„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 370020000.10.003.024864
470
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
370020000.10.003.024864
„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №470

2024 წლის 30 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/04/2021, 370020000.10.003.022721) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ “  ქვეპუნქტები:

„ლ) მიწათსარგებლობის დეშიფრირებული მონაცემები − საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ფაქტობრივი გამოყენებისა და მიწის საფარის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ორთოფოტოგეგმების, ტოპოგრაფიული რუკების, მიწათსარგებლობის გეგმებისა და სხვა წყაროებიდან (მათ შორის, საველე წესით) მიღებული ინფორმაციის ინტეგრაციის საფუძველზე;

მ) დეშიფრირება − აერო და სატელიტური სურათების საფუძველზე შექმნილ ორთოფოტოგეგმებზე დატანილი ობიექტების ამოცნობისა და  იდენტიფიცირების მეთოდი, რომელიც ეფუძნება ობიექტებისათვის დამახასიათებელი ელემენტების ვიზუალურ ინტერპრეტაციას და რომელსაც საფუძვლად უდევს „კორინიმიწის დაფარულობის ადაპტირებული კლასიფიკატორი;

ნ) „კორინის“ მიწის დაფარულობის კლასიფიკატორი − ევროპის კავშირის მიერ შემუშავებული სტანდარტული კლასიფიკატორი, რომელიც გამოიყენება გეოგრაფიულ არეალში მიწის საფარისა და მიწის გამოყენების ტიპების განსასაზღვრად და უნიკალური კლასიფიკაციის კოდის მისანიჭებლად (CORINE − Coordination of information on the environment);

ო) დიგიტალიზაცია − ციფრული ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რასტრული და ვექტორული მონაცემებიდან სივრცითი ობიექტების აციფრვა;

პ) ერთწლიანი კულტურებით დაკავებული მიწები − მიწის ფართობები, რომლებიც გამოიყენება/დაკავებულია ერთწლიანი კულტურების (ხორბალი, ქერი, სიმინდი, ლობიო, მზესუმზირა, კარტოფილი, ბოსტნეული, საქონლის საკვები კულტურები (იონჯა) და სხვა) მოსაყვანად, ასევე მიწის ფართობები, რომლებიც დაკავებულია სასათბურე შენობა-ნაგებობებით;

ჟ) მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწები − მიწის ფართობები, რომლებიც გამოიყენება/დაკავებულია თესლოვანი, კურკოვანი, სუბტროპიკული, ნახევრად სუბტროპიკული და კენკროვანი ხილის,  კაკლოვანის, ვენახების, პლანტაციებისა და სხვა გაკულტურებული ნარგაობით;

რ) მდელოები − მიწის ფართობები, რომლებიც გამოიყენება მეცხოველეობის საკვები ბაზის შესაქმნელად, ცხოველების ძოვებისათვის ან/და თივის დასამზადებლად და დაფარულია ბალახოვანი მცენარეებით, ბუჩქებით, მიმოფანტული ხეებით (მათ შორის, მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს დასახლებული პუნქტების საზღვრებში ან მათ განაპირას და არის ბალახით დაფარული, დაუმუშავებელი მიწები, რომლებზეც ბუნებრივად იზრდება ბალახოვანი მცენარეულობა, წიაღის მოპოვების შემდგომ მიტოვებული ადგილები,  ყოფილი საწარმოო ტერიტორიები (ასევე ნაგავსაყრელები), რომლებიც დაფარულია მცენარეული საფარით და სხვა);

ს) შერეული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები − ამ პუნქტის  „პ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, ყველა სხვა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც შეუძლებელია ერთწლიანი კულტურებით დაკავებული მიწების, მრავალწლოვანი კულტურებით დაკავებული მიწებისა და მდელოების ფართობების ერთმანეთისაგან გამოყოფა, გატყევებული ტერიტორიები და სხვა;

ტ) ურბანული ტერიტორიები − არასასოფლო-სამეურნეო გამოყენების ტერიტორიები, რომლებიც ძირითადად დაკავებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობებით, სოციალური, კომუნალური, საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო, სპორტული, რეკრეაციული და სხვა ინფრასტრუქტურის ობიექტებით;

უ) ინდუსტრიული და სატრანსპორტო ინფარსტრუქტურის ტერიტორიები − არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები, რომლებიც ძირითადად დაკავებულია სამრეწველო, საწარმოო, მომსახურების სფეროს ობიექტებით, სახმელეთო, საჰაერო და საწყლოსნო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, გზებითა და რკინიგზის ქსელით, ასევე ტერიტორიები, რომლებიც დაკავშირებულია სასარგებლო წიღისეულის მოპოვების ადგილებთან, ტერიტორიები, რომლებიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო და კომუნალური ნარჩენების ნაგავსაყრელად და სხვა;

ფ) ტყით, ბუჩქნარით და/ან სხვა მცენარეებით დაფარული ტერიტორიები − ტერიტორიები, რომლებიც დაკავებულია ფოთლოვანი ან/და წიწვოვანი ტყით, ერთგვაროვანი ან შერეული კორომებით, მინდვრებით, ალპური მთებით, რომლებიც მოიცავს მეჩხერ კლდოვან უბნებს ან სხვა (ნახევრად) ბუნებრივ მცენარეულ საფარს, გაფანტულ ბუჩქნარს და სხვა;

ქ) მყინვარებით, კლდე-ნაშალით, ზღვისა და მდინარის ნაპირებით, მეჩხერი მცენარეებით დაფარული მიწები − ზღვისა და მდინარის ნაპირები, ტერიტორიები მეჩხერი მცენარეულობით ან მცენარეული საფარის გარეშე, სადაც დომინირებს ქვიშა, ხრეში, რიყის ქვა, ზღვის სანაპიროს ბუნებრივი სივრცეები, მდინარის კალაპოტები, კლდეები, კლდენაშალი, შიშველი ქანები, მყინვარებითა და მუდმივი თოვლის საფარით დაფარული ტერიტორიები;

ღ) წყალჭარბი ტერიტორიები, ჭაობები − ტერიტორიები, რომლებიც დაფარულია უმეტესად წყლით, წყლის ბალახოვანი მცენარეულობით, ხავსით და სხვა ტერიტორიები, რომლებიც მუდმივად იტბორება გამდინარე ან გაუმდინარე წყლით;

ყ) მდინარეები და არხები − ტერიტორიები, რომლებიც დაკავებულია ბუნებრივი მდინარეებითა და ხელოვნურად შექმნილი წყლის ძირითადი/ მაგისტრალური არხებით;

შ) ტბები და წყალსაცავები − ტერიტორიები, ბუნებრივი ან ხელოვნური ტბებითა და წყალსატევებით, სადაც დამდგარი წყლის ზედაპირი შენარჩუნებულია წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, თევზსაშენი აუზები, წყლის ზედაპირები, რომლებიც გამოიყენება თევზის მოშენებისთვის;

ჩ)  წყლით (ზღვით) დაკავებული ტერიტორიები − შავი ზღვის აკვატორია, საზღვაო პორტის წყლით დაკავებულ სივრცე, მათ შორის, წყლის მისადგომები, შიდა ნავსაყუდელი ან აუზები, მისადგომი ნაგებობები.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხული მიწის რესურსების უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ არსებული ნაერთი ინფორმაცია აისახება მიწის ბალანსში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების შემადგენელი მიწის ნაკვეთებისა და მათი საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაცია – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კადასტრში.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. მიწის ბალანსის შედგენა

1. მიწის ბალანსში აისახება შემდეგი სახის ნაერთი ინფორმაცია:

ა) სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების შესახებ;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ბალანსში აისახება მიწათსარგებლობის ფაქტობრივი, დეშიფრირებული მონაცემებისა და მესაკუთრე სუბიექტის ტიპის (კერძო, მუნიციპალური, ავტონომიური, სახელმწიფო) მიხედვით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებია: ერთწლიანი კულტურებით დაკავებული მიწები; მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწები;   მდელოები; შერეული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო ტერიტორია, რომელიც არ განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, მათ შორის, ურბანული, ინდუსტრიული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორიები, ტყით, ბუჩქნარით და/ან სხვა მცენარეებით დაფარული, მყინვარებით, კლდე-ნაშალით, ზღვისა და მდინარის ნაპირებით, მეჩხერი მცენარეებით დაფარული მიწები, წყალჭარბი ტერიტორიებით, ჭაობებით, მდინარეებითა და არხებით, ტბებითა და წყალსაცავებით, წყლით (ზღვით) დაკავებული ტერიტორიები.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მონაცემები/ინფორმაცია შექმნილია  სააგენტოს მიერ, დეშიფრირებისა და დიგიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა უწყების მიერ წარმოებული სივრცითი მონაცემების ინტეგრაციის გზით.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაციის განახლება ხორციელდება პერიოდულად, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწების შესახებ ნაერთი ინფორმაცია მიწის ბალანსში აისახება როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, ჰექტარებში.

8. მიწის ბალანსის ფორმას, სააგენტოს წარდგენით, ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწის ბალანსის გამოქვეყნება ხდება ელექტრონული ფორმით  სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge, www.land.gov.ge), პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, ხოლო სავალდებულო წესით – სამ წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 31 დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე