კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 129/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016484
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
129/04
29/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
220020000.18.011.016484
კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/06/2020 - 08/07/2022)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №129-04

2020 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და  551 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების თანდართული წესი. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს კომერციული ბანკების და უცხოური ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) კრიტიკული ფუნქციებისა და დამხმარე კრიტიკული მომსახურებების (შემდგომში – კრიტიკული ფუნქციები) იდენტიფიცირებისა და შეფასების კრიტერიუმებს.

2. თუ ეს წესი არ აწესრიგებს კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრის ან/და შეფასების შესახებ გარკვეულ საკითხს, ბანკმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით, უნდა იხელმძღვანელოს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით, რომელიც მოიცავს ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB) და ევროპის საბანკო ორგანოს (EBA) მიერ დამკვიდრებულ შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებსა და მარეგულირებელ აქტებს.

3. თუ ამ წესით განსაზღვრული რომელიმე ცნების განმარტებასთან ან/და სხვა საკითხთან მიმართებით ვერ მოხდება ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის საერთო მოსაზრებაზე შეთანხმება, საკითხი გადაწყდება ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კრიტიკული ფუნქცია – ბანკის მიერ მესამე პირებისთვის მიწოდებული მომსახურება  ან ოპერაცია, რომლის გონივრულ ვადაში ჩანაცვლება შეუძლებელია ან დაკავშირებულია მნიშვნელოვან სირთულეებთან და რომლის შეფერხებით განხორციელება ან შეწყვეტა ზიანის მომტანი იქნება ფინანსური სტაბილურობისთვის, ეკონომიკის რეალური სექტორისთვის ან/და მომსახურების მიმღები ისეთი პირებისთვის, რომლებიც არ არიან ბანკთან დაკავშირებული პირები. ბანკის კრიტიკული ფუნქციები უნდა ეფუძნებოდეს ბანკის მიერ შესრულებულ რეგულარულ სამუშაოს  და ასახავდეს ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ბ) დამხმარე კრიტიკული მომსახურება – ბანკის მიერ მიღებული მომსახურება, მათ შორის აუთსორსინგული ურთიერთობის ფარგლებში მიღებული მომსახურება, რომლის შეფერხებით განხორციელება ან შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ან შეაჩერებს ბანკის კრიტიკული ფუნქციების შესრულებას. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების ფარგლებში მიღებულ მომსახურებას,  უსაფრთხოების სისტემას,  საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემებს, უძრავი ქონების შეფასების მომსახურებას;  

გ) თვითშეფასების დოკუმენტი  გაჯანსაღების გეგმის ელემენტის – სტრატეგიული ანალიზის – ფარგლებში ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც ბანკი ამ წესით დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების საფუძველზე განსაზღვრავს მის კრიტიკულ ფუნქციებს. თვითშეფასების დოკუმენტი ამ წესით განსაზღვრულ ელემენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს ამ წესის დანართ N1-ით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმას.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობები.


მუხლი 3. ბანკის მიერ კრიტიკული ფუნქციების იდენტიფიცირება
1.   ბანკი ვალდებულია თვითშეფასების დოკუმენტში სათანადო დასაბუთებით განსაზღვროს ბანკის კრიტიკული ფუნქციები. ბანკის კრიტიკული ფუნქციები განისაზღვრება ბანკის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტიკული ფუნქციის ჩანაცვლებადობის ანალიზისა (შემდგომში – ჩანაცვლებადობის ანალიზი) და მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტიკული ფუნქციის შეფერხების/შეწყვეტის გავლენის ანალიზის (შემდგომში – გავლენის ანალიზი) საფუძველზე და მინიმუმ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) საბანკო/საფინანსო სექტორში და ფინანსური პროდუქტების ბაზარზე ბანკის წილი;

ბ) ბანკის ზომა და მმართველობის სტრუქტურა;

გ) ბანკის რისკის პროფილი;

დ) ბანკის სოციალური ფუნქციები და ეკონომიკის რეალურ სექტორზე გავლენის მქონე ფუნქციები;

ე) ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა დამატებითი კრიტერიუმები, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.

2. ბანკი ვალდებულია კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისას მოახდინოს ბანკის დამხმარე კრიტიკული მომსახურებების იდენტიფიცირება და შეაფასოს მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება, რაც გულისხმობს თითოეული დამხმარე კრიტიკული მომსახურების შეფერხებით ან შეწყვეტით ბანკის კრიტიკული ფუნქცი(ებ)ისთვის საფრთხისა და ზიანის მოცულობის შეფასებას.

3. ბანკის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით კრიტიკული ფუნქციები, მათ შორის, შესაძლოა იყოს:

ა) დეპოზიტების მიღება – ბანკის მიერ საცალო და კორპორატიული მომხმარებლისგან  დეპოზიტების მიღება და სადეპოზიტო ანგარიშების ადმინისტრირება. დეპოზიტების მიღების ფუნქციის კრიტიკულობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბანკის დეპოზიტორების სახეები და რაოდენობა, დეპოზიტის ტიპები და ფუნქციის შეფერხების/შეწყვეტის მოსალოდნელი გავლენა ამავე ფუნქციის მქონე სხვა ბანკებზე, ასევე, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაზღვეული დეპოზიტების წილი ბანკის მთლიან დეპოზიტებში;

ბ) სესხების გაცემა  ბანკის მიერ საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის სამომხმარებლო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი ან/და სხვა ტიპის სესხების გაცემა და შესაბამისი ანგარიშების ადმინისტრირება. ბანკის მიერ სესხის გაცემის ფუნქციის კრიტიკულობის შეფასებისას, მინიმუმ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სასესხო პორტფელის ზომა, მათ შორის, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხების ბალანსი, მსესხებლების რაოდენობა და სახეები, გაცემული სესხების ვადიანობა და ლიკვიდურობა; 

გ) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება – ბანკის მიერ საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის საგადახდო მომსახურების გაწევა, ასევე, საკლირინგო და საანგარიშსწორებო მომსახურების გაწევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების კრიტიკულობის შეფასებისას, ბანკმა, მინიმუმ, მხედველობაში უნდა მიიღოს საგადახდო მომსახურების მომხმარებლებისა და პროვაიდერების რაოდენობა, ტრანზაქციების საერთო მოცულობა და მათი ტიპები, საკრედიტო და სადებეტო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა და საგადახდო  მომსახურების ბაზარზე ბანკის წილი. ასევე, საგადახდო მომსახურების სახეობები, ხოლო სახელფასო/სამუშაო ანაზღაურების საგადახდო ფუნქციის შემთხვევაში - მომხმარებლების რაოდენობა და ტრანზაქციების მოცულობა;

დ) ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქმიანობა – ბანკის მიერ ფინანსური შუამავლის ფუნქციის შესრულება, საბროკერო საქმიანობა ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ბანკებისთვის ნებადართული საქმიანობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტიკული ფუნქციების გარდა, ბანკმა მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მათ შორის, მის საქმიანობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოციალური ფუნქცი(ებ)ის ან სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, კრიტიკულ ფუნქციებად შესაძლოა მიიჩნიოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული სხვა საქმიანობებიც. 


მუხლი 4. ჩანაცვლებადობის ანალიზი
1. თვითშეფასების დოკუმენტის შემუშავებისა და კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრის ფარგლებში, ბანკი ვალდებულია, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტული შეფასებით შეაფასოს თითოეული შესაფასებელი ფუნქციის ჩანაცვლებადობის საკითხი, მინიმუმ, შემდეგი ელემენტების გათვალისწინებით:

ა) შესაფასებელი ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნები, ინფრასტრუქტურული საჭიროებები, ბანკის წილი საბანკო/საფინანსო სექტორში და კონცენტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელემენტების გათვალისწინებით;

ბ) შესაფასებელი ფუნქციის ჩანაცვლების რესურსის მქონე მომსახურების სხვა მომწოდებლების რაოდენობა და მათი დასახელებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საბანკო/საფინანსო სექტორის კონცენტრაცია ფასდება შემდეგი ელემენტებით:

ა) საბანკო/საფინანსო სექტორის კონცენტრაციის დონე და არსებული კონცენტრაციის ტენდენციები;

ბ) მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, კრიტიკული ფუნქციების  მიმწოდებელთა რაოდენობა და მათი წილების მოცულობა საბანკო/საფინანსო სექტორში;

გ) ზომის, მმართველობის სტრუქტურის, ფინანსური, ტექნიკური და სხვა ელემენტების გათვალისწინებით, შესაფასებელი ბანკის ფინანსური სირთულეების სხვა ბანკებზე გადადების რისკები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  მიზნებისათვის, ფუნქციის ჩანაცვლებადობის საკითხის შეფასებისას ბანკმა უნდა შეაფასოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს, მინიმუმ, შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბანკის ხელთ არსებული ინფორმაცია მომსახურების სხვა მიმწოდებლ(ებ)ის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებსაც მატერიალური თუ ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, შესაბამისი პირობების დადგომის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, შეასრულონ შესაფასებელი ფუნქცია, ასევე, ფუნქციის სხვა მიმწოდებლ(ებ)ის მიერ შესრულების შემთხვევაში აღნიშნულის პოტენციური გავლენა საბანკო/საფინანსო სექტორის კონცენტრაციაზე;

ბ) ინფორმაცია, აღნიშნული კრიტიკული ფუნქციის შესრულებით დაინტერესებული ბანკების/მომსახურების სხვა მიმწოდებლ(ებ)ის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, სხვა ბანკის/მომსახურების სხვა მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ფუნქციის შესრულების პოტენციური ეკონომიკური და ფინანსური მომგებიანობა;

გ) ინფორმაცია შესაფასებელი ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ინფრასტრუქტურის თაობაზე, რაც მოიცავს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს, მათ შორის, ფილიალებისა და ბანკომატების რაოდენობას, სხვა ბანკის ბანკომატებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე დადებულ გარიგებებსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი მოქმედების ფარგლებს, საჭირო ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას;

დ) ინფორმაცია შესაფასებელი ფუნქციის შესრულებისთვის საჭირო სხვა დამატებითი მოთხოვნების, მათ შორის, ლიცენზირების ან/და სხვა სპეციალური პირობების დაკმაყოფილების თაობაზე;

ე) ინფორმაცია საბანკო/საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და შესაფასებელი ფუნქციის სხვა ბანკისთვის/მომსახურების სხვა მიმწოდებლისათვის გადაცემისას საბანკო/საფინანსო სექტორზე პოტენციური ნეგატიური გავლენების შესახებ;

ვ) ინფორმაცია შესაფასებელი ფუნქციის შესასრულებლად სხვა შესაბამისი ბანკის/მომსახურების სხვა მიმწოდებლის მოსაძიებლად საჭირო დროისა და ფუნქციის ჩანაცვლების დაყოვნების შესაძლებელი მაქსიმალური ვადის თაობაზე;

ზ) ინფორმაცია სხვა შესაბამისი ბანკის/მომსახურების სხვა შესაბამისი მიმწოდებლის მოძიებასა და საჭირო ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული დროისა და აუცილებელი რესურსების შესახებ;

თ) ინფორმაცია შესაფასებელი ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსების გადამზადების ან/და გაზრდის საჭიროების თაობაზე;

ი) ინფორმაცია იმ პრობლემათა ერთობლიობის შესახებ, მათ შორის, სხვა ბანკების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება, რაც შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს შესაფასებელი ბანკის კრიტიკული ფუნქციის შეფერხებას/შეუსრულებლობას.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ელემენტების შეფასების შედეგად ბანკმა თითოეულ შესაფასებელ ფუნქციას უნდა განუსაზღვროს ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) არაჩანაცვლებადი – საბანკო/საფინანსო სექტორში არ არის სხვა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გონივრულ ვადაში სრულყოფილად ჩაანაცვლოს ბანკი შესაფასებელი ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით;

ბ) ჩანაცვლება მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული – შესაფასებელი ფუნქციის ჩანაცვლება შესაძლებელია, თუმცა, მოითხოვს პროცესის მონაწილე პირებისგან დამატებითი რესურსის გაწევასა და შესაბამისი ზომების მიღებას;

გ) მარტივად ჩანაცვლებადი – შესაფასებელი ფუნქციის ჩანაცვლება შესაძლებელია მარტივად, პროცესში ჩართული პირებისგან დამატებითი რესურსის გაწევის ან  შესაბამისი ზომების მიღების გარეშე.


მუხლი 5. გავლენის ანალიზი
1. თვითშეფასების დოკუმენტის შემუშავებისა და კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრის ფარგლებში, ბანკი ვალდებულია, შეაფასოს თითოეული შესაფასებელი ფუნქციის მოულოდნელი შეფერხების ან შეწყვეტის გავლენა მომსახურების მიმღებ მესამე პირებზე, საბანკო/საფინანსო სექტორსა და ეკონომიკის რეალურ სექტორზე, მინიმუმ, შემდეგი ელემენტების გათვალისწინებით:

ა) შესაფასებელი ფუნქციისა და მასთან დაკავშირებული საბანკო პროდუქტის/მომსახურების ტიპები (მათ შორის, ბანკთაშორისი ტრანზაქციები და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებები), მოცულობა და მასშტაბურობა, რაც მოიცავს მომხმარებლების რაოდენობასა და სახეებს (მათ შორის, კორპორატიული, საცალო)და მომსახურების მიწოდების გზებს, მათ შორის, დისტანციური, ფილიალის მეშვეობით;

ბ) ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ განხორციელებული ფუნქციის მასშტაბურობა და მნიშვნელობა ფინანსური და ეკონომიკის რეალური სექტორის სტაბილური ფუნქციონირებისთვის;

გ) შესაფასებელი ფუნქციის მოულოდნელი შეწყვეტით გამოწვეული პოტენციური ზიანი საბანკო/საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სისტემურ ინფრასტრუქტურაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომსახურების მიმწოდებლებზე გადადების რისკები და ნეგატიური ეფექტების მატერიალურობა;

დ) შესაფასებელი ფუნქციის მოულოდნელი შეწყვეტით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა ბანკის პროდუქტების/მომსახურების რეგულარულად მიმღებ პირებზე, მათ შორის, საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებსა და მსგავსი ფუნქციის მქონე ბანკის მომხმარებლებზე მოსალოდნელი ზიანის გადადების რისკები;

ე) შესაფასებელი ფუნქციის მოულოდნელი შეწყვეტით გამოწვეული სავარაუდო ზიანი საქმიან ურთიერთობებში მონაწილე მესამე პირებზე, სახელმწიფო სერვისების გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, გადასახადების, მოსაკრებლების გადახდისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირების, ჯარიმების, ბაჟისა და სხვა სახის გადახდების შეფერხების რისკები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელემენტების შეფასების შედეგად ბანკმა თითოეულ შესაფასებელ ფუნქციას უნდა განუსაზღვროს  ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) არსებითად უარყოფითი გავლენის მქონე – შესაფასებელი ფუნქციის შეფერხებას ან შეწყვეტას არსებითი უარყოფითი გავლენა ექნება საბანკო/საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე, ეკონომიკის რეალურ სექტორსა და მომსახურების მიმღებ მესამე პირებზე;

) საშუალოდ უარყოფითი გავლენის მქონე – შესაფასებელი ფუნქციის შეფერხებას ან შეწყვეტას საშუალოდ უარყოფითი გავლენა ექნება საბანკო/საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე, ეკონომიკის რეალურ სექტორსა და მომსახურების მიმღებ მესამე პირებზე;

გ)  უმნიშვნელო უარყოფითი გავლენის მქონე – შესაფასებელი ფუნქციის შეფერხებას ან შეწყვეტას უმნიშვნელო უარყოფითი გავლენა ექნება საბანკო/საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე, ეკონომიკის რეალურ სექტორსა და მომსახურების მიმღებ მესამე პირებზე.


მუხლი 6. ბანკის მიერ შესაფასებელი ფუნქციების კრიტიკულობის განსაზღვრა
1. თვითშეფასების დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქციების კრიტიკულობის საკითხის შეფასებისას ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს თავისი ინდივიდუალური მახასიათებლების, ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე გახორციელებული ჩანაცვლებადობისა და გავლენის ანალიზის შესაბამისად თითოეული განსახილველი ფუნქციისთვის განსაზღვრული სტატუსების შეჯერების შედეგად ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ცხრილის მიხედვით.

2. საჭიროების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრის პროცესში ასევე ჩართოს ბანკის აქციონერები, ინვესტორები, თანამშრომლები, შიდა მმართველობის სხვადასხვა ორგანო და, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, სხვა შესაბამისი პირები.

 


მუხლი 7. ეროვნული ბანკის მიერ ბანკის მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების დოკუმენტის განხილვა
1. ბანკი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს გაჯანსაღების გეგმის ფარგლებში წარუდგინოს ამ წესით შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული თვითშეფასების დოკუმენტი ყოველი წლის არაუგვიანეს 31 მაისისა.

2. ეროვნული ბანკი განიხილავს ბანკის მიერ წარმოდგენილ თვითშეფასების დოკუმენტს:

ა) ყოველწლიურად, ბანკის მიერ წარმოდგენილი გაჯანსაღების გეგმის ფარგლებში;

ბ) ბანკის გაჯანსაღების გეგმის ამოქმედების ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეზოლუციის რეჟიმის შემოღების საფუძვლის დადგომისას. ასეთ შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში განმეორებით შეაფასოს კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალი, მათი შეცვლილ გარემოებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ბანკმა უნდა დააკორექტიროს მის მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების დოკუმენტი ბანკის მმართველობითი სტრატეგიის, ფინანსური პოლიტიკის ან/და ბანკისგან დამოუკიდებელი სხვა ისეთი ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებსაც შესაძლოა, არსებითი გავლენა ჰქონდეს ბანკის გამართულ ფუნქციონირებაზე.

3. ეროვნული ბანკი წარმოდგენილ თვითშეფასების დოკუმენტს ბანკის მიერ თვითშეფასების დოკუმენტის წარმოდგენიდან 6 თვის ვადაში განიხილავს, ამ წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ელემენტების მიხედვით, მათ შორის, ბანკის სისტემურობის, რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბებისა და მფლობელობის სტრუქტურის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტისგან განსხვავებულად, დაჩქარებულ ვადაში განმეორებით განიხილოს ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტიკული ფუნქციები მისი/მათი შეფერხებით განხორციელების ან მოულოდნელი შეწყვეტით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

5. ბანკის მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების დოკუმენტის განხილვის პროცესში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია  ბანკისგან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია, გაესაუბროს ბანკის მმართველობითი ორგანოს ნებისმიერ წევრს, ასევე ბანკის სხვა თანამშრომლებს და განახორციელოს საზედამხედველო უფლებამოსილებები, მათ შორის, ადგილზე შეამოწმოს ბანკი.

6. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განხილვის შედეგად ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ ბანკის მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების დოკუმენტი შეესაბამება ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაეთანხმება თვითშეფასების დოკუმენტს.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განხილვის შედეგად ეროვნული ბანკი არ დაეთანხმება ბანკის მიერ წარმოდგენილ თვითშეფასების დოკუმენტს, დასაბუთებული შენიშვნებით უგზავნის უკან და განუსაზღვრავს  ვადას, არაუმეტეს ორი თვისა, ხარვეზების გამოსასწორებლად და თვითშეფასების დოკუმენტის განახლებული ვერსიის წარმოსადგენად. ბანკის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არაუმეტეს ერთი თვისა, გაახანგრძლივოს მის მიერ განსაზღვრული ვადა, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობას ან/და ფინანსურ სტაბილურობას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ბანკს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვოს, რომელიც აუცილებელია კრიტიკული ფუნქციების იდენტიფიცირების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვისა და ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი თვითშეფასების დოკუმენტის წარმოსადგენად.

9. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების დოკუმენტი არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს და ბანკმა,  ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, არ წარმოადგინა განახლებული თვითშეფასების დოკუმენტი, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს ბანკის კრიტიკული ფუნქციები, თუ არსებობს აღნიშნული კრიტიკული ფუნქციების შეფერხებით განხორციელების ან მოულოდნელი შეწყვეტის შედეგად ზიანის რეალური საფრთხე.

10. ამ წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია – ფულადი ჯარიმა.


მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის ამოქმედებისთანავე, „სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის N174/04 ბრძანებით განსაზღვრული სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, 2021 წლის პირველ იანვრამდე, ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ წესით შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული თვითშეფასების დოკუმენტი.

2. ის ბანკები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა, ვალდებულნი არიან, ეროვნული ბანკს წარუდგინონ ამ წესით შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრული თვითშეფასების დოკუმენტი 2021 წლის 30 ივნისამდე.