Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
Консолидированная версия (Окончательный вариант)
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
1. ეს კოდექსი განსაზღვრავს:
ა) სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მის ადგილსა და როლს, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება- მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;
ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს.
2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებით მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე.
3. სახელმწიფო ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას და, მისი სტრატეგიული და სოციალური როლიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამ დარგის ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მუხლი 2. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ადგილობრივი სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში;
ბ) „არასაერთო სარგებლობის ადგილები“ – დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ არის რკინიგზის მფლობელობაში ან მის მიერ იჯარით გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის;
გ) „ბარგი“ – მგზავრის ქონება, რომელიც გადაიზიდება საბარგო ვაგონით;
დ) „ბილეთი“ − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას;
ე) „გადამეტტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით ჩატვირთული ტვირთი;
ვ) „გადამზიდველი“ – პირი, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას მის მფლობელობაში არსებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით;
ზ) „გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტები“ – ბილეთი, ბარგის ქვითარი, ტვირთ-ბარგის ზედნადები, საგზაო უწყისი, სავაგონო ფურცელი და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას;
თ) „გასხვისების ზოლი“ – რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწის ვაკისი, რომელზედაც განლაგებულია ხელოვნური და სახაზო-სალიანდაგო ნაგებობები, რკინიგზის ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები, დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები;
ი) „დამატებითი საფასური“ – გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში;
კ) „დამცავი ზონა“ – რკინიგზის ნაგებობების, მოწყობილობებისა და სხვა ობიექტების დაცვის, მიწის ვაკისის სიმკვრივისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭირო მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მისი მომიჯნავე მცოცავი მიწა;
ლ) „ექსპედიტორი“ – პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
მ) „ვაგონი“ – ღია ან დახურული, ლითონისბორბლებიანი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით და განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად;
ნ) „ვაგონის სახეობა“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი უნივერსალური ან სპეციალური ვაგონი;
ო) „ზედნადები“ – გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ;
პ) „კონტეინერი“ – მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობა, რომლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს გადასაზიდი ტვირთის დაცვას ერთი ან სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებაში და აღჭურვილია სამარჯვებით დატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის დასაჩქარებლად;
ჟ) „კონტრაჰენტი“ – ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში აქვს თავისი სასაქონლო საწყობები, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილები და მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები;
რ) „ლიანდი“ – რელსებს შორის დადგენილი მანძილი;
ს) „ლოკომოტივი“ – მოძრავ შემადგენლობას მიკუთვნებული ძალური გამწევი საშუალება, რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლის ან ვაგონის გადაადგილების უზრუნველსაყოფად;
ტ) „მატარებელი“ – ვაგონების შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი ლოკომოტივით ან ძრავიანი ვაგონით, აგრეთვე დადგენილი სიგნალებით აღჭურვილი უვაგონო ლოკომოტივები, ძრავიანი ვაგონები, ავტომოტრისები და არასაღები ტიპის დრეზინები, რომლებიც იგზავნება გადასარბენებზე;
[ ტ) მატარებელი − სათანადო სიგნალებით აღჭურვილი ვაგონებისგან ან/და სხვა ნებისმიერი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებისგან ფორმირებული შემადგენლობა ერთი ან რამდენიმე მოქმედი გამწევი საშუალებით, აგრეთვე თვითმავალი სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადასარბენზე იგზავნება; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
უ) „მგზავრი“ – პირი, რომელიც მგზავრობს მატარებლით და აქვს ბილეთი;
ფ) „მულტიმოდალური (კომბინირებული) გადაზიდვა“ – გადაზიდვები, რომლებიც ხორციელდება ერთი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, არანაკლებ ორი სახეობის სატრანსპორტო საშუალებითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით (გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ);
ქ) „მისასვლელი ლიანდაგი“ – ლიანდაგი, რომელიც განკუთვნილია ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის და მიერთებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელთან;
ღ) „პალეტი“ – სატრანსპორტო პაკეტი ან ქვეშზე მოთავსებული, ცელოფნით შეფუთული ტვირთი;
ყ) „პლაცკარტი“ – სამგზავრო ვაგონის კატეგორიისა და კლასის შესაბამისი საწოლი ადგილი;
შ) „რკინიგზა“ – მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად საჭირო ყველა ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი, კომპლექსური საწარმო, რომლის მომსახურებას უზრუნველყოფენ ამ საშუალებების ექსპლუატაციისა და გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების განმახორციელებელი სპეციალისტები და რომლის საქმიანობა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით;
ჩ) „რკინიგზის ვაგზალი“ – ერთ რკინიგზის სადგურზე განლაგებულ ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს, პავილიონებს, მგზავრთა ჩასასხდომ – ფარდულიან ან უფარდულო პლატფორმებს, ერთ ან სხვადასხვა დონეზე მდებარე გადასასვლელებს, მცირე არქიტექტურულ ფორმებსა და ვიზუალურ კომუნიკაციებს;
ც) „რკინიგზის სადგური“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ორგანიზებისათვის;
ძ) „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა“ – ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასურის დაწესებისა და რეგულირების წესს;
წ) „რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები“ – რკინიგზის სადგური, მგზავრთა მომსახურების სამსახური, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოები, სავაგონო უბანი, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა მექანიზებული, სალიანდაგო, ელექტრომომარაგების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის შენობა-ნაგებობათა დისტანციები, აგრეთვე გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზებისა და უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი სხვა სტრუქტურული ერთეულები;
ჭ) „რკინიგზის ტერიტორიული სამმართველო“ – რკინიგზის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას იმ რეგიონში, რომელსაც იგი ემსახურება;
ხ) საერთაშორისო გადაზიდვა – ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთის გადაზიდვა/გაგზავნა დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებზე, ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე ქვეყნის ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ჯ) „საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა)“ – მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა საქართველოსა და უცხო სახელმწიფოებს შორის;
ჰ) „საერთო სარგებლობის ადგილები“ - დახურული და ღია საწყობები, აგრეთვე რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალურად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც რკინიგზის მფლობელობაშია და გამოიყენება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დატვირთვის, გადმოტვირთვის, დახარისხებისა და შენახვისათვის;
ჰ1) „საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგი“ – სარკინიგზო ხაზი, რომელზედაც განლაგებულია რკინიგზის სადგურები და რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ პირს;
ჰ2) „სამარშრუტო გადაზიდვა“ – ერთი ზედნადებით გადაზიდვა ტვირთისა, რომლის მასა შეესაბამება მარშრუტის წონით ნორმას;
ჰ3) „სარკინიგზო ლიანდაგი“ – წყვილი ლიანდაგი, რომელზედაც მოძრაობს მატარებელი;
ჰ4) „სარკინიგზო ტრანსპორტი“ – ტრანსპორტის დარგი;
ჰ5) „სარკინიგზო ქსელი“ – მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი მასთან მიერთებული ლიანდაგებით, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგებით;
ჰ6) „სარკინიგზო შემადგენლობა“ – გადაბმული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები ლოკომოტივის, მისი მომსახურე სამატარებლო ბრიგადებისა და სამატარებლო სიგნალების გარეშე;
[ ჰ 6 ) მოძრავი შემადგენლობა − სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა − ლოკომოტივები, სატვირთო ვაგონები, სამგზავრო ვაგონები, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა და გადაზიდვების განხორციელებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი სხვა სპეციალური თვითმავალი და არათვითმავალი სარკინიგზო სვლის ერთეულები; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ჰ7 ) სასაზღვრო რკინიგზის სადგური – საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგური, სადაც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და სხვა გადასაზიდი ქონების მიმართ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი და საბაჟო კონტროლი;
ჰ8 ) სასაზღვრო საკონტროლო პოსტი – სასაზღვრო რკინიგზის სადგურზე გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხორციელდება საზღვარზე გატარებასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები;
ჰ9) „სატვირთო ვაგონი“ – ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონი;
ჰ10) „საფრთხეშემცველი ტვირთი“ – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთიერებები, ნაკეთობები, მასალები, საწარმოო და სხვა საქმიანობის ნარჩენები, რომლებიც მათი თვისებების გამო, გარკვეული ფაქტორების არსებობისას, გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის პროცესში შეიძლება გახდეს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების, გადასაზიდი ტვირთის, მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების აფეთქების, დაწვის ან სხვაგვარი დაზიანების, აგრეთვე ადამიანების, ცხოველთა და ფრინველთა სიკვდილის, ტრავმირების, მოწამვლის, დასხივების, დამწვრობის, დაავადების ან გარემოს დაზიანება-დაბინძურების მიზეზი;
[ ჰ 10 ) სახიფათო ტვირთი − საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა, „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) ან/და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართის შესაბამისად, აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ჰ11) „ტვირთ-ბარგი“ – ქონება, რომელიც გადაიზიდება სამგზავრო ან საფოსტო-საბარგო მატარებლით;
ჰ12) „ტვირთგამგზავნი“ – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ხელშეკრულება, ან რომლის მიერ ან რომლის სახელით ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი და ფოსტა ბარდება რკინიგზას, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად;
ჰ13) „ტვირთი“ – ქონება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველები, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები ან ანალოგიური საგნები, გადასაზიდი ან შესაფუთი მოწყობილობები, რომლებიც ტვირთმფლობელის მიერ მიწოდებულია გადასაზიდად;
ჰ14) „ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გამოცხადებული ფასეულობა“ – ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ტვირთგამგზავნის ან მგზავრის მიერ გამოცხადებული ფასი, რომელიც აღინიშნება ზედნადებში და გამოხატავს ტვირთგამგზავნის ან მგზავრის განსაკუთრებულ დაინტერესებას მოცემული გადაზიდვით;
ჰ15) „ტვირთმიმღები“ – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი;
ჰ16) „უკმარტვირთი“ – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში დადგენილ ნორმაზე ნაკლები ოდენობით ჩატვირთული ტვირთი;
ჰ17) „ხელბარგი“ – მგზავრის კუთვნილი, ხელით გადასაზიდი ქონება, რომელიც შეიძლება თავისუფლად განთავსდეს სამგზავრო ვაგონში გამოყოფილ სათავსოებში;
ჰ18) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება − სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურება, რომელიც საზოგადოებას რეგულარულად, დისკრიმინაციის გარეშე მიეწოდება და რომლის გაწევის საჯარო ეკონომიკური ინტერესიც არსებობს;
ჰ19) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო;
ჰ20) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორი (სარკინიგზო ოპერატორი) − ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებას საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ეწევა;
ჰ21) საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება − მოთხოვნა, რომელსაც განსაზღვრავს კომპეტენტური ორგანო, რათა საჯარო ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, რომლის გაწევის კომერციული ინტერესი საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს არ აქვს და რომელსაც სარკინიგზო ოპერატორი კომერციული სარგებლის მიღების გარეშე საერთოდ არ გასწევდა ან იმავე ოდენობით ან/და პირობებით არ გასწევდა;
ჰ22) ექსკლუზიური უფლება − საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისგან განსხვავებით, ექსკლუზიურად, გარკვეულ მიმართულებაზე, განსაზღვრულ სარკინიგზო ქსელზე ან ტერიტორიაზე გასწიოს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება;
ჰ23) საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია (კომპენსაცია) − საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა, რომელიც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში კომპეტენტურმა ორგანომ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს უნდა გადაუხადოს;
ჰ24) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება − კომპეტენტურ ორგანოსა და საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც სარკინიგზო ოპერატორს აკისრებს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულებას, რის სანაცვლოდაც სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია კომპეტენტური ორგანოსგან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია მიიღოს;
ჰ25) პირდაპირი მინიჭება − საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების უფლების პირდაპირი წესით, კონკურენტული შერჩევის პროცედურის ან სატენდერო პროცედურის გარეშე მინიჭება.
ჰ26) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;
[ ჰ 27 ) მატარებლის მემანქანე (შემდგომ − მემანქანე) − პირი, რომელსაც აქვს მემანქანის მართვის მოწმობა და მემანქანის სერტიფიკატი და შეუძლია დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და შესაბამისი პასუხისმგებლობით მართოს მატარებელი, მათ შორის, ლოკომოტივი, სამანევრო ლოკომოტივი, ძრავავაგონიანი მოძრავი შემადგენლობა, სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობა, სამეურნეო მატარებელი, მოვლა-შენახვისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მანქანა-მოწყობილობა და მატარებელი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად/ტვირთის გადასაზიდად;
ჰ 28 ) რკინიგზის სისტემა − სისტემა, რომელიც მოიცავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მოძრავ შემადგენლობას, რომელიც ამ ინფრასტრუქტურაზე გადაადგილდება;
ჰ 29 ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;
ჰ 30 ) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი − იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;
ჰ 31 ) მემანქანის სერტიფიკატი − სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურის მონაკვეთი) და მოძრავი შემადგენლობა, რომლებზედაც ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს მემანქანის მართვის უფლება;
ჰ 32 ) სასწავლო ცენტრი − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მემანქანეთა პროფესიულ სწავლებას სააგენტოს მიერ მინიჭებული შესაბამისი სტატუსის საფუძველზე;
ჰ 33 ) მემანქანის მართვის მოწმობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამისი პირი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს;
ჰ 34 ) განმცხადებელი − დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიიღოს მემანქანის მართვის მოწმობა ან მემანქანის სერტიფიკატი;
ჰ 35 ) სარკინიგზო შემთხვევა − არასასურველი, წინასწარ გაუცნობიერებელი და მოულოდნელი მოვლენა ან ასეთ მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც ზიანს იწვევს. სარკინიგზო შემთხვევა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: მატარებლების შეჯახება, მატარებლის რელსიდან აცდენა, სარკინიგზო გადასასვლელზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევა, სარკინიგზო შემთხვევა, რომელიც მოძრავი შემადგენლობის გადაადგილებისას შეემთხვა ადამიანს ხანძრის ან სხვა ფაქტორის გამო და რომლის შედეგადაც მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა, თუ ეს არ არის სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა;
ჰ 36 ) სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა – მატარებლების შეჯახება ან მატარებლის რელსიდან აცდენა, რის შედეგადაც დაიღუპა თუნდაც ერთი ადამიანი ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ხუთმა ან ხუთზე მეტმა ადამიანმა, მატარებლების შეჯახება ან მატარებლის რელსიდან აცდენა, რის შედეგადაც მოძრავ შემადგენლობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ან გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, აგრეთვე სხვა, მსგავსი შემთხვევა, რომელიც აშკარა გავლენას ახდენს სარკინიგზო უსაფრთხოების რეგულირებაზე ან უსაფრთხოების მართვაზე;
ჰ 37 ) ინციდენტი − შემთხვევა, რომელიც არ კვალიფიცირდება სარკინიგზო შემთხვევად ან სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევად, მაგრამ გავლენას ახდენს სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოებაზე;
ჰ 38 ) უსაფრთხოების სერტიფიკატი − სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სარკინიგზო საწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას და განზრახულ სამოქმედო არეალში მისი უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობას;
ჰ 39 ) უსაფრთხოების ავტორიზაცია − სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული ავტორიზაცია, რომელიც მოწმობს ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას, რაც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაპროექტებისთვის, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სიგნალიზაციის, მართვისა და კონტროლის სისტემების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისთვის) საჭირო პროცედურებსა და წესებს;
ჰ 40 ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურა − ამ კოდექსის დანართში ჩამოთვლილი, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი კომპონენტები/დეტალები. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ
1. სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირება წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სამხედრო სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება და განხორციელება წესრიგდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4. რკინიგზის მფლობელობაში არსებული ქონება
რკინიგზის მფლობელობაში არსებულ ქონებას განეკუთვნება მოძრავი შემადგენლობები, სალიანდაგო და ენერგეტიკული მეურნეობები, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის მოწყობილობები, დამტვირთავ-გადმომტვირთავი მექანიზმები, შენობა-ნაგებობები და სხვა ქონება, რომელიც ასახულია რკინიგზის ბალანსზე.
მუხლი 5. რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწა
1. რკინიგზის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარკინიგზო ლიანდაგებისა და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით.
2. გასხვისების ზოლი განისაზღვრება დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, ისე, რომ საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს იყოს არანაკლებ 20-20 მეტრისა. დადგენილი ნორმებისა და საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად, რკინიგზა უფლებამოსილია განსაზღვროს გასხვისების ზოლი საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს 20-20 მეტრზე ნაკლები მანძილით.
3. დამცავი ზონის დადგენის წესი და მისით სარგებლობის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონი №5000 - სსმI, №26 11.07.2007წ., მუხ.234
მუხლი 6. სარკინიგზო ტრანსპორტის მართვა
1. სარკინიგზო ტრანსპორტის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია 01.07.2005, №1872).
3. რკინიგზის ყოველწლიურ ხარჯთაღრიცხვას, სამეურნეო გეგმებს, მათ შორის, საინვესტიციო და საფინანსო პროგრამებს, და გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი წმინდა მოგების განაწილების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს რკინიგზის პარტნიორთა კრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
1. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სააგენტო ახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
3. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სააგენტო ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს/მოვალეობებს.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
თავი II. რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება
მუხლი 7. მხარეთა უფლება-მოვალეობანი გადაყვანა-გადაზიდვისას
1. რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა და ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების არსებობისას, აგრეთვე განახორციელოს ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა, თუ:
ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“;
ბ) შესაძლებელია გადაყვანა-გადაზიდვის არსებული პერსონალითა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელება;
გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებები, რომლებსაც რკინიგზა თავიდან ვერ აიცილებს;
დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა არ არის შეტანილი იმ ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის ნუსხაში, რომლის გადაზიდვა აკრძალულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. ტვირთის გადასაზიდად შემკვეთს უფლება აქვს, გადაზიდვის დაწყებამდე მოითხოვოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობებისა და მათი ექსპლუატაციის პირობების შესახებ.
3. რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მხოლოდ ის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც შეიძლება განხორციელდეს შეუფერხებლად.
4. რკინიგზა ვალდებული არ არის, გადასაზიდად მიიღოს ტვირთი, რომლის დატვირთვის, გადატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის საჭიროა სამარჯვები, თუ ისინი არ გააჩნია შესაბამის რკინიგზის სადგურს.
5. რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისათვის შემკვეთს უფლება აქვს დადოს რკინიგზასთან ხელშეკრულება გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ შესაბამისი ანაზღაურებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
6. რკინიგზას უფლება აქვს, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად, ტვირთის გადაზიდვისათვის დააწესოს განსაკუთრებული პირობები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში განსაზღვროს მხარეთა პასუხისმგებლობა მათი დაუცველობისათვის.
7. რკინიგზა ვალდებულია, მგზავრსა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) მიაწოდოს საჭირო და უტყუარი ინფორმაცია მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ინფორმაცია ცხადდება (ქვეყნდება) ქართულ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოში მყოფი უცხოელების ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დამატებით გამოცხადებული (გამოქვეყნებული) იქნეს სხვა ენაზეც.
მუხლი 8. რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები
1. მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა ხორციელდება რკინიგზის ან სხვა პირთა მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებითა და მოწყობილობებით.
2. საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებით მგზავრთა გადასაყვანად და ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობები, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, უნდა აკმაყოფილებდეს რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნებს, დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს, ხოლო ახალაშენებულ მოძრავ შემადგენლობას უნდა ჰქონდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი).
1. რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს).
2. რკინიგზა ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას შესაბამისი მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად) განკუთვნილ რკინიგზის სადგურებს შორის.
3. გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები.
4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 10. რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასური
რკინიგზის მიერ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებისა და დამატებითი საფასურების დაწესება ხორციელდება გადაზიდვა-გადაყვანის მონაწილე მხარეთა ინტერესების, აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
მუხლი 11. რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვის საფუძვლები
1. რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების (ზედნადების და სხვ.) საფუძველზე.
2. თუ ტვირთის გადაზიდვის გარკვეული პირობები არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ისინი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
1. ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი, გადაზიდვის პირობების დაცვით, მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთმიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) დადგენილი საფასური.
2. ზედნადების ფორმა და რეკვიზიტები, აგრეთვე მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
3. ზედნადები დგება ტვირთმიმღების სახელზე, ტვირთგამგზავნისა და რკინიგზის ხელმოწერით და დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
4. გადასაზიდად ტვირთის მიღების დღედ ითვლება ზედნადებზე რკინიგზის სადგურის კალენდარული შტემპელით აღნიშნული თარიღი.
5. გადასაზიდად ტვირთვის მიღების დასადასტურებლად რკინიგზის სადგური ვალდებულია გადასცეს ტვირთგამგზავნს ზედნადების ერთი ეგზემპლარი და გადასაზიდად ტვირთის მიღების ქვითარი.
6. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნმა ტვირთის თითოეულ გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადოდ შევსებული ზედნადები და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
7. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ან მისი მოთხოვნით ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე, ზედნადებში არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო წარმოშობილი ზიანისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის.
8. რკინიგზას უფლება აქვს, შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებული ტვირთის მასისა და სხვა მონაცემების სისწორე.
1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში დადონ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება გადასაზიდი ტვირთის მოცულობა, წარდგენის ვადა, გამოსაყოფი სატრანსპორტო საშუალებები და სხვა პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსითა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გენერალური შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს, გადასაზიდად ტვირთი მიიღოს შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად ტვირთი წარადგინოს შეთანხმებულ ვადაში.
3. რკინიგზას უფლება აქვს, შესაბამის პირთან დადოს მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების გრძელვადიანი გენერალური შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განისაზღვრება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მოთხოვნები, გადაყვანის საფასურის ოდენობა და სხვა პირობები.
1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
2. რკინიგზა უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთი გადაზიდოს „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) ან/და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 14. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება
1. გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთო, ისე არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
2. ვაგონის (კონტეინერის) შეუფერხებელი დამუშავებისა და ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის დაცულობის უზრუნველსაყოფად, საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილები მათი მფლობელების მიერ აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, რომლებიც აკმაყოფილებს გარემოს დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
3. ვაგონსა და სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს:
ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: საფრთხეშემცველი ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონებით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც გადაიზიდება სპეციალური მოძრავი შემადგენლობით. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური;
[ ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც სპეციალური მოძრავი შემადგენლობით გადაიზიდება. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია რკინიგზას გადაუხადოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ბ) ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, თუ რკინიგზას არ აკისრია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების ვალდებულება.
4. კონტეინერში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, თვითონ უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება, თუ მას აქვს სათანადო მექანიზმები და სამარჯვები.
5. დაუძლეველი ძალის (ხანძარი, თოვლი, ნამქერი, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები, ეპიდემია და ა.შ.), აგრეთვე გადაზიდვისათვის ხელის შემშლელი სხვა გარემოებების არსებობისას, რკინიგზას უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ტვირთის დატვირთვა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოსა და დანიშნულების რკინიგზის სადგურს, დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის მოქმედების ვადის მითითებით.
6. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, რკინიგზის სადგურის უფროსის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე შეწყვიტოს გადასაზიდად ტვირთის წარდგენა ან შეზღუდოს დატვირთვა აკრძალული მიმართულებებით.
7. ტვირთის დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის გამო წარმოშობილი უკმარტვირთის შევსება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
8. ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას.
9. ვაგონსა (მათ შორის, ღია მოძრავ შემადგენლობაში) და კონტეინერში ტვირთის განლაგება და დამაგრება ხდება ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. ნუსხა იმ ტვირთისა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია ღია მოძრავი შემადგენლობით, აგრეთვე ფხვიერი და ნაყარი ტვირთისა, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
10. ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებებისა და სხვა მოწყობილობების დაყენებასა (დატვირთვისას) და მოხსნას (გადმოტვირთვისას) უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან რკინიგზა – იმის მიხედვით, თუ ვინ ახდენს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას. ამ მოწყობილობების მიწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. მოწყობილობები დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად.
11. ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ტვირთის არასწორად დატვირთვა-გადმოტვირთვის, დახარისხების გამო წარმოშობილი ზიანისათვის.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
1. გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული უნდა იქნეს მისი მასა, რომელიც განისაზღვრება აწონვით, ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად. აკრძალულია ტვირთის მასის განსაზღვრა გაანგარიშებით ან აზომვით, თუ მის დატვირთვას ვაგონის (კონტეინერის) მთლიან ტევადობამდე შეიძლება მოჰყვეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვები ტვირთამწეობის გადამეტება.
2. ტვირთის მასას დატვირთვისას განსაზღვრავს:
ა) რკინიგზა – საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ ის ტვირთავს ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით;
ბ) ტვირთგამგზავნი – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
3. ტრაფარეტით, სტანდარტით, გაანგარიშებით, აზომვით ან პირობითად ტვირთის მასას, როგორც წესი, განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი. ტვირთს ტვირთგამგზავნის თხოვნით წონის რკინიგზა და იღებს შესაბამის საფასურს.
4. ტვირთის მასისა და რაოდენობის დადგენის და ამ მონაცემების ზედნადებში აღნიშვნის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
5. ტვირთის ასაწონად რკინიგზას საერთო სარგებლობის ადგილებში, ხოლო ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, მათ შორის, საზღვაო ნავსადგურებში, უნდა ჰქონდეთ საჭირო რაოდენობის ასაწონი მოწყობილობები.
6. ასაწონი მოწყობილობები ექვემდებარება დადგენილი წესით სახელმწიფო შემოწმებასა და დადამღვას. ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს უზრუნველყოს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) და სხვა პირთა მფლობელობაში არსებული ასაწონი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება (საუწყებო კონტროლი, რემონტი, საკონტროლო შემოწმება).
7. ტვირთის მსვლელობის გზაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიერ ვაგონში (კონტეინერში) გადამეტტვირთის გამოვლენისას ზედმეტი ტვირთი გადმოტვირთული უნდა იქნეს. რკინიგზა ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) მითითებანი ზედმეტი ტვირთის განკარგვის თაობაზე. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის, გადმოტვირთვისა და შენახვისათვის გადაუხადოს რკინიგზას შესაბამისი საფასური.
მუხლი 16. ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა
1. რკინიგზა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის წლიურ და კვარტალურ ინდიკატურ გეგმებს, რომელთა შედგენა ხდება ტვირთგამგზავნთა განაცხადების მიხედვით. ტვირთის გადაზიდვის განაცხადის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის, შესრულებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, განაცხადი წარუდგინოს რკინიგზას ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის დატვირთვამდე არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ან პირდაპირი შერეული გადაზიდვისას – კალენდარული თვის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი ტვირთის დამატებითი ოდენობისა და გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვაზე.
3. საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვას რკინიგზა ახორციელებს ამ ტვირთის მიღებისთანავე.
4. განაცხადი რკინიგზას წარედგინება 3 ეგზემპლარად. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს: საერთაშორისო გადაზიდვისას – ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და დატვირთვის თარიღი, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზის სადგური და დატვირთვის თარიღი. განაცხადის 1 ეგზემპლარი, მისი მიღების თარიღის აღნიშვნით, ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე – ტვირთის გამგზავნ რკინიგზის სადგურს, ხოლო მესამე რჩება რკინიგზას.
5. რკინიგზა ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ და ამის თაობაზე აცნობოს ტვირთგამგზავნს განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
6. თუ ტვირთგამგზავნი განაცხადში შეიტანს ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვის გადანაწილებას დანიშნულების რკინიგზებისა და რკინიგზის სადგურების შეცვლით, მან დამატებით უნდა გადაიხადოს შეცვლილი ვაგონებით (კონტეინერებით) გადაზიდვის საფასურის 5 პროცენტი – საერთო განაცხადის შესრულებისას, ხოლო 10 პროცენტი – საერთო განაცხადის შეუსრულებლობისას.
7. რკინიგზის სადგურის უფროსი ვალდებულია, ტვირთგამგზავნთან ერთად, განაცხადის შესრულების დაწყებამდე არა უგვიანეს 3 დღისა შეიტანოს მის შესასრულებლად საჭირო მონაცემები სააღრიცხვო ბარათში, რომელსაც ყოველი საანგარიშგებო დღე-ღამის დასრულების შემდეგ ხელს აწერენ რკინიგზის სადგურის უფროსი და ტვირთგამგზავნი. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
8. ტვირთგამგზავნის თხოვნით, რკინიგზას უფლება აქვს:
ა) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ დართოს ტვირთის შიდასასადგურო გადაზიდვის (ერთი რკინიგზის სადგურის ფარგლებში) ნება. ამგვარი გადაზიდვა აღინიშნება განაცხადში და გათვალისწინებული იქნება ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში;
ბ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დახურული სატრანსპორტო საშუალება ღიათი, თუ ტვირთის ღია სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა დაშვებულია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“, აგრეთვე შეცვალოს ერთი სახეობის ღია მოძრავი შემადგენლობა მეორეთი;
გ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და რკინიგზის სადგური.
მუხლი 17. ტვირთის გადაზიდვის წესი
1. ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება სამარშრუტო გადაზიდვით, ვაგონთა ჯგუფით, ვაგონით, საკონტეინერო და წვრილმანი გზავნილებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. ტვირთის გადაზიდვა ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული სატვირთო ან დიდი სიჩქარით.
3. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარის განსაზღვრის წესს და იმ სარკინიგზო მიმართულებებს, რომლებზედაც ხდება ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვა, ადგენს რკინიგზა.
4. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში მიუთითებს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა მოითხოვს დიდ სიჩქარეს, ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიუთითოს ეს ზედნადებში.
5. რკინიგზას უფლება აქვს, ადგილობრივი გადაზიდვისას დაადგინოს ტვირთის დიდი სიჩქარით გადაზიდვის მონაკვეთები.
6. ტვირთის გადაზიდვა ვიწროლიანდიანი და სხვა სიგანის ლიანდის სარკინიგზო ლიანდაგებით ხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
მუხლი 18. გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი)
1. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, გადასაზიდად წარადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი). ტვირთგამგზავნი ვალდებულია გამოაცხადოს გადასაზიდად წარდგენილი ძვირფასი ლითონების (თვლების) და მათგან დამზადებული ნაკეთობების, ხელოვნების ნაწარმოებების, მხატვრული ნაკეთობების, ანტიკვარული ნივთების (მათ შორის, ხალიჩების), მოწყობილობებისა და ხელსაწყოების, ვიდეოაუდიოაპარატურის, ელექტრონულ-გამომთვლელი და გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე საოჯახო ნივთების (რომელთა გადაზიდვა ხდება გამცილებლის გარეშე) ფასეულობა.
2. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ფასეულობის გამოცხადებისათვის ტვირთგამგზავნი იხდის „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრულ საფასურს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გარდა, ნებისმიერი სხვა ტვირთიც (ბარგიც, ტვირთ-ბარგიც) შეიძლება იყოს გამოცხადებული ფასეულობის საგანი. ამ შემთხვევაში შესაბამისი საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 19. ტვირთის გადასაზიდად მომზადება
1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
2. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარა და შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“ და უზრუნველყოფდეს მის დაცულობას ტვირთგამგზავნის მიერ ხარისხის მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებულ ტრანსპორტირების ვადაში.
3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ საფრთხეშემცველ ტვირთს, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივი გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზედაც.
[ 3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფათო ტვირთს, ვალდებული არიან უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივ გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
4. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, თუ მათ გადახდილი აქვთ ტვირთის ღირებულება, ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათი მიზეზით გამოწვეული ავარიული სიტუაციის, გარემოს დაბინძურებისა და მატარებელთა მოძრაობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯი.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 20. სატრანსპორტო საშუალებათა გამოყოფა და ტვირთის გადასაზიდად წარდგენა
1. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთის გადაზიდვის განაცხადის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ან ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე, დადგენილ ვადაში, დასატვირთად გამოყოს ტვირთის გადასაზიდად ვარგისი, ტვირთის ნარჩენებისა და ნაგვისაგან გაწმენდილი და, საჭიროების შემთხვევაში, გარეცხილი და დეზინფიცირებული ვაგონი (კონტეინერი).
2. გაუსუფთავებელი სატრანსპორტო საშუალების დასატვირთად მიწოდება დაიშვება ტვირთგამგზავნის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას ასუფთავებს ტვირთგამგზავნი, თუ რკინიგზა მას აუნაზღაურებს გაწეულ ხარჯს. მხარეთა შეთანხმებით ტვირთგამგზავნს გამოეყოფა საკმარისი დრო ვაგონის (კონტეინერის) გასაწმენდად.
3. რკინიგზის სადგური ვალდებულია, ტვირთგამგზავნს შეატყობინოს საჭირო ვაგონის (კონტეინერის) დასატვირთად გამოყოფის დრო გამოყოფამდე არა უგვიანეს 2 საათისა.
4. თხევადი ტვირთის ჩასხმისათვის რკინიგზის კუთვნილ ვაგონ-ცისტერნასა და ვაგონ-ბუნკერს ამზადებს რკინიგზა ან ტვირთგამგზავნი რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. თხევადი ტვირთის ჩასასხმელად იმ სპეციალიზებული ცისტერნის მომზადებას, რომელიც არ წარმოადგენს რკინიგზის საკუთრებას ან მის მიერ გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში, უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.
6. ტვირთის ცისტერნაში ჩასხმის წინ ცისტერნის ჰერმეტულობის, მისი არმატურისა და უნივერსალური ჩამოსასხმელი მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
7. კომერციული თვალსაზრისით ვაგონის ვარგისიანობას ტვირთის გადასაზიდად (ვაგონში (კონტეინერში) სპეციფიკური სუნისა და სხვა ამგვარი ფაქტორების არსებობა, რომლებიც დატვირთვისას და მსვლელობის გზაზე გავლენას ახდენს ტვირთის მდგომარეობაზე, აგრეთვე ვაგონის (კონტეინერის) ძარების შიდა კონსტრუქციების თავისებურებანი და სატვირთო ნაკვეთურების მდგომარეობა) განსაზღვრავს ვაგონის დამტვირთავი, ხოლო კონტეინერისას – ტვირთგამგზავნი.
8. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ტვირთის გადასაზიდად მიწოდებულ უვარგის სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია შეცვალოს იგი ვარგისი ვაგონით (კონტეინერით).
9. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ტვირთის დატვირთვისათვის ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფისას რკინიგზა განსაზღვრავს გასაგზავნი ტვირთის დასატვირთად მის ტექნიკურ ვარგისიანობას.
მუხლი 21. დატვირთული ვაგონისა და კონტეინერის დაპლომბვა
1. დატვირთული ვაგონი და კონტეინერი უნდა დაიპლომბოს რკინიგზის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ, ან გამგზავნის (ნავსადგურის) საკონტროლო-ჩამკეტი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია გამგზავნის (ნავსადგურის) მიერ.
2. ფიზიკურ პირთა პირადი (საყოფაცხოვრებო) დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილ დახურულ ვაგონსა და კონტეინერს ტვირთგამგზავნის შეხედულებისამებრ და მისი ხარჯით პლომბავს რკინიგზა ან ექსპედიტორი.
3. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია დაუპლომბავი ვაგონითა და კონტეინერით, აგრეთვე ვაგონსა და კონტეინერზე ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დადების პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
4. საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული შემოწმების მიზნით ვაგონისა და კონტეინერის გახსნისას ახალი პლომბებისა და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების განსაზღვრული წესით დადებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური).
5. რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უზრუნველყოფს ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებითა და მათი მოსახსნელი საშუალებებით, რომლებისთვისაც ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) იხდის სათანადო საფასურს.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
მუხლი 22. ანგარიშსწორების წესი
1. ტვირთის გადაზიდვის საფასური განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე უმოკლესი მიმართულების მანძილის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს მანძილი გაზრდილია რკინიგზის მიერ. უმოკლესი მიმართულების მანძილი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
2. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს ტვირთგამგზავნი იხდის წინასწარ, რკინიგზის სადგურიდან ტვირთის გაგზავნამდე, თუ ამ კოდექსით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. რკინიგზას უფლება აქვს, საფასურის გადახდამდე შეაჩეროს ტვირთის გაგზავნა.
3. ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფა შემდგომი დატვირთვისათვის შეჩერდება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე.
4. ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნთან (ტვირთმიმღებთან) შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადახდის შესახებ, თუ არსებობს მისი გადახდის გარანტია. ამგვარი შეთანხმებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის.
5. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შემდეგ.
6. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე, რომელიც აღინიშნება ზედნადებში.
7. ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 23. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის განსაზღვრა
1. რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.
2. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) კუთვნილი ან მის მიერ რკინიგზისაგან სარგებლობის უფლებით აღებული ვაგონის (კონტეინერის) მიღების დაყოვნებისას საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ამ ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დროისათვის გადაიხდება ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის ნახევარი.
3. რეფრიჟერატორული სექციით, რეფრიჟერატორული ვაგონით ან რეფრიჟერატორული მატარებლით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ასეთი სექციის ან მატარებლის ბოლო ვაგონის დატვირთვის (გადმოტვირთვის) დროის გათვალისწინებით.
4. ვიწროლიანდიან სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მცირდება 50%-ით.
მუხლი 24. ტვირთის მიტანის ადგილის (მისამართის) შეცვლა
1. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) წერილობითი განცხადების საფუძველზე რკინიგზა ცვლის ტვირთის მიტანის ადგილს (მისამართს) – ტვირთმიმღებს ან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დანიშნულების რკინიგზის სადგურს. მიტანის ადგილი იცვლება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. პირი, რომლის განცხადების საფუძველზედაც მოხდა ტვირთის მიტანის ადგილის შეცვლა, პასუხისმგებელია თავდაპირველი ტვირთმიმღების წინაშე ამ ცვლილებით გამოწვეული შედეგებისათვის და ვალდებულია, მოაწესრიგოს ანგარიშსწორება ტვირთგამგზავნს, თავდაპირველ ტვირთმიმღებსა და ფაქტობრივ ტვირთმიმღებს შორის.
3. საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით. თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ მდგომარეობას, მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას, აღნიშნული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საბაჟო ორგანოს თანხმობის მიუღებლად, რის შესახებაც ამ ორგანოს რკინიგზა აცნობებს.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 25. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა
1. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს დადგენილ ვადაში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა და მისი გამოთვლის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით).
2. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით შეიძლება დაწესდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისაგან განსხვავებული ვადა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს).
3. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის ათვლა იწყება ტვირთის გადასაზიდად მიღების დღის 24 საათიდან. ტვირთის გადასაზიდად მიღების დღეს და დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლის დღეს გამგზავნი რკინიგზის სადგური აღნიშნავს ზედნადებსა და ტვირთგამგზავნისთვის გადაცემულ, ტვირთის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებში.
4. ტვირთი დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად ითვლება, თუ:
ა) რკინიგზის მიერ დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გადმოტვირთულია ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთმიმღებს გადმოსატვირთად მიეწოდა დადგენილი ვადის გასვლამდე;
ბ) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დანიშნულების რკინიგზის სადგურში მისულია დადგენილი ვადის გასვლამდე და მისი გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიერ გადმოტვირთის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობის გამო;
გ) დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის (ვაგონის, კონტეინერის) მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიზეზით (დაკავებულია მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, ტერმინალში არ გააჩნია თავისუფალი სათავსო და სხვა) ან დანიშნულების რკინიგზის სადგურის ლიანდაგის დაკავებულობის გამო, როდესაც რკინიგზა იძულებულია, ტვირთი გააჩეროს გზად მდებარე რკინიგზის სადგურში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზედაც ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას საფასური ამ კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. რკინიგზა ვალდებულია, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ შეატყობინოს ტვირთმიმღებს. თუ რკინიგზა ტვირთის მიტანის შესახებ ვერ ატყობინებს ტვირთმიმღებს ამ უკანასკნელის მიზეზით, პასუხისმგებლობა ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის შენახვისათვის ეკისრება ტვირთმიმღებს.
6. რკინიგზა ვალდებულია საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რკინიგზის სადგურში მიტანის ან რკინიგზის სადგურიდან გაგზავნის შესახებ შეატყობინოს შემოსავლების სამსახურს ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მეშვეობით.
7. რკინიგზა ვალდებულია, ტვირთმიმღებს შეატყობინოს ვაგონის (კონტეინერის) გადმოსატვირთად მიწოდების დრო მიწოდებამდე არა უგვიანეს 2 საათისა.
8. რკინიგზას უფლება აქვს, გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარ აცნობოს ტვირთმიმღებს მისთვის მისატანი ტვირთის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი გაიცემა გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებულ ტვირთმიმღებზე, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. ტვირთმიმღები ტვირთის მიღებას სათანადო მინდობილობის წარდგენის შემდეგ ადასტურებს საგზაო უწყისში ხელმოწერით.
2. თუ ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ იხდის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს, რკინიგზას უფლება აქვს დააკავოს ტვირთი და ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ტვირთგამგზავნს, რომელიც ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში განკარგოს ტვირთი. თუ აღნიშნულ ვადაში გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი არ დაფარავს დავალიანებას, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს, რკინიგზა უფლებამოსილია მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია. რეალიზაციას არ ექვემდებარება:
ა) სახელმწიფო და თავდაცვითი დანიშნულების სპეციალური (მათ შორის, სამხედრო დანიშნულების) ტვირთი;
ბ) ტვირთი, რომლის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდა ხორციელდება დანიშნულების რკინიგზის სადგურში ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად;
გ) საბაჟო ორგანოსა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.
3. თუ ტვირთმიმღებისათვის მიტანილია ტვირთი, რომლის სახელწოდება არ შეესაბამება ზედნადებში აღნიშნულ დასახელებას, ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს იგი რკინიგზის სადგურისგან და უზრუნველყოს მისი შენახვა ტვირთგამგზავნთან საკითხის მოგვარებამდე. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე, ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი პირის წარდგენის გარეშე. თუ ტვირთმიმღები არ მიიღებს ტვირთს, ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს მას, რკინიგზას უფლება აქვს, დაუყოვნებლივ გადმოტვირთოს ტვირთი და შეინახოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე. რკინიგზას შეუძლია უფლებამოსილი პირისგან მითითების მიღების დალოდების გარეშე გაყიდოს ტვირთი, თუ იგი მალფუჭებადია, თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ გადაწყვეტილებას ან თუ შენახვის ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. რკინიგზას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში არც ერთი მხარისგან არ მიიღებს მითითებებს.
4. ტვირთმიმღებს უფლება აქვს უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანების ან გაფუჭების შედეგად ტვირთის ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ მისი დანიშნულებისამებრ სრული ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია.
5. თუ ტვირთი გაფუჭდა ტვირთმიმღების ან ექსპედიტორის მიერ ვაგონის (კონტეინერის) დროულად დაუცლელობის ან რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დროულად გაუტანლობის გამო ან ტვირთმიმღების მიზეზით სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან რკინიგზის სადგურზე ვაგონის დაყოვნების შედეგად, ქონებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს.
6. საერთო სარგებლობის ადგილებზე ტვირთის მიღებისას ტვირთმიმღები ვალდებულია მიიღოს თავისი კუთვნილი ტვირთი და გაიტანოს რკინიგზის სადგურიდან.
7. ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 27. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვისა და გაცემის წესი
1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი.
3. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, თუ:
ა) ტვირთი მიტანილია გაუმართავი ვაგონით (კონტეინერით), დაზიანებული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებით ან სხვა რკინიგზის სადგურის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე ვაგონით (კონტეინერით);
ბ) ტვირთი ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას მიტანილია დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ნიშნებით;
გ) მალფუჭებადი ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილია მიტანის ვადის ან რეფრიჟერატორული ვაგონით გადაზიდვისათვის დადგენილი ტემპერატურის დარღვევით;
დ) ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ;
ე) ტვირთი რკინიგზის მიერ გადმოტვირთულია საერთო სარგებლობის ადგილებზე;
ვ) შექმნილია ისეთი პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ტარაში მოთავსებული ან ცალობრივი ტვირთის მდგომარეობასა და მასაზე.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მხოლოდ დაზიანებულ ტარაში (შესაფუთში) მოთავსებული ტვირთის მდგომარეობასა და მასას.
5. ვაგონზე (კონტეინერზე) შემოსავლების სამსახურის პლომბების აღმოჩენისას რკინიგზა არ ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის შესახებაც რკინიგზა ატყობინებს შემოსავლების სამსახურს.
6. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას მისი მასის შემოწმება ხორციელდება დატვირთვის დროს მასის შემოწმების ანალოგიურად. თუ ტვირთმიმღებს და დანიშნულების რკინიგზის სადგურს არ გააჩნიათ სავაგონო სასწორი, ფხვიერი და ნაყარი ტვირთი, რომელიც დანიშნულების რკინიგზის სადგურზე მიტანილია დანაკლისის ნიშნების გარეშე, გაიცემა მასის შეუმოწმებლად.
7. ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისისა და მასის ნეტოს განმსაზღვრელი ხელსაწყოების განსხვავებების ზღვრულ ნორმებს, რომლებიც დადგენილია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
8. გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებაში.
9. თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებისას გამოვლინდა ტვირთის დანაკლისი ან დაზიანება (გაფუჭება) ან ეს დადგენილია გზად მდებარე რკინიგზის სადგურის კომერციული აქტით, დანიშნულების რკინიგზის სადგური ვალდებულია განსაზღვროს ტვირთის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ფაქტობრივი ოდენობა და გასცეს კომერციული აქტი.
10. საჭიროებისამებრ, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
მუხლი 28. რკინიგზისა და ტვირთმიმღების მოვალეობები ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ
1. ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გაიწმინდოს შიგნიდან და გარედან, ჩამოიხსნას მოსახსნელი სამაგრი მოწყობილობები, წესრიგში იქნეს მოყვანილი მოუხსნელი სამაგრი მოწყობილობები, მათ შორის, ტურნიკები, დაიკეტოს კარები და ლუკები. ამ ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს:
ა) რკინიგზა, თუ ტვირთი გადმოიტვირთა რკინიგზის საშუალებებით;
ბ) ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი, თუ ტვირთი გადმოიტვირთა მისი საშუალებებით.
2. ვაგონის (კონტეინერის) გაწმენდას, გარეცხვას და ცხოველების, ფრინველების, ნედლი ცხოველური პროდუქტებისა და მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ მის დეზინფექციას ახორციელებს რკინიგზა ტვირთმიმღების ხარჯით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
3. „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული, სპეციფიკური სუნის მქონე და გამაჭუჭყიანებელი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონი (კონტეინერი) უნდა გარეცხოს ტვირთმიმღებმა. თუ ტვირთმიმღებს არ გააჩნია ვაგონის (კონტეინერის) გარეცხვის შესაძლებლობა, მას ხელშეკრულების საფუძველზე რეცხავს რკინიგზა.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთმიმღებისაგან არ მიიღოს ვაგონი (კონტეინერი). ამ შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
მუხლი 29. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე მიტანის შეუძლებლობა
1. თუ დაუძლეველი ძალისა და სხვა საგანგებო ვითარების შედეგად დაბრკოლდა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) შემდგომი გადაზიდვა, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ტვირთმიმღებისათვის გადაცემა, რკინიგზა ვალდებულია მიმართოს ტვირთმიმღებს (ტვირთგამგზავნს) ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) განკარგვის მოთხოვნით. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიგზის მიმართვიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს ტვირთს (ბარგს, ტვირთ-ბარგს), რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს, ხოლო ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ საბაჟო ორგანომ/სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით (ბარგით, ტვირთ-ბარგით) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დააკავა/დააკავეს ტვირთგამგზავნის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო საზღვაო ტრანსპორტისათვის ან უცხო ქვეყნის რკინიგზისათვის გადაცემის დროს, ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
3. თუ ტვირთმიმღები ჩვეულებრივ ტვირთს 10 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მალფუჭებად ტვირთს რკინიგზისაგან ვაგონის (კონტეინერის) დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს, რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს მისი ხარჯით ან მოახდინოს ტვირთის რეალიზაცია, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ტვირთგამგზავნს, რომლის მიზეზითაც არის გამოწვეული რკინიგზის სადგურში ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნება, ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდა მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
4. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან რკინიგზის განკარგულებაში რჩება ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური და მისი რეალიზაციისას გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი შესაბამისი თანხა, ხოლო დარჩენილი თანხა უბრუნდება გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ ტვირთმიმღებს, თუ მას გადახდილი აქვს ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ღირებულება, ხოლო სხვა შემთხვევაში – ტვირთგამგზავნს. თუ რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თანხის დაბრუნება შეუძლებელია, იგი ექვემდებარება განკარგვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
თავი III. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი
მუხლი 30. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი
1. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი წარმოადგენს ცალკეულ პირთა მომსახურებისათვის განკუთვნილ ლიანდაგს, რომელიც სარკინიგზო ქსელთან დაკავშირებულია უწყვეტი რელსის ლიანდით და რკინიგზის, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაშია.
2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით.
3. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგისა და ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისთვის, გადმოტვირთვისა და გაწმენდისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მშენებლობა და რეკონსტრუქცია ხორციელდება რკინიგზასთან შეთანხმებით.
4. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის სალიანდაგო მოწყობილობებისა და ტექნიკური ნაგებობების კონსტრუქცია და მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) გატარებას ტექნიკური დატვირთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო ამ ლიანდაგის რკინიგზის ლოკომოტივით მომსახურებისას – რკინიგზის მიერ გამოყოფილი ლოკომოტივის გატარებას.
5. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკური მომსახურებისათვის შეიძლება გადაეცეს რკინიგზას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
6. ახალაშენებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის საექსპლუატაციოდ გადაცემა და ამ ლიანდაგზე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მიწოდება დასაშვებია, თუ მას საექსპლუატაციოდ მიიღებს რკინიგზისა და ლიანდაგის მფლობელის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია.
7. თითოეულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, ხელოვნური ნაგებობების ნახაზი, გეგმა და გრძივი პროფილი.
8. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, მისი ტექნიკური ნაგებობა და მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთის რიტმულ დატვირთვა-გადმოტვირთვას, სამანევრო სამუშაოების განხორციელებას გადაზიდვის მოცულობის შესაბამისად და მოძრავი შემადგენლობის რაციონალურ გამოყენებასა და დაცულობას.
9. არსებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგთან მშენებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთებისათვის საჭიროა:
ა) რკინიგზის ნებართვა, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ეკუთვნის რკინიგზას;
ბ) იმ პირის ნებართვა რკინიგზასთან წინასწარი შეთანხმებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 31. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაცია
1. რკინიგზისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის ურთიერთობა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე იმ მოძრავი შემადგენლობის გასვლის წესს, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, ადგენს რკინიგზა.
3. პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობასთან, სამანევრო სამუშაოებთან, ტვირთის დატვირთვა-დამაგრებასა და გადმოტვირთვასთან, უნდა ჰქონდეს რკინიგზის მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
4. რკინიგზის წარმომადგენელს უფლება აქვს, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მონაწილეობით შეამოწმოს მოძრაობის უსაფრთხოება, მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის დაცულობა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მდგომარეობა.
5. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე გაუმართავობის გამოვლენისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას, მოძრავი შემადგენლობის, გადასაზიდი ტვირთისა და ვაგონის (კონტეინერის) დაცულობას, რკინიგზის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამ აქტის საფუძველზე რკინიგზის სადგურის უფროსი ან მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი გაუმართავობის აღმოფხვრამდე კრძალავს აქტში მითითებულ ლიანდაგზე (ლიანდაგის მონაკვეთზე) მოძრავი შემადგენლობის მიწოდებას. ასეთ შემთხვევაში ვაგონის (კონტეინერის) მიწოდების ან გამოყვანის დაყოვნების, აგრეთვე ტვირთის შენახვის, დაცვისა და გადაზიდვის შესახებ მიღებული განაცხადის შეუსრულებლობის გამო ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის (მისი მონაკვეთის) მფლობელს.
6. თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სამანევრო საშუალებების მფლობელია, თავის სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოებს იგი ახორციელებს საკუთარი სამანევრო საშუალებებით მიღება-ჩაბარების ლიანდაგიდან, ხოლო თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) არ ფლობს სამანევრო საშუალებებს, ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანასა და სამანევრო სამუშაოების შესრულებას იგი უზრუნველყოფს რკინიგზის სამანევრო საშუალებებით, რისთვისაც იხდის გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილ საფასურს.
7. რკინიგზის კუთვნილ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზისა და ლიანდაგისპირა საწყობებისა და სატვირთო ბაქნების მქონე პირების ურთიერთობა წესრიგდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით, რომლის ტიპობრივი ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანა და სამანევრო სამუშაოები ხორციელდება რკინიგზის ლოკომოტივის მეშვეობით, გადაზიდვის ხელშეკრულებით დადგენილი საფასურით.
8. პირი თავის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ნაგვისა და თოვლისაგან გაწმენდასა და განათებას ახორციელებს საკუთარი ხარჯით.
9. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება რკინიგზის სადგურისა და მასთან მიერთებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მუშაობის ტექნიკური პროცესის ან ერთიანი ტექნიკური პროცესის გათვალისწინებით. ამ ხელშეკრულებებით დგინდება ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის წესი.
10. იმ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მომსახურების წესი, რომელსაც სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში ჰყავს ერთი ან რამდენიმე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – კონტრაჰენტი და აქვს თავისი საწყობები ან მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები, განისაზღვრება უშუალოდ კონტრაჰენტსა და იმ ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი და ამ ლიანდაგის მომსახურე სამანევრო საშუალებები. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს რკინიგზის მიერ ანალოგიური მომსახურებისთვის დადგენილ საფასურს.
11. რკინიგზის მიერ თავისი სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას რკინიგზასა და კონტრაჰენტს შორის იდება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულება. ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანისა და სამანევრო სამუშაოების შესრულებისათვის კონტრაჰენტი იხდის დადგენილ საფასურს.
12. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელ პირს, ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და კონტრაჰენტს ეკისრებათ ქონებრივი პასუხისმგებლობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე მოძრავი შემადგენლობის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დაუცველობისათვის. ტვირთის გადაზიდვისას სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი და კონტრაჰენტი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მათ ეკისრებათ თანაბარი პასუხისმგებლობა.
13. თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელია, მისი თანხმობით რკინიგზას უფლება აქვს, სამანევრო სამუშაოების შესრულებისა და ვაგონების (კონტეინერების) დროებითი განლაგების ხელშეკრულების შესაბამისად გამოიყენოს მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი.
14. გასხვისების ზოლში განლაგებულ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე პირების მიერ დაკავებული მიწის ფართობისა და ამ ლიანდაგის შენახვის ხარჯი განისაზღვრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებით და რკინიგზას უნაზღაურდება ამ ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.
15. რკინიგზისაგან მიღებული დატვირთული და დაცლილი ვაგონის (კონტეინერის) დაცვა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ხორციელდება მიმღები მხარის საშუალებებითა და ხარჯით.
16. სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო გამოითვლება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
17. რკინიგზის სამანევრო საშუალებებით სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურებისას ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის დრო გამოითვლება ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილზე მისი ფაქტობრივი მიწოდების მომენტიდან რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) ვაგონის (კონტეინერის) გასაყვანად მზადყოფნის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტამდე.
18. ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დრო იმ სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე, რომელსაც არ ემსახურება რკინიგზის სამანევრო საშუალებები, გამოითვლება ამ ვაგონის (კონტეინერის) გადაცემის მომენტიდან იმ ლიანდაგზე დაბრუნების მომენტამდე, რომელზედაც მხარეთა შორის ხორციელდება მისი მიღება-ჩაბარება.
19. ვაგონის (კონტეინერის) სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე და ამ ლიანდაგიდან გადაცემის პირობები, ტვირთის მიწოდების ადგილი და წესი განისაზღვრება ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით.
20. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და რკინიგზას უფლება არა აქვთ, საკუთარი ტვირთის გადასაზიდად, შესანახად და დასატვირთად მფლობელის უნებართვოდ გამოიყენონ ის ვაგონი (კონტეინერი), რომელიც მათ არ ეკუთვნის.
21. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება არანაკლებ 3 წლის ვადით.
22. რკინიგზის სადგურისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობის ან მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები მათი მოქმედების ვადის გასვლამდე შეცვალონ მთლიანად ან ნაწილობრივ.
თავი IV. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა სხვა სახეობის ტრანსპორტის მონაწილეობით
მუხლი 32. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა
1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, სამდინარო, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) მონაწილეობით.
[ 1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვათა) მონაწილეობით. (ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან)]
2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს.
მუხლი 33. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახეობის სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული შეთანხმებებითა და ამ კოდექსით.
2. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები.
3. ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობენ:
ა) რკინიგზის სადგური, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად);
ბ) საზღვაო ნავსადგური, ავტოსადგური, აეროპორტი.
4. ვაგონ-ცისტერნით გადასაზიდი თხევადი ტვირთი, აგრეთვე ტივად შეკრული ხე-ტყე არ მიიღება პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში, გარდა ტვირთის ბორნით გადაზიდვის შემთხვევისა.
5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის დაშვებული საფრთხეშემცველი ტვირთისა და იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
[ 5. პირდაპირი შერეული გადაზიდვისთვის დაშვებული იმ ტვირთის ნუსხა, რომელსაც უნდა ახლდეს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებელი, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
6. გადატვირთვის პუნქტში დაპლომბილი ვაგონით (კონტეინერით) ტვირთის გადაცემა ხორციელდება ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობისა და გადაზიდვის დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისობის შემოწმებით.
7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი მასა განისაზღვრება გადატვირთვის პუნქტში იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც იღებს ტვირთს:
ა) სავაგონო სასწორზე – რკინიგზის მიერ;
ბ) სატვირთო სასწორზე – ნავსადგურის მიერ.
8. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საავტომობილო გადაზიდვისას მის მასას განსაზღვრავს მხარე, რომელიც გადატვირთვის პუნქტში ახორციელებს ტვირთის გადმოტვირთვა-დატვირთვას, გადაზიდვაში მონაწილე შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის წარმომადგენელთან ერთად.
9. თუ ტარაში მოთავსებული ცალობრივი ტვირთი, რომელიც გადასაზიდად მიიღეს დახურული ან ღია მოძრავი შემადგენლობით, სტანდარტის შესაბამისი ან ტვირთგამგზავნის მიერ თითოეულ სატვირთო ადგილზე მითითებული მასით, გადატვირთვის პუნქტში შემოვიდა დაუზიანებელი ტარით, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე იგი გადაიტვირთება აუწონლად, სატვირთო ადგილების დათვლით. ამავე წესით გაიცემა ტვირთი დანიშნულების ადგილზე.
10. ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების არსებობისას იგი გადაიტვირთება (გაიცემა) დანაკლისის ან დაზიანების (გაფუჭების) ნიშნების მქონე ადგილების შემოწმებით, მასისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
11. ტვირთი, რომლის პირდაპირი შერეული გადაზიდვა ვაგონით (კონტეინერით) წარმოებს, გადაიტვირთება ვაგონისა (კონტეინერისა) და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მთლიანობის შემოწმების შემდეგ.
12. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ვაგონის (კონტეინერის) გამოყოფის წესი და მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ სატრანსპორტო საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) შორის დადებული ხელშეკრულებით.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 34. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადატვირთვისა და სატრანსპორტო საშუალებების მომზადების წესი
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას გადატვირთვის პუნქტში მისი გადატვირთვა ხორციელდება:
ა) ნავსადგურის მიერ – საზღვაო გემიდან და ნავსადგურის საწყობიდან სატვირთო ვაგონში, აგრეთვე სატვირთო ვაგონიდან საზღვაო გემზე და ნავსადგურის საწყობში გადატვირთვისას;
ბ) რკინიგზის მიერ – სატვირთო ვაგონიდან და რკინიგზის სადგურის საწყობიდან სატვირთო ავტომობილზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილიდან სატვირთო ვაგონში და რკინიგზის სადგურის საწყობში გადატვირთვისას.
2. სატვირთო ვაგონის და საზღვაო გემის სპეციალურ მომზადებასა და მოწყობას ტვირთის რამდენიმე იარუსად განსათავსებლად, აგრეთვე მძიმე წონის, დიდი სიგრძისა და მოცულობის ტვირთის დასამაგრებლად ახორციელებს ნავსადგური.
3. სატვირთო ვაგონში და საზღვაო გემზე ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებების სხვა მოწყობილობებისა და საჭირო სამარჯვების მომარაგებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.
4. ნავსადგურის მიერ გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) საფასური მასალებზე გაწეულ ხარჯთან ერთად, აღინიშნება ზედნადებში და გადაიხდება ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მიერ.
მუხლი 35. ერთობლივი შეთანხმება
1. ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილე სარკინიგზო სადგურის, ნავსადგურისა და სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) მუშაობის პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით, რომელიც ფორმდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად, 3 წლით. რკინიგზის სადგურის ან ნავსადგურის ტექნიკური აღჭურვილობის და მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლასთან დაკავშირებით ერთობლივი შეთანხმება მისი მოქმედების ვადის გასვლამდე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ შეიცვალოს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით.
2. ერთობლივ შეთანხმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 36. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა
1. ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები განისაზღვრება რკინიგზისა და სხვა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის დადგენილი ვადების ერთობლიობის გათვალისწინებით და გამოითვლება ტრანსპორტის თითოეული სახეობისათვის ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადების გამოთვლის წესების შესაბამისად. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის საერთო ვადის დარღვევისას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც ეს ვადა დაარღვია.
2. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს:
ა) ტვირთის გამგზავნ სარკინიგზო სადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად;
ბ) ტვირთის გადატვირთვის ან დანიშნულების ნავსადგურში –ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
3. ტვირთის პირდაპირი შერეული საზღვაო-სარკინიგზო გადაზიდვისას მისი გადაზიდვის საფასურის გადახდა წარმოებს:
ა) ტვირთის გამგზავნ ნავსადგურში – ტვირთგამგზავნის მიერ, ზღვით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად;
ბ) ტვირთის გადატვირთვის რკინიგზის სადგურში – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, რკინიგზით გადაზიდვის მანძილის შესაბამისად.
4. ტვირთის გადაზიდვის საფასური შეიძლება გადაიხადოს ექსპედიტორმა, რომელიც ასრულებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) დავალებას.
5. ნავსადგურში რკინიგზის ლოკომოტივით ვაგონის (კონტეინერის) მიწოდებისათვის (გამოყვანისათვის) გადაიხდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული საფასური.
6. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ტვირთის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებიდან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებზე და პირიქით გადატვირთვის ნორმების შესრულების პარამეტრები ტვირთის სახეობის გათვალისწინებით შეიტანება სააღრიცხვო ბარათში. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და მისი შევსების მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
7. ტვირთის პირდაპირი შერეული სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვისას მისი გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის რკინიგზას (ნავსადგურს) ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის ანალოგიურად.
8. რკინიგზა (ნავსადგური) ტვირთის გადატვირთვის ნორმების დარღვევისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება:
ა) დაუძლეველი ძალის მოქმედებისას, როდესაც აკრძალულია ან/და შეუძლებელია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა, აგრეთვე სატრანსპორტო საწარმოში (ორგანიზაციაში და ა.შ.) ავარიისას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტვირთის გადაზიდვის შეწყვეტის ან შეზღუდვის სხვა შემთხვევებში.
9. საზღვაო გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისას ნავსადგურისა და რკინიგზის პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მათ შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით.
10. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საბაჟო ორგანოსა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
12. გადატვირთვის პუნქტში ტვირთის გადაცემამდე მისი დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ტვირთის გადამცემ მხარეს, ხოლო ტვირთის გადაცემის შემდეგ – მიმღებ მხარეს.
13. ნავსადგურის ტერიტორიაზე დატვირთული ან ცარიელი ვაგონის (კონტეინერის) დაცვას უზრუნველყოფს ნავსადგური.
14. გადატვირთვის პუნქტში გადასატვირთად მიწოდებული ვაგონიდან (კონტეინერიდან) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის მოხსნა და ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის განკუთვნილ ვაგონზე (კონტეინერზე) ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დამონტაჟება (დაპლომბვა) წარმოებს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
15. სარკინიგზო და სხვა სახეობის ტრანსპორტის საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) ქონებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირი შერეული გადაზიდვისათვის მიღებული ტვირთის დაუცველობისათვის განისაზღვრება შესაბამისი სახეობის ტრანსპორტის შესახებ მოქმედი წესებით. თუ ტვირთის დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის დადგინდა რკინიგზის ან ნავსადგურის ბრალეულობა, პასუხისმგებლობა შესაბამისად ეკისრება რკინიგზას ან ნავსადგურს.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
თავი V. მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა
მუხლი 37. მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა
1. რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრის გადაყვანა, დანიშნულების ადგილზე ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის დროულად მიტანა, რკინიგზის ვაგზალსა და სამგზავრო მატარებელში მგზავრის უსაფრთხოება და ხარისხიანი მომსახურება, მგზავრობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ბარგისა და ტვირთ-ბარგის დაცვა.
2. რკინიგზა ვალდებულია უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განრიგის მიხედვით. მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი სამგზავრო ვაგონი, რკინიგზის ვაგზალი და სხვა ნაგებობები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და შეესაბამებოდეს სამშენებლო-სანიტარიულ და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია :
ა) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო ;
ბ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო, მაგისტრალური და რეგიონული.
4. სამგზავრო მატარებლის კატეგორიების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მოძრაობის სიჩქარე მსვლელობის მანძილის მიხედვით დგინდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
5. მგზავრის გადასაყვანად, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადასაზიდად განკუთვნილი რკინიგზის სადგურის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. რკინიგზის ვაგზალი უნდა აღიჭურვოს მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნით, ფარდულით და ქვეითად მოსიარულეთათვის გასასვლელი გვირაბითა და გადასასვლელი ხიდით, საბილეთო სალაროთი, ბარგის მიღება-გაცემის სათავსით, ხელბარგის შესანახი საკნით, მოსაცდელი დარბაზით, საცნობარო ბიუროთი, მგზავრთა დასასვენებელი ოთახით, დედათა და ბავშვთა ოთახებით, კვების, აგრეთვე მგზავრთა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების ობიექტებით, ხოლო სასაზღვრო რკინიგზის სადგურს ასევე უნდა ჰქონდეს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფისათვის საჭირო საინჟინრო-ტექნიკური საშუალებები. ამ ნაგებობებისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მშენებლობასა და კეთილმოწყობას რკინიგზასთან შეთანხმებით უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროები (უწყებები).
7. მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამგზავრო მატარებლების რკინიგზის სადგურიდან გასვლისა და რკინიგზის სადგურში შემოსვლის, მგზავრობის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასურებისა და მომსახურების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაციით.
8. ვაგზლისპირა მოედანი, რომელიც არ ეკუთვნის რკინიგზას, ისე უნდა მოეწყოს, რომ აკმაყოფილებდეს ქვეითად მოსიარულეთა და საქალაქო ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მოთხოვნებს. ვაგზლისპირა მოედნის კეთილმოწყობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი ორგანოები.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 38. მგზავრის გადაყვანის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება
1. მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით (ბილეთით) რკინიგზა ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრი სამგზავრო მატარებელში შესაბამისი ადგილით, მიიყვანოს იგი დანიშნულების ადგილამდე და გადაზიდოს მისი ბარგი.
2. მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური, ტვირთგამგზავნი კი – ტვირთ-ბარგის გადაზიდვის საფასური.
3. მგზავრის მიერ ბარგის, ხოლო ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთ-ბარგის ჩაბარება დასტურდება შესაბამისად ბარგის ქვითრითა და ტვირთ-ბარგის ქვითრით.
4. თუ მატარებელში თავისუფალი ადგილია, რკინიგზა ვალდებულია, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით, დადგენილი საფასურით გააფორმოს ბილეთის გაცემა. შეღავათებით მგზავრობის კომპენსირებას ახდენს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მგზავრი ვალდებულია, თან ჰქონდეს ბილეთი. მგზავრის მიერ ბილეთის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში ახალი ბილეთი არ გაიცემა და მგზავრს ბილეთის საფასური არ დაუბრუნდება, გარდა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრული შემთხვევებისა.
6. რკინიგზის ვაგზლის შესანახ საკანში ხელბარგისა და ბარგის ჩაბარება შეუზღუდავია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პირს ბილეთი, გარდა იმ საგნებისა და ნივთიერებებისა, რომელთა შენახვა აკრძალულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
მუხლი 39. მგზავრის უფლება-მოვალეობანი
1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ;
გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი;
დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად;
ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური;
ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა;
ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური;
თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით;
ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2. მგზავრს უფლება აქვს, დააბრუნოს გამოუყენებელი ბილეთი და მიიღოს:
ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა;
ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში;
გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში;
დ) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის არსებობის შემთხვევაში: მისი მთლიანი საფასური – ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათისა, ხოლო ბილეთის საფასურის 70% – ამ დროის გადაცილებისას;
ე) გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას.
3. მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება მატარებლის მოხსნის, გასვლის დაყოვნების, ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც გადასასხდომ პუნქტში შეთანხმებულ მატარებელზე მგზავრის დაგვიანება გამოწვეულია რკინიგზის მიზეზით.
4. რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მატარებლის მოძრაობის შეფერხების გამო მგზავრობის შეწყვეტისას მგზავრს უბრუნდება გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასური, ხოლო რკინიგზის მიზეზით მგზავრობის შეწყვეტისას – მგზავრობის მთლიანი საფასური.
5. თუ შეუძლებელია მგზავრისათვის ბილეთში აღნიშნული ადგილის გამოყოფა, რკინიგზა ვალდებულია, მგზავრის თანხმობით მას გამოუყოს სხვა ადგილი, მათ შორის, უფრო მაღალი კლასის ვაგონში, საფასურის სხვაობის გადახდის გარეშე.
6. თუ მგზავრის თანხმობით გამოიყო ადგილი, რომლის ღირებულება შეძენილი ბილეთის საფასურზე ნაკლებია, მგზავრს უბრუნდება საფასურის სხვაობა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
7. რეგიონული მატარებლით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი);
ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი;
გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.
8. მგზავრი ვალდებულია, რკინიგზის სადგურსა (ვაგზალსა) და მატარებელში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, გაუფრთხილდეს რკინიგზის ქონებას, აგრეთვე დაიცვას საკუთარი ხელბარგი.
9. (ამოღებულია – 08.05.2012, №6146).
10. (ამოღებულია – 08.05.2012, №6146).
11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს შესაბამისი შეღავათები.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 40. მგზავრთა ჯგუფების გადაყვანა
1. რკინიგზა საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) წინასწარი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს ბილეთების გაყიდვას მგზავრთა ჯგუფების გადასაყვანად.
2. წინასწარი განაცხადის მიღება და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმება, აგრეთვე მგზავრობაზე უარის თქმის შემთხვევაში ბილეთების საფასურის დაბრუნება ხორციელდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
მუხლი 41. ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა
1. მგზავრის მიერ ბილეთის წარდგენისას რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მისი ბარგი და გაგზავნოს იგი შესაბამისი დანიშნულების პირველივე გამსვლელი მატარებლით, რომელშიც არის საბარგო ვაგონი.
2. მგზავრს უფლება აქვს, გადასაზიდად წარმოადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ბარგი, რისთვისაც იგი იხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საფასურს.
3. რკინიგზის მიერ ტვირთ-ბარგის გადაზიდვა ხორციელდება ამ კოდექსისა და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
4. ბარგის სახით მიიღება ისეთი საგანი, რომელიც მოცულობითა და თვისებებით დაუბრკოლებლად შეიძლება ჩაიტვირთოს საბარგო ვაგონში და იგი არ დააზიანებს სხვა მგზავრთა ბარგს. ბარგის მასისა და შეფუთვის მოთხოვნები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. აკრძალულია იმ საფრთხეშემცველი ხელბარგის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა, რომლებიც განსაზღვრულია „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
5. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომლითაც იგი გაიგზავნა. ბარგის, ტვირთ-ბარგის გაგზავნის თარიღი აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტებში.
6. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი მატარებლის მსვლელობის გზაზე უნდა გადაიტვირთოს, მისი დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა განისაზღვრება იმ მატარებლის მსვლელობის დროით, რომელშიც ჩართულია საბარგო ვაგონი. ამ შემთხვევაში ბარგის ყოველ გადატვირთვაზე ემატება 1 დღე-ღამე, ხოლო ტვირთ-ბარგის ყოველ გადატვირთვაზე – 2 დღე-ღამე.
7. ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის თარიღს დანიშნულების რკინიგზის სადგური აღნიშნავს გადაზიდვის დოკუმენტებში.
8. ბარგი, ტვირთ-ბარგი დაკარგულად ჩაითვლება, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურში იგი არ მიიტანეს მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღე-ღამეში. ამ შემთხვევაში მის საფასურსა და მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს რკინიგზა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
9. თუ ბარგი, ტვირთ-ბარგი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს ამ მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღებს უფლება აქვს, ის დაიბრუნოს, თუ დაუბრუნებს რკინიგზას ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვისათვის მისგან მიღებულ თანხას.
10. თუ ბარგის, ტვირთ-ბარგის მიმღები წერილობით განაცხადებს უარს მის მიღებაზე ან არ განკარგავს მას შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამეში, რკინიგზას უფლება აქვს, განახორციელოს ბარგის, ტვირთ-ბარგის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ბარგი, ტვირთ-ბარგი გაიცემა შესაბამისად ბარგის, ტვირთ-ბარგის ქვითრის წარმდგენ პირზე.
12. დანიშნულების რკინიგზის სადგურში მიტანილი ბარგი, ტვირთ-ბარგი უფასოდ ინახება 24 საათი მიტანის დროის ჩაუთვლელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარგის შენახვისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
13. მოუკითხავი ტვირთ-ბარგი ექვემდებარება რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 42. საფოსტო გზავნილის გადაზიდვა
1. რკინიგზა საფოსტო გზავნილის გადაზიდვას ახორციელებს საფოსტო საწარმოსთან (ორგანიზაციასთან და ა.შ.) დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ეს საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) ვალდებულია რკინიგზას გადასაზიდად დროულად წარუდგინოს საფოსტო გზავნილი, დატვირთოს იგი გამოყოფილ ვაგონში, გადაიხადოს გადაზიდვის საფასური და მიიღოს საფოსტო გზავნილი დანიშნულების პუნქტში, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს საფოსტო გზავნილი და დროულად მიიტანოს დანიშნულების ადგილზე.
2. საფოსტო გზავნილის გადაზიდვა ხორციელდება მატარებელში ჩართული საფოსტო ვაგონით, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. მატარებელში საფოსტო ვაგონის ჩართვისა და საფოსტო გზავნილის გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“.
მუხლი 43. მგზავრის მომსახურება საფოსტო და სატელეგრაფო-სატელეფონო კავშირებით
რკინიგზა მგზავრის საფოსტო და სატელეგრაფო-სატელეფონო კავშირებით მომსახურებისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირგაბმულობის საწარმოებს (ორგანიზაციებს და ა.შ.) განსაზღვრული ვადითა და საფასურით გამოუყოფს სათავსოებს რკინიგზის სადგურებში.
თავი V1. საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება
მუხლი 431. საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების მიზანი და შინაარსი
1. ამ თავის მიზანია საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების უსაფრთხოდ, ხარისხიანად და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად გაწევის განსაზღვრა.
2. ამ თავით განისაზღვრება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სარკინიგზო ოპერატორს ეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულება, რის სანაცვლოდაც სარკინიგზო ოპერატორი უფლებამოსილია კომპეტენტური ორგანოსგან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია მიიღოს.
მუხლი 432. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება
1. კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭება და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდა მხოლოდ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზეა შესაძლებელი.
2. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს კონკურენტული შერჩევის პროცედურის შესაბამისად ან პირდაპირი მინიჭების საფუძველზე, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. კონკურენტული შერჩევის პროცედურა ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია, სამართლიანი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს. შესაძლებელია კონკურენტული შერჩევის პროცედურა შესაბამისი წინადადებების მიღებისა და წინასწარი შერჩევის შემდეგ, კანდიდატების მიერ კონკურენტული შერჩევის პროცედურის მოთხოვნების არსში უკეთ გარკვევისა და მისი დაზუსტების მიზნით მათთან მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდეს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მარეგულირებელი ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტის მოქმედება. კონკურენტული შერჩევის პროცედურასა და მისი განხორციელების წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
[ 4. ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის შერჩევასა და მასთან გასაფორმებელ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მარეგულირებელი ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტის მოქმედება. კონკურენტული შერჩევის პროცედურასა და მისი განხორციელების წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
5. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს პირდაპირი მინიჭების საფუძველზე, კონკურენტული შერჩევის პროცედურის გარეშე, თუ:
ა) ამ ხელშეკრულების საშუალო წლიური ღირებულება 1 000 000 (ერთი მილიონი) ევროს ლარში ეკვივალენტზე ნაკლებია ან საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება მგზავრთა წლიურად 300 000 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე გადაყვანას ითვალისწინებს;
ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევა სერიოზულად ფერხდება ან არსებობს ასეთი შეფერხების რისკი. ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს გადაუდებელი ღონისძიება − საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება პირდაპირი მინიჭების საფუძველზე გაფორმდეს ან კონკრეტულ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორთან არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს. პერიოდი, რომლითაც საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება ფორმდება ან მისი მოქმედების ვადა გრძელდება ან რომლითაც ამ გადაუდებელი ღონისძიების შედეგად ხდება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების დაკისრება, 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს;
გ) პირდაპირი მინიჭება დასაშვებია ბაზრისა და სარკინიგზო ქსელის შესაბამისი სტრუქტურული და გეოგრაფიული მახასიათებლების, კერძოდ, მოცულობის, მოთხოვნის მახასიათებლების, სარკინიგზო ქსელის სირთულის, ტექნიკური და გეოგრაფიული იზოლირების ან/და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების გათვალისწინებით;
დ) პირდაპირი მინიჭების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებით საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების ხარისხი ან ხარჯების ეფექტიანობა წინა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებასთან შედარებით გაუმჯობესდება;
ე) ეს ხელშეკრულება ფორმდება საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორთან, რომელიც იმავდროულად მართავს იმ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უმეტეს ნაწილს, რომელზედაც საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება გაიწევა.
მუხლი 433. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს:
ა) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ შესასრულებელ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებას და საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესრულების გეოგრაფიულ არეალს;
ბ) ობიექტურად და გამჭვირვალედ:
ბ.ა) კომპეტენტური ორგანოს მიერ საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის გადახდის პირობებს;
ბ.ბ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლების შინაარსსა და ფარგლებს (არსებობის შემთხვევაში);
გ) საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორის მიერ საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ხარჯებს და მათ განაწილებას. ეს ხარჯები შეიძლება მოიცავდეს ადამიანურ რესურსებთან, ელექტროენერგიასა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სარკინიგზო შემადგენლობის მოვლა-შენახვისა და შეკეთების და საჭირო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით/საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე ფიქსირებულ ხარჯებს და შესაბამის გონივრულ მოგებას;
დ) ბილეთის საფასურს ან/და ბილეთის საფასურის განსაზღვრის წესსა და პირობებს;
ე) ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლების განაწილების წესს, რომლებიც შესაძლებელია საზოგადოებრივი მომსახურების სარკინიგზო ოპერატორს დარჩეს, კომპეტენტურ ორგანოს გადაეცეს ან მათ შორის განაწილდეს;
ვ) ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) სხვა პირობებსა და დებულებებს.
მუხლი 434. საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაცია
საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის (მათ შორის, შესაბამისი გონივრული მოგების დაანგარიშების) წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
თავი VI. მხარეთა პასუხისმგებლობა
მუხლი 44. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
2. მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური.
3. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს), მგზავრსა და რკინიგზას შორის დადებული ყველა სახის ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ან ათავისუფლებს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, ბათილია.
1. რკინიგზა ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყოფლობისათვის, ხოლო ტვირთგამგზავნი ტვირთის წარუდგენლობის, მისი დანიშნულების ადგილის შეცვლის, გამოყოფილი ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყენებლობისათვის ან მის/მათ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია, „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად აანაზღაუროს ზიანი.
2. ტვირთგამგზავნი ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
ა) დაუძლეველი ძალა;
ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა;
გ) ავარია, რომლის გამო შეწყდა ტვირთგამგზავნის ძირითადი საქმიანობა;
დ) ტვირთგამგზავნის თანხმობის გარეშე ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაზიდვის განაცხადით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) გამოუყენებლობა;
ე) ტვირთის ტონობით გადაზიდვის განაცხადის შესრულება, თუ მისი გადაზიდვა დადგენილია ვაგონითა და ტონობით.
3. თუ ტვირთგამგზავნი ვაგონების (კონტეინერების) შემჭიდროებული დატვირთვის შედეგად იყენებს განაცხადით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის ვაგონებს (კონტეინერებს), მათი სრულად გამოუყენებლობით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.
4. თუ ტვირთგამგზავნი დატვირთვამდე 2 დღით ადრე მაინც გააფრთხილებს რკინიგზის სადგურს ვაგონის (კონტეინერის) გამოუყენებლობის თაობაზე, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მესამედით მცირდება.
5. რკინიგზა ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
ა) დაუძლეველი ძალა;
ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა;
გ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობა.
6. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) და ნავსადგური დააყოვნებენ ვაგონებს (კონტეინერებს) მათი დატვირთვის, გადმოტვირთვის, გაწმენდისა და გარეცხვის გამო, რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან იმ რაოდენობის ვაგონების (კონტეინერების) გამოუყოფლობისათვის, რომლებიც დაყოვნდა და ამ მიზეზით ვერ მიეწოდა დასატვირთად.
1. გადასაზიდად ტვირთის მიღებიდან მის გაცემამდე რკინიგზას ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისათვის, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ ტვირთი დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს:
ა) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების მიზეზით;
ბ) ტვირთის ბუნებრივი თვისებების გამო;
გ) ტარის (შეფუთვის) ნაკლოვანებების გამო, რომლებიც არ შეინიშნებოდა ტვირთის მიღების დროს მისი გარეგნული დათვალიერებისას ან ისეთი ტარის (შეფუთვის) გამოყენების გამო, რომელიც არ შეესაბამება ტვირთის თვისებებს;
დ) გადასაზიდად იმ ტვირთის ჩაბარების გამო, რომლის ტენიანობა აღემატება დადგენილ ნორმებს.
2. რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის, გაფუჭებისათვის ან დანაკლისისათვის, თუ:
ა) ტვირთი მიტანილ იქნა ტვირთგამგზავნის გამართული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე წესივრული ვაგონით (კონტეინერით) და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთის დაცულობას;
ბ) ტვირთი დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს ღია მოძრავი შემადგენლობით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ბუნებრივი მიზეზების გამო;
გ) ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამცილებლის თანხლებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად;
დ) ტვირთის დანაკლისი არ აღემატება მასის ბუნებრივი დანაკარგის ნორმასა და მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილებას;
ე) ტვირთის დაკარგვა, დაზიანება, გაფუჭება ან დანაკლისი მოხდა ზედნადებში ტვირთგამგზავნის მიერ არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო.
3. თუ პრეტენზიის წამყენებელი დაამტკიცებს, რომ ტვირთი დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს რკინიგზის მიზეზით, ქონებრივი პასუხისმგებლობა ტვირთის დაუცველობისათვის რკინიგზას ეკისრება.
4. თუ ტვირთმიმღების მოთხოვნით ტვირთი მას არ გადაეცემა ტვირთის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში, პირდაპირი შერეული გადაზიდვისას კი „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, ტვირთი დაკარგულად მიიჩნევა.
5. თუ ტვირთი მიტანილ იქნა ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ტვირთმიმღებს უფლება აქვს მიიღოს იგი, თუ რკინიგზას დაუბრუნებს ტვირთის დაკარგვისათვის მიღებულ ანაზღაურებას ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
6. თუ ტვირთმიმღები უარს განაცხადებს ტვირთის მიღებაზე ან არ განკარგავს მას ტვირთის მიტანის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში, რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთის რეალიზაცია მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს შემდეგი ოდენობით:
ა) ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში – დაკარგული ტვირთის ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით;
ბ) ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას) – იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდა მისი ღირებულება, ხოლო თუ ტვირთის აღდგენა შეუძლებელია – მისი მთლიანი ღირებულების ოდენობით;
გ) გამოცხადებული ფასეულობის ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში –მისი გამოცხადებული ფასეულობის სრული ან იმ ნაწილის ოდენობით, რომელიც შეესაბამება ტვირთის დაკარგულ, დაზიანებულ, გაფუჭებულ ან დანაკლისით მიტანილ ნაწილს. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ტვირთის დაკარგვით, დაზიანებით, გაფუჭებით ან დანაკლისით გამოწვეული ზიანის დადგენილი ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უბრუნებს მისგან მიღებული ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს დაკარგული, დაზიანებული, გაფუჭებული ან დანაკლისით მიტანილი ტვირთის რაოდენობის პროპორციულად.
9. თუ ბარგი (ტვირთ-ბარგი) დაიკარგა, დაზიანდა, გაფუჭდა ან ადგილი ჰქონდა დანაკლისს იმ გარემოებათა გამო, რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელი იყო გადასაზიდად მისი მიღების დღიდან გაცემამდე, ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაუცველობისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა რკინიგზას ეკისრება.
10. ბარგის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისას წარმოშობილ ზიანს რკინიგზა ანაზღაურებს შემდეგი ოდენობით:
ა) ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში – დაკარგული ბარგის (ტვირთ-ბარგის) ან დანაკლისის ღირებულების ოდენობით;
ბ) ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაზიანებისას (გაფუჭებისას) – იმ თანხის ოდენობით, რომლითაც შემცირდა მისი ღირებულება, ხოლო თუ ბარგის (ტვირთ-ბარგის) აღდგენა შეუძლებელია – მისი მთლიანი ღირებულების ოდენობით;
გ) გამოცხადებული ფასეულობის ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის შემთხვევაში – მისი გამოცხადებული ფასეულობის ოდენობით.
11. ბარგის (ტვირთ-ბარგის) ღირებულება განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
12. ბარგის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვით, დაზიანებით, გაფუჭებით ან დანაკლისით გამოწვეული ზიანის დადგენილი ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად რკინიგზა ბარგის (ტვირთ-ბარგის) მიმღებს უბრუნებს მისგან მიღებული ბარგის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურს დაკარგული, დაზიანებული, გაფუჭებული ან დანაკლისით მიტანილი ბარგის (ტვირთ-ბარგის) რაოდენობის პროპორციულად.
მუხლი 47. პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისათვის
1. ადგილობრივი გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ზიანს ანაზღაურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ადგილობრივი გადაზიდვისას ბარგის (ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
3. საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ან ის მხარე, რომლის მიზეზითაც მოხდა ვადის გადაცილება პირდაპირი შერეული გადაზიდვისას, ზიანს ანაზღაურებს „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 48. პასუხისმგებლობა მოძრავი შემადგენლობის თვითნებურად გამოყენებისათვის
თუ ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან სხვა პირი საამისოდ უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე იყენებს სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოს (ორგანიზაციის და ა.შ.) ვაგონს (კონტეინერს), აგრეთვე თუ რკინიგზა საამისოდ უფლებამოსილი პირის ნებართის გარეშე იყენებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის მფლობელობაში არსებულ ვაგონს (კონტეინერს), დამრღვევი მხარე იხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს სამმაგი ოდენობით.
ზედნადებში ტვირთის სახელწოდების, განსაკუთრებული აღნიშვნების ან ტვირთის გადაზიდვისას აუცილებლად მისაღები ზომების არასწორი მითითებისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის ან ტვირთის თვისებათა არასწორი აღნიშვნისათვის ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაიხადოს ამ ტვირთის გადაზიდვის გაზრდილი საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით.
მუხლი 50. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური
1. ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 29-ე, 36-ე (გარდა სამგზავრო მატარებლის გაჩერების დროის გადამეტებისა) და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი, რკინიგზის მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაგზავნისა და დანიშნულების ადგილის რკინიგზის სადგურებში (სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგების ჩათვლით) თითოეული ვაგონით (დახურული, ნახევარვაგონი, პლატფორმა) სარგებლობისათვის რკინიგზას უხდის შესაბამის საფასურს. საფასურის ოდენობა განისაზღვრება „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი წესით.
2. ცისტერნით, ცემენტმზიდით, ბუნკერული ნახევარვაგონით, მინერალმზიდით და სხვა სპეციალური ვაგონებით სარგებლობისათვის ამ მუხლით განსაზღვრული საფასური გადაიხდება ორმაგი ოდენობით, ხოლო რეფრიჟერატორული ვაგონითა და ტრანსპორტიორით სარგებლობისათვის – სამმაგი ოდენობით.
3. თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზის სადგურს შეატყობინებს, რომ უარს აცხადებს ვაგონის დატვირთვაზე, ამ ვაგონით სარგებლობის საფასური გადაიხდება რკინიგზის სადგურის მიერ შეტყობინების მიღების დღემდე.
4. ამ კოდექსის 29-ე, 36-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნივერსალური კონტეინერით სარგებლობისათვის ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) რკინიგზას უხდის საფასურს „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად.
5. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ნავსადგური თავისუფლდებიან ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდისაგან, თუ:
ა) დაუძლეველი ძალის გამო შეწყდა მოძრაობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან აიკრძალა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების შესრულება, აგრეთვე მოხდა ავარია, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ნავსადგურის ძირითადი საქმიანობის განხორციელება;
ბ) რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა აღემატება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით დადგენილ ოდენობას.
6. თუ ტვირთგამგზავნი უარს ამბობს განაცხადის შესაბამისად რკინიგზის სადგურში მისული ცარიელი სპეციალური ვაგონის დატვირთვაზე და სხვა ტვირთგამგზავნის მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია საანგარიშო დღე-ღამის განმავლობაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ამ ვაგონის ფაქტობრივი გარბენის საფასური, მაგრამ არა უმეტეს 300 კილომეტრისათვის.
მუხლი 51. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევისათვის
1. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდების ან რკინიგზისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზებით სამგზავრო და სატვირთო მატარებლების განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევი პირი რკინიგზას უნაზღაურებს მატარებლის დაყოვნებით გამოწვეულ ზიანს.
2. ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტებისათვის ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურს ხუთმაგი ოდენობით. ტვირთგამგზავნი რკინიგზას აგრეთვე უნაზღაურებს ზედმეტი ტვირთის გადმოტვირთვისა და შენახვის ხარჯსა და ვაგონის (კონტეინერის) გადამეტტვირთვის გამო მომხდარი ავარიით მიყენებულ ზიანს.
3. რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონის (კონტეინერის) ან მისი მოსახსნელი დეტალებისა და სამარჯვების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და სხვა შესაბამისი პირი, რომელთა მიზეზითაც დაზიანდა ან დაიკარგა ვაგონი (კონტეინერი) ან მისი დეტალები და სამარჯვები, ვალდებულნი არიან, აღადგინონ (დააბრუნონ) ისინი ან აუნაზღაურონ რკინიგზას ამ დაზიანებით მიყენებული ზარალი ღირებულების სამმაგი ოდენობით, ხოლო თუ აღდგენა (დაბრუნება) შეუძლებელია – გადაიხადონ მათი სამმაგი ღირებულება.
4. თუ რკინიგზამ დააზიანა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის კუთვნილი ვაგონი (კონტეინერი), რკინიგზა ვალდებულია შეაკეთოს ასეთი ვაგონი (კონტეინერი) ან აუნაზღაუროს მფლობელს ვაგონის (კონტეინერის) დაზიანებით მიყენებული ზარალი ღირებულების სამმაგი ოდენობით.
5. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა პირის კუთვნილი ვაგონის (კონტეინერის) დაკარგვისას რკინიგზა, მისი მოთხოვნით, ვალდებულია გადასცეს მას შესაბამისი სახეობის ვაგონი (კონტეინერი) გარკვეული ვადით უფასოდ სარგებლობის უფლებით, ხოლო თუ რკინიგზა 3 თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნებს მფლობელს დაკარგულ ვაგონს (კონტეინერს) – გადასცეს ის მას საკუთრებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. რკინიგზის მიერ იჯარით გაცემული, დაზიანებული ან დაკარგული ვაგონის (კონტეინერის) შეცვლის წესი განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.
7. თუ რკინიგზამ, ტვირთგამგზავნის თანხმობით, დასატვირთად მიაწოდა მას ცარიელი, გაუწმენდავი ვაგონი (კონტეინერი), რომელსაც გახსნილი ლუკები, კარები და მოუხსნელი დასამაგრებელი სამარჯვები აქვს, რკინიგზამ ტვირთგამგზავნს უნდა აუნაზღაუროს შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად გაწეული ხარჯები. მათ შესასრულებლად ტვირთგამგზავნს ეძლევა გონივრული ვადა.
8. თუ ტვირთმიმღები დაარღვევს ამ კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, რკინიგზას აუნაზღაუროს ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯები და გადაუხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად.
თავი VII. აქტები, პრეტენზიები, სარჩელები
1. გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით.
2. კომერციული აქტი დგება იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება:
ა) გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ მონაცემებთან ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის სახელწოდების, მასის ან სატვირთო ადგილების რაოდენობის შეუსაბამობა;
ბ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის დაზიანება ან/და გაფუჭება;
გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს გადაზიდვის დოკუმენტები ან/და იმ გადაზიდვის დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავს ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი;
დ) დატაცებული ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის რკინიგზისათვის დაბრუნება;
ე) ტვირთის გაცემის შესახებ სატვირთო სალაროში დოკუმენტების გაფორმების შემდეგ 24 საათის განმავლობაში მისასვლელ ლიანდაგზე რკინიგზის მიერ ტვირთის მიუწოდებლობა. ამ შემთხვევაში კომერციული აქტი დგება მხოლოდ ტვირთმიმღების მოთხოვნით.
3. კომერციული აქტი დგება:
ა) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადმოტვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებზე – გადმოტვირთვის დღეს ან „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღეს;
ბ) ტვირთის გადმოტვირთვისას არასაერთო სარგებლობის ადგილებზე – ტვირთის გადმოტვირთვის დღეს; ამასთან, ტვირთის შემოწმება უნდა მოხდეს ტვირთის გადმოტვირთვის პროცესში ან უშუალოდ ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ;
გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის მსვლელობის გზაზე – იმ გარემოებათა გამოვლენის დღეს, რომლებიც კომერციული აქტით გაფორმებას ექვემდებარება.
4. თუ კომერციული აქტის შედგენა შეუძლებელია ამ მუხლში აღნიშნულ ვადებში, იგი უნდა შედგეს არა უგვიანეს მომდევნო დღე-ღამისა.
5. სავაგონო გზავნილებისას კომერციული აქტი ფორმდება თითოეულ ვაგონზე. დასაშვებია ერთი კომერციული აქტის შედგენა დღე-ღამეში მოსულ ვაგონთა ჯგუფზე ერთგვაროვანი ტვირთის გაცემისას, თუ ტვირთი გადაზიდულია დაყრით ან დაზვინვით და მიტანილია გამართული ვაგონებით, დაკარგვის ნიშნების გარეშე, ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთი ტვირთმიმღების მისამართზე:
ა) დანაკლისის შემთხვევაში – თუ ის აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკარგის ნორმასა და მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილებას;
ბ) ზედმეტობის შემთხვევაში – თუ არსებობს განსხვავება გაგზავნის რკინიგზის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასასა და დანიშნულების რკინიგზის სადგურში განსაზღვრულ ტვირთის მასას შორის, მასის ნეტოს გაზომვათა ცდომილების გათვალისწინებით.
6. იმ ტვირთის დანაკლისი და ზედმეტობა, რომლის გადაზიდვა ხორციელდება დაყრით, დაზვინვით, ჩასხმით ან გზაში გადატვირთვით ერთი ტვირთმიმღების მისამართზე და რომელიც მიტანილია გამართული ვაგონით, დაკარგვის ნიშნების გარეშე, განისაზღვრება ერთდროულად გაცემული ტვირთის მთელი პარტიის შემოწმების შედეგის მიხედვით და ფორმდება ერთი კომერციული აქტით.
7. კომერციული აქტი დგება 3 ეგზემპლარად. კომერციული აქტის ბლანკის შევსებისას დაუშვებელია გადაშლა, ამოფხეკა და შესწორება. კომერციული აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის მდგომარეობისა და იმ გარემოებების ზუსტ და დაწვრილებით აღწერას, რომლებმაც გამოიწვია ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის დაუცველობა. კითხვებს, რომლებსაც შეიცავს კომერციული აქტის ბლანკი, უნდა გაეცეს ზუსტი პასუხი. დაუშვებელია გადახაზვა ან გამეორების ნიშნის დასმა საჭირო მონაცემების გამეორების ნაცვლად;
ბ) მონაცემებს იმის შესახებ, სწორად არის თუ არა ჩატვირთული, განლაგებული და დამაგრებული ტვირთი, ბარგი ან ტვირთ-ბარგი, აგრეთვე არის თუ არა დამცავი ნიშანდება ღია მოძრავი შემადგენლობით გადასაზიდ ტვირთზე.
8. მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭების თაობაზე კომერციულ აქტს უნდა დაერთოს ამონაწერი ტემპერატურათა დავთრიდან, რომლის შევსების პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
9. არასწორი ინფორმაციის შემცველი კომერციული აქტის შემდგენ ან ხელმომწერ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
10. „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად კომერციულ აქტს ხელს აწერენ ტვირთმიმღები (თუ იგი მონაწილეობს ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის შემოწმებაში), რკინიგზა და მასში მონაწილე სხვა პირები.
11. რკინიგზა ვალდებულია შეადგინოს კომერციული აქტი, თუ მან თვითონ გამოავლინა ამ მუხლში ჩამოთვლილი გარემოებანი თუ ამ გარემოებათაგან თუნდაც ერთი აღნიშნა ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის მიმღებმა. მხარეთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ კომერციული აქტის შედგენაში, უფლება არა აქვთ, უარი განაცხადონ მის ხელმოწერაზე. კომერციული აქტის შინაარსთან უთანხმოების შემთხვევაში მხარეთა წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ჩამოაყალიბონ თავიანთი შენიშვნები.
12. რკინიგზის სადგურის მიერ კომერციული აქტის შედგენაზე უარის თქმის ან არასწორად შედგენის შემთხვევაში ტვირთმიმღებს უფლება აქვს, ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარუდგინოს რკინიგზას.
13. რკინიგზა ვალდებულია, მოტივირებული პასუხი გასცეს მალფუჭებადი ტვირთის თაობაზე განცხადებას მისი მიღებიდან ერთ დღეში, ხოლო სხვა ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის თაობაზე განცხადებას – მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. თუ განცხადება დასაბუთებულია, კომერციული აქტის შედგენის დაყოვნების დროისათვის ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის შენახვის საფასურს ტვირთმიმღები არ გადაიხდის.
14. ტვირთმიმღების მოთხოვნით, რკინიგზის სადგური ვალდებულია, 3 დღის განმავლობაში გასცეს კომერციული აქტი. რკინიგზის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომერციული აქტების გადაგზავნის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.
15. ამ მუხლით გაუთვალისწინებელ სხვა გარემოებათა დასამოწმებლად დგება ტექნიკური და საერთო ფორმის აქტები, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
1. ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენამდე სავალდებულოა რკინიგზის მიმართ წერილობითი პრეტენზიის წარდგენა.
2. ადგილობრივი გადაზიდვისას წარმოქმნილი ზიანისათვის რკინიგზისადმი პრეტენზიის ან სარჩელის წარდგენის უფლება აქვს:
ა) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ტვირთის გადასაზიდად მიღების შესახებ ტვირთის ქვითრის დედნის წარდგენისას, რომელზედაც არსებობს აღნიშვნა დანიშნულების რკინიგზის სადგურის მიერ ტვირთის არმიღების თაობაზე – ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ზედნადებისა და კომერციული აქტის დედნების წარდგენისას – ტვირთის დაზიანების, გაფუჭების, დანაკლისის, ხარისხის დაქვეითების და სხვა შემთხვევაში;
გ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს ზედნადებს (ტვირთ-ბარგის ქვითრის დედანს);
დ) ტვირთმიმღებს – ტვირთის (ტვირთ-ბარგის) გაცემის შეფერხების შემთხვევაში, იმ პირობით, თუ იგი წარმოადგენს სატრანსპორტო ქვითრისა და საერთო ფორმის აქტის დედნებს.
3. საერთაშორისო გადაზიდვისას პრეტენზიის წაყენების პირობები განისაზღვრება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით.
4. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უფლება აქვს, პრეტენზიის წარდგენის უფლებამოსილება სხვა პირს გადასცეს.
5. მგზავრთა გადაყვანასთან ან ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით რკინიგზას პრეტენზია შეუძლია წარუდგინოს:
ა) ბარგის ქვითრის წარმომდგენმა – ბარგის დაკარგვისას;
ბ) შესაბამისი კომერციული აქტის წარმომდგენმა – ბარგის დაზიანებისას, გაფუჭებისას ან დანაკლისისას;
გ) რკინიგზის მიერ გაცემული შესაბამისი საერთო ფორმის აქტის წარმომდგენმა – ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილებისას;
დ) მგზავრმა, ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში – მატარებლის გასვლის დაყოვნებისას ან დაგვიანებისას.
6. ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან და მგზავრთა გადაყვანასთან, აგრეთვე რკინიგზის მიერ მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის (რომლებიც ეკუთვნის ტვირთგამგზავნს, ტვირთმიმღებს ან სხვა პირს) დაზიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრეტენზიები წარედგინება რკინიგზას.
7. პირდაპირი შერეული მიმოსვლისას ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება:
ა) დანიშნულების რკინიგზას – თუ ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტი რკინიგზის სადგურია;
ბ) სხვა სახეობის ტრანსპორტის შესაბამის ადმინისტრაციას, რომელიც ემსახურება ტვირთის გადაზიდვის ბოლო პუნქტს ან რომლის გამგებლობაშიც არის ეს პუნქტი.
მუხლი 54. პრეტენზიის წარდგენის წესი
1. პრეტენზია უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნებს და მას უნდა ერთვოდეს პრეტენზიის დასაბუთებულობის დამამტკიცებელი საბუთები.
2. ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის შესახებ პრეტენზიას აგრეთვე უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გაგზავნილი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) რაოდენობასა და ღირებულებას, მასში მიუღებელი შემოსავლისა და განუხორციელებელი ფაქტობრივი დანახარჯების შეტანის გარეშე, ან დანაკლისი ტვირთის (ტვირთ-ბარგის) დეტალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებას.
მუხლი 55. პრეტენზიის წარდგენის ვადები
1. ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას პრეტენზია შეიძლება წარედგინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ვადებში, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას – „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
2. პრეტენზიის წარდგენის ვადები გამოითვლება:
ა) ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის გამო – ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან;
ბ) ტვირთის დაკარგვის გამო – ტვირთის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ;
გ) ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვის გამო – ფიზიკურ პირთა ტვირთის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის შემდეგ და იურიდიულ პირთა ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ;
დ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების გამო – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან;
ე) ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის დაბრუნებაზე – პრეტენზიის განმცხადებლის მიერ ამ საფასურის გადახდის დღიდან;
ვ) ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის გამო –საფასურის გადახდიდან 5 დღის შემდეგ;
ზ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა საწარმოს (ორგანიზაციის და ა.შ.) კუთვნილი ან მათ სარგებლობაში არსებული ვაგონის (კონტეინერის) თვითნებური დაკავებით მიყენებული ზიანის გამო – ასეთი მოძრავი შემადგენლობით ტვირთის ადგილზე მიტანის ან მიწერის რკინიგზის სადგურში მისი დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ;
თ) გადაზიდვასთან დაკავშირებით წარმოშობილ სხვა შემთხვევაში – იმ მოვლენის დადგომის დღიდან, რომელიც პრეტენზიის წარდგენის საფუძველი გახდა.
3. რკინიგზა ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და მისი განხილვის შედეგები წერილობით შეატყობინოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 2 თვის განმავლობაში. თუ რკინიგზა ცნობს პრეტენზიას, იგი ვალდებულია, პრეტენზიის ცნობის დღიდან 2 კვირის ვადაში აუნაზღაუროს განმცხადებელს ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ზიანი ამ კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ოდენობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია წარმოდგენილია თანდართული არასრული დოკუმენტებით, იგი განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს განხილვის გარეშე, 10 დღის ვადაში.
5. თუ რკინიგზამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ან უარყო პრეტენზია, პასუხში უნდა აღინიშნოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება პრეტენზიასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები.
6. რკინიგზას უფლება აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან სხვა პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
მუხლი 56. სარჩელის წარდგენის ვადები
ამ კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
მუხლი 57. სარჩელის წარდგენის წესი
1. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელი რკინიგზის მიმართ შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა მთლიანად ან ნაწილობრივ უარს იტყვის პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე, ან იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზა არ გასცემს პასუხს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 2 თვის განმავლობაში.
2. სარჩელის წარდგენა ხდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის ან ტვირთ-ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენა დაიშვება ამ კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი ვადების გასვლამდე, თუ პრეტენზიაზე მიღებულია რკინიგზის პასუხი.
მუხლი 58. ტვირთზე გირავნობის უფლება
რკინიგზას გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ტვირთი.
მუხლი 59. მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი
1. რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს. ამ ზონებში უცხო პირთა ყოფნა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, აკრძალულია. მომეტებული საშიშროების ზონაში ყოფნის, იქ სამუშაოების შესრულების, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრაობისა და გადასვლის წესებს ადგენს რკინიგზა.
2. მგზავრთა მომსახურება, აგრეთვე მოძრავი შემადგენლობა (მათ შორის, სპეციალიზებული), კონტეინერები, ლიანდაგის ზედნაშენის ელემენტები, სხვა ტექნიკური საშუალებები და მექანიზმები უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების, შრომისა და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით.
3. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევათა კლასიფიკაციის, სამსახურებრივი მოკვლევისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს რკინიგზა.
4. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბრალეულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 60. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზების ზოგადი პრინციპები
1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას.
2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით;
ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით;
გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით;
დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით.
3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით.
4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, რომელთა ტერიტორიაზედაც ხორციელდება საფრთხეშემცველი ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებისა და ნაგებობებისაგან დაშორებული უნდა იყოს იმ მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთისა და მასთან მიახლოებულ ადგილებზე ობიექტების მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.
[ 4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს.
6. საფრთხეშემცველი ტვირთის გამგზავნი (მიმღები) საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) და რკინიგზა ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, იქონიონ ტექნიკური საშუალებანი და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციოდ.
[ 6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას.
10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
[მუხლი 60 1 . უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება
1. სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება აქვს სარკინიგზო საწარმოს, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს.
2. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც სააგენტომ უსაფრთხოების ავტორიზაცია მიანიჭა.
3. სააგენტოს მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) გასცეს/მიანიჭოს, განაახლოს, შეაჩეროს და გააუქმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი და უსაფრთხოების ავტორიზაცია;
ბ) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად განახორციელოს ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირება, მონიტორინგი და ზედამხედველობა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება.
6. უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 61. ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა
1. მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას ახორციელებს რკინიგზა სატრანსპორტო პოლიციის მეშვეობით, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზის შესაბამისი სამსახური.
2. იმ ტვირთის ნუსხას, რომელიც მოითხოვს პოლიციის მიერ დაცვასა და თანხლებას, რკინიგზა ადგენს სატრანსპორტო პოლიციასთან შეთანხმებით. სატრანსპორტო პოლიცია პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე.
3. ტვირთს, რომელიც გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარკინიგზო შემთხვევის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე.
2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, სარკინიგზო საწარმოსგან, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სხვა პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.
3. მოკვლევის ბიურომ, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის გარდა, შეიძლება განახორციელოს ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა გამოეწვია. აღნიშნული შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის ბიურო. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოკვლევის ბიურო ითვალისწინებს:
ა) სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მნიშვნელობასა და სიმძიმეს;
ბ) იმას, არის თუ არა სარკინიგზო შემთხვევა ან ინციდენტი სარკინიგზო შემთხვევების ან ინციდენტების სერიის ნაწილი (რკინიგზის სისტემის კონტექსტში);
გ) სარკინიგზო უსაფრთხოებაზე ზოგად გავლენას;
დ) სააგენტოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს მიმართვას.
4. მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს:
ა) სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე მასში მონაწილე მოძრავ შემადგენლობასა და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან დაშვების/წვდომის უფლება;
ბ) მტკიცებულებების შეგროვების უფლება (მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზისთვის ან ანალიზისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის/მოძრავი შემადგენლობის დაზიანებული ნაწილების მოხსნის/ამოღების) უფლება;
გ) მატარებელში არსებული ჩამწერი მოწყობილობის ჩანაწერისა და იმ აღჭურვილობის წვდომისა და გამოყენების უფლება, რომელიც დაკავშირებულია ვერბალური შეტყობინებების ჩაწერის, სიგნალიზაციისა და მოძრაობის კონტროლის სისტემის ექსპლუატაციის რეგისტრაციასთან;
დ) მსხვერპლის ცხედრის ექსპერტიზის შედეგების წვდომის უფლება;
ე) სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევაში, სარკინიგზო შემთხვევაში ან ინციდენტში მონაწილე მატარებლის პერსონალისა და სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის სხვა პერსონალის გამოკვლევის შედეგების წვდომის უფლება;
ვ) სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის პერსონალისა და სხვა პირის გამოკითხვის უფლება;
ზ) ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო საწარმოს და სააგენტოს ხელთ არსებულ ნებისმიერ შესაბამის ინფორმაციასთან ან ჩანაწერთან დაშვების/წვდომის უფლება.
5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის, რათა ეს ინფორმაცია გამჟღავნდეს მხოლოდ სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის მიზნით. აღნიშნული მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან სარკინიგზო შემთხვევის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი მოკვლევის ბიუროს ან სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.
7. ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევისას, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია.
8. სარკინიგზო შემთხვევის ან სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომისას შესაბამისი შეტყობინება ეგზავნებათ სარკინიგზო ტრანსპორტის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს. მათ უფლება აქვთ, შესაბამის მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით უფლებამოსილი წარმომადგენლები დანიშნონ.
9. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სააგენტო ვალდებული არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ მოკვლევის ბიუროს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ.
10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.
11. უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას.
13. მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
14. მოკვლევის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
1. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.), სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებენ შესაბამის დაუყოვნებლივ ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პასუხისმგებლობა რკინიგზის მუშაობის განზრახ შეფერხების, შეწყვეტისა და ტექნიკური საშუალებების დაზიანებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 63. დაზღვევა სარკინიგზო ტრანსპორტზე
სარკინიგზო ტრანსპორტზე მგზავრთა, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და სხვა სახის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
[თავი VIII 1 . მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა და მემანქანის სერტიფიცირება
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 63 1 . თავის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ეს თავი განსაზღვრავს სააგენტოს, მემანქანის, სარკინიგზო საწარმოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სასწავლო ცენტრის უფლებებსა და მოვალეობებს.
2. ეს თავი არ ვრცელდება იმ მემანქანეზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ:
ა) მეტროში, ტრამვაიში ან სხვა მსუბუქრელსიან სარკინიგზო ტრანსპორტში, რომელიც გამიჯნულია სარკინიგზო ქსელისგან;
ბ) იმ ქსელზე, რომელიც ფუნქციურად გამიჯნულია დანარჩენი სარკინიგზო ქსელისგან და გამიზნულია მხოლოდ ადგილობრივი, საქალაქო ან საგარეუბნო სარკინიგზო მიმოსვლისა და სატვირთო მომსახურებისთვის;
გ) კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არსებობს მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის მფლობელის მიერ გადაზიდვების საკუთარი მიზნებისთვის განსახორციელებლად;
დ) სარკინიგზო ლიანდაგის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელიც (რომლებიც) რკინიგზის სისტემის შეკეთების, განახლების ან გაუმჯობესების მიზნით ჩვეულებრივი მიმოსვლისთვის დროებით დაკეტილია.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 63 2 . მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები
1. რკინიგზის სისტემაში მემანქანის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
2. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) მემანქანის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს აქვს ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) მემანქანის სერტიფიკატი.
3. მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სააგენტო, ხოლო მემანქანის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.
4. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები (მათ შორის, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
1. მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. მემანქანის სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია ჰქონდეს მემანქანის მართვის მოწმობა და აკმაყოფილებდეს ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს .
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 63 4 . მემანქანეთა პროფესიული სწავლება
1. მემანქანეთა პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრში სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობების შესაბამისად.
2. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასა და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან. მემანქანეთა პროფესიული სწავლება მათი მეშვეობით ხორციელდება.
3. სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობა სამართლიანობის ფარგლებში და დისკრიმინაციის გარეშე.
4. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.
5. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 63 5 . მემანქანის გამოცდა
მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად განმცხადებელს, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საგამონაკლისო წესების გარდა, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მემანქანის გამოცდა. მემანქანის გამოცდის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 63 6 . სააგენტოს უფლებამოსილებები
1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) გასცეს, დაადასტუროს და აღადგინოს მემანქანის მართვის მოწმობა;
ბ) შეაჩეროს და გააუქმოს მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედება, აგრეთვე მიიღოს სარკინიგზო საწარმოსთვის ან ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის მემანქანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება და იგი შესაბამის პირს წარუდგინოს;
გ) განახორციელოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების მონიტორინგი, ჩაატაროს მემანქანის გამოცდა ან/და ტესტირება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა და ამ მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებისგან;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სასწავლო ცენტრის მონიტორინგი;
ვ) გამოსცეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ზ) შეასრულოს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის დაკისრებული ფუნქციები;
თ) მიიღოს შესაბამისი მომსახურების საფასური;
ი) დაამტკიცოს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი და აწარმოოს აღნიშნული რეესტრი;
კ) დაამტკიცოს მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი.
2. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების მესამე პირისთვის დელეგირება. სააგენტოს მიერ უფლებამოსილების დელეგირება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს.
3. თუ სააგენტო ახორციელებს მემანქანის მართვის მოწმობის გაცემის ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების სარკინიგზო საწარმოსთვის დელეგირებას, მისი დელეგირება უნდა განხორციელდეს შემდეგი 2 წინაპირობიდან ერთ-ერთის დაცვით:
ა) სარკინიგზო საწარმო მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს მხოლოდ მასთან დასაქმებული მემანქანისთვის;
ბ) სარკინიგზო საწარმო დელეგირებულ უფლებამოსილებას ექსკლუზიურად არ ახორციელებს.
4. მესამე პირმა მისთვის დელეგირებული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მან უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რომელთა შესრულებაც აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სავალდებულოა სააგენტოსთვის.
5. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავ მატარებელში ნებისმიერ დროს შეამოწმოს მემანქანის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობა.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
1. მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
მუხლი 64. გარდამავალი დებულებები
1. მარეგულირებელი ორგანოს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს.
2. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცება;
ბ) სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცება;
გ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცება.
3. სააგენტომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცება;
ბ) მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცება;
გ) მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცება;
დ) მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცება;
ე) მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება;
ვ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება;
ზ) პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესების დამტკიცება.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 65. დასკვნითი დებულებები
1. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ.
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.295
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 28 დეკემბერი.
№1911 –რს
[დანართი
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემადგენელი კომპონენტების/დეტალების ჩამონათვალი
Комментарии к документу