პორტუგალიის ქალაქ პორტუში ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების 22-ე ფორუმი (EFOG) გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო „საჯარო ნდობა ციფრულ ეპოქაში“. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები, რომელიც მოიცავდა კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
განიხილეს უახლესი მიღწევები სხვადასხვა ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების პლატფორმების ერთმანეთთან თავსებადობის შესაძლებლობების შესახებ, რათა მომხმარებელმა მიიღოს უფრო მდიდარი და მოქნილი სამართლებრივი ბაზა, მათ შორის, სხვადასხვა ევროპულ ენაზე.
ფორუმის ფორმატში პანელურ დისკუსიაზე განიხილეს სამართლებრივი ენის გამარტივების და მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მექანიზმები ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების მანდატის ფარგლებში.
პანელურ დისკუსიაზე საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და მალტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოებთან ერთად მოხსენებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი წარდგა.
ნათია ჩირიკაშვილმა საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო, თუ როგორ უზრუნველყოფს საკანონმდებლო მაცნე კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა მაცნეს პლატფორმის მეშვეობით უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზებასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე. ასევე, ევროპელ კოლეგებს გააცნო მაცნეს მთარგმნელობითი საქმიანობა და ეთნიკური უმცირესობების ენაზე ნათარგმნი საკანონმდებლო აქტები.
EFOG-ი წარმოადგენს ევროპულ პლატფორმას, რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპის მასშტაბით 40-მდე ქვეყნის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს აერთიანებს. აღნიშნულ ფორუმს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ფორუმის საქმიანობაში, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროპელ კოლეგებთან და გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.