О базе данных ДНК

О базе данных ДНК
Номер документа 336-IIმს-XIმპ
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 04/03/2025
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 06/03/2025
Регистрационный код 090120100.05.001.102528
336-IIმს-XIმპ
04/03/2025
Вебсайт, 06/03/2025
090120100.05.001.102528
О базе данных ДНК
Парламент Грузии
 

საქართველოს კანონი

 

 

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს.

2. ამ კანონის მიზანია გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბიოლოგიური ნიმუში − ადამიანის (ფიზიკური პირის) ან გვამის ქსოვილის ან ორგანოს ნაწილი ან/და ორგანიზმის გამონაყოფი/სითხე, რომლის უჯრედები შეიცავს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ);

ბ) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება − საექსპერტო ტექნოლოგიით ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა;

გ) გენეტიკური პროფილი − დნმ-ის გენეტიკური ანალიზის შედეგად მიღებული და კომპიუტერულად დამუშავებული უნიკალური, მუდმივი მონაცემი, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა;

დ) დნმ-ის მონაცემთა ბაზა − მონაცემთა ბაზა, რომელიც იქმნება ბიუროში და რომელშიც ინახება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილი;

ე) ბიურო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

ვ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 3. ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირები

1. სავალდებულოა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.

2. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გენეტიკური პროფილის გარდა, რეგისტრირდება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ადამიანისგან (ფიზიკური პირისგან), გვამისგან, სხვა მატერიალური საგნიდან ან შემთხვევის ადგილიდან აღებული ბიოლოგიური ნიმუშიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილი.

3. დასაშვებია ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია მისივე თანხმობით. ამ პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას და მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრას უზრუნველყოფს სამინისტრო ან ბიურო. აღნიშნული პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადა და მისი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან წაშლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 4. ბიოლოგიური ნიმუშის აღება

1. ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება აქვს:

ა) ბიუროს უფლებამოსილ თანამშრომელს;

ბ) სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელს;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) უფლებამოსილ თანამშრომელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი არის ბიუროში/სამინისტროში დასაქმებული ექსპერტი, აგრეთვე ბიუროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გადამზადებული პირი, რომელიც დასაქმებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უწყებაში.

3. გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური ბიოლოგიურ ნიმუშს აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს ან ბიუროს.

4. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და აღსრულების ეროვნული ბიურო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მსჯავრდებულის სამინისტროში ან ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას.

5. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას საგამოძიებო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონით დადგენილი წესით ბრალდებულის გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სამინისტროში ან ბიუროში გამოცხადების შესახებ ინფორმაციის ბრალდებულისთვის მიწოდებას.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების ან პირის მიერ მის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

ა) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი);

ბ) ბიოლოგიური ნიმუშის აღების თარიღი;

გ) ბიოლოგიური ნიმუშის ამღები უფლებამოსილი თანამშრომლის  სახელი, გვარი და თანამდებობა;

დ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ე) ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ განცხადებული თანხმობა/უარი ბიოლოგიური ნიმუშის აღებაზე;

ვ) ოქმის შესადგენად აუცილებელი სხვა რეკვიზიტები.

მუხლი 5. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღება

1. თუ აღებული ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ან/და თუ ბიოლოგიური ნიმუშიდან გენეტიკური პროფილის განსაზღვრა შეუძლებელია, ბიოლოგიური ნიმუში ამ კანონით დადგენილი წესით განმეორებით აიღება.

2. თუ პირის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, მისგან ბიოლოგიური ნიმუში განმეორებით არ აიღება.

მუხლი 6. დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების ძირითადი წესები

1. გენეტიკური პროფილის განსაზღვრასა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ბიურო და სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.

2. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახული გენეტიკური პროფილის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში შეიტანება. ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღების თავიდან აცილების მიზნით ეს საინფორმაციო ბაზა ხელმისაწვდომია საგამოძიებო ორგანოების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.

3. გენეტიკური პროფილი სხვა ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე, თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

4. დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის მიზნით დასაშვებია სხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყების მიერ დამუშავებული გენეტიკური პროფილის გამოთხოვა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

5. ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესი მტკიცდება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 7. ბიოლოგიური ნიმუშის განადგურებისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და წაშლის წესები

1. ბიოლოგიური ნიმუში ნადგურდება გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიოლოგიური ნიმუში აღებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებაა. ამ მტკიცებულების შენახვის/განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

2. გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით:

ა) მსჯავრდებულისა:

ა.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით;

ა.ბ) მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 50 წლით;

ა.გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით;

ა.დ) დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში − 75 წლით;

ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა:

ბ.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით;

ბ.ბ) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 10 წლით;

ბ.გ) განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით.

3. ბრალდებულის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდება და მისი მსჯავრდების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადით ინახება.

4. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ხოლო იმავე მუხლით განსაზღვრული სხვა საფუძვლით გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში გენეტიკური პროფილი ინახება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კატეგორიას.

5. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება იმავე პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე.

6. პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი ინახება ამ პირის გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაში, თუ გენეტიკური პროფილის შენახვისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვადა გასული არ არის.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. ბიუროს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე.

2. ბიურომ 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით 2025 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის (მათ შორის, გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შენახვის ვადის ათვლის) წესის დამტკიცება, აგრეთვე ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების განსაზღვრა. სამინისტრო აღნიშნულ წესს საქართველოს მთავრობას ბიუროსთან შეთანხმებით წარუდგენს.

4. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივნისისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გენეტიკური პროფილების განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მათი სამინისტროსთვის ან ბიუროსთვის გადაცემა.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ან პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის, აგრეთვე მისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულება 2025 წლის 1 ივნისამდე დაიწყო.

მუხლი 9. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-7 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 მარტი 2025 წ.

N336-IIმს-XIმპ