კომენტარები

CSI's picture
CSI (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი)
სხვა
რეგ. თარ: 2019/03/20
ბოლო შემოს: 2024/03/27 17:08:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი. კომენტარი - პროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე.

პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეს კანონი განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის დაფუძნების პროცედურებს, არსებობის ფორმებსა და მათი არსებობის პროცესში ამავე სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებს.“ პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი უთითებს მხოლოდ იურიდიულ პირებზე, მაშინ როცა კანონპროექტი ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხებსაც არეგულირებს. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას. შემოთავაზებული ფორმულირება „სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირი“, არ არის თავსებადი სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ასევე გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც. პროექტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მეწარმეობა შესაძლებელია ხორციელდებოდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით.“. მაშინ როცა სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი არასამეწარმეო იურიდიულ პირებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებას აძლევს, ხოლო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებას. მნიშვნელოვანია პროექტის ზემოაღნიშნული მუხლების ფორმულირებები ისე ჩამოყალიბდეს, რომ გათვალისწინებული იქნეს ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების მიერ თავად ამ ორგანიზაციების ბაზაზე დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და შესაძლებლობა.

CSI's picture
CSI (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი)
სხვა
რეგ. თარ: 2019/03/20
ბოლო შემოს: 2024/03/27 17:08:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ცვლილებების პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ . კომენტარი - პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე (კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით).

კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილების პროექტის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს „პარტნიორთა შეთანხმება“. მაშინ როცა, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს „დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების წარდგენას“. არასამეწარმეო იურიდიული პირის არსიდან და მოწყობის თავისებურებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია სადამფუძნებლო დოკუმენტს ეწოდოს არა „პარტნიორთა შეთანხმება“, არამედ „დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება. აღნიშნული გამომდინარეობს ა(ა)იპ თავისებურებებიდან, რომელიც შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული ან წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ცვლილებები არ შედის კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილში და 38-ე მუხლის მე-4 ნაწილში, რომელთა მოქმედი რედაქციაც ასევე ითვალისწინებს „დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების“ არსებობას.

CSI's picture
CSI (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი)
სხვა
რეგ. თარ: 2019/03/20
ბოლო შემოს: 2024/03/27 17:08:43
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ცვლილებების პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“. კომენტარი - პროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტზე (კოდექსის 32-ე მუხლს ემატება ახალი 2 პრიმა ნაწილი).

დამატებული ნაწილის თანახმად დგინდება, რომ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული „სამეწარმეო საზოგადოებების“ დაშლის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. სავარაუდოდ არის რედაქციული ხასიათის ხარვეზი, და „სამეწარმეო საზოგადოებების“ ნაცვლად უნდა მიეთითოს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები“. ამასთან, მუნიციპალიტეტების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პრინციპები და მოთხოვნები.