) საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრირებული მონაცემები;

ზ) მიწის ეკოლოგიური მონაცემები – ენდოგენური, ეგზოგენური და ანტროპოგენული ზემოქმედების შედეგად გამოწვეული მიწის მდგომარეობის ამსახველი მონაცემები;

თ) მიწის ეკონომიკური მონაცემები – მიწის ნაკვეთის აგროტექნიკური და სამეურნეო საქმიანობით მიღებული შედეგების ეკონომიკური შეფასების მაჩვენებლები;

ი) სახელმწიფო ტყე − სახელმწიფო საკუთრების ტყეებისა და მათი რესურსების ერთობლიობა;

კ)  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კადასტრი – მონაცემთა ერთიანი ბაზის მოდული, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა ხდება მისი შემადგენელი მიწის ნაკვეთებისა და მათი საკადასტრო მონაცემების მიხედვით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ტერმინებისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრული ტერმინები.

 

მუხლი  3.  მონაცემთა ერთიანი ბაზა

1. მონაცემთა ერთიანი ბაზა არის საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული სისტემა.

2. მონაცემთა ერთიან ბაზაში აღირიცხება საქართველოს მიწის ფონდის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შესახებ მიღებული ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ (შემდგომში – სააგენტო) შექმნილი მონაცემები.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ არსებული ნაერთი ინფორმაცია  აისახება მიწის ბალანსში,  ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შემადგენელი მიწის ნაკვეთებისა და მათი საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაცია – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კადასტრში.

4. მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და მართვას უზრუნველყოფს სააგენტო.

5. მონაცემთა ერთიან ბაზაში შესაბამისი ინფორმაცია აღირიცხება მონაცემთა წარმოებაზე/დაცვაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი  პირის, ასევე სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაცემების საფუძველზე, მათ შორის, მეტამონაცემების ჩათვლით.

6. მონაცემთა წარმოებაზე/დაცვაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი  პირის მიერ   წარდგენილი მონაცემების სისწორეზე სააგენტო პასუხისმგებელი არ არის.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემები უფლებამოსილმა პირმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 40 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. მიწის ბალანსის შედგენა

1. მიწის ბალანსში შეიტანება შემდეგი სახის  ნაერთი ინფორმაცია:

ა) საქართველოს მიწის ფონდის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და არარეგისტრირებული ფართობების რაოდენობის შესახებ;

ბ) საქართველოს მიწის ფონდის შემადგენელი მიწის ფართობების საკუთრებისა და მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით განაწილების შესახებ;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების კატეგორიების მიხედვით განაწილების შესახებ;

დ) დამუშავებული (ფაქტობრივად გამოყენებული) და დაუმუშავებელი  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ;

ე) სახელმწიფო ტყის ტერიტორიის მიწის ფართობების შესახებ;

ვ) დაცული ტერიტორიების  მიწის ფართობების შესახებ;

ზ)  ზედაპირული წყლის ობიექტებით დაკავებული მიწის ფართობების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, დასაშვებია მიწის ბალანსში შეტანილ იქნეს სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომლის ნუსხა ზუსტდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიწის ბალანსის ფორმით.   

3. საქართველოს  მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის   ავტონომიური ოლქის) მიწის ფართობების მონაცემები მიწის ბალანსში აისახება აღნიშნული ტერიტორიების (ოკუპაციამდე) არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მიწების შესახებ ინფორმაცია მიწის ბალანსში  აისახება, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მიწების საერთო ფართობების მიხედვით, ჰექტარებში.

5. მიწის ბალანსის ფორმას სააგენტოს წარდგენით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მუხლი 5. მიწის ბალანსის გამოქვეყნება

1. მიწის ბალანსის გამოქვეყნება ხდება ელექტრონული ფორმით საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო)  და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge, www.land.gov.ge), პერიოდულად, საჭიროების მიხედვით,  ხოლო სავალდებულო წესით – ყოველწლიურად, საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემების შესაბამისად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 ივლისისა.

2. მიწის ბალანსის გამოქვეყნება შესაძლებელია აგრეთვე მატერიალური სახით.

მუხლი 6.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა მიწის ნაკვეთების მიხედვით

1.   მონაცემთა ერთიან ბაზაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა მიწის ნაკვეთების მიხედვით ხორციელდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათი ამ წესით განსაზღვრული საკადასტრო მონაცემების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვა განხორციელდება თანმიმდევრულად, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების (შექმნის) ან/და მასში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიწის ნაკვეთების მიხედვით აღრიცხვის ფორმას სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს სააგენტო.

მუხლი 7. მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება

მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული საკადასტრო მონაცემების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და გამოსცეს მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკები, გეგმები, სქემები და სხვა.

მუხლი 8. მონაცემთა ერთიან   ბაზაში აღრიცხული მონაცემების ხელმისაწვდომობა

სააგენტო უზრუნველყოფს მის მიერ შექმნილი მონაცემების ხელმისაწვდომობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.