ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ ბრიუსელში გამართულ ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმში (EFOG) მიიღო მონაწილეობა.

ფორუმს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 2023 წლიდან შეუერთდა.

ღონისძიებაზე ორგანიზაციას სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე, ნათია ჩირიკაშვილი წარმოადგენდა.

ფორუმში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, პორტუგალიისა და სხვა ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს დგანან ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მისი პრაქტიკაში გამოყენების რისკებს. მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა სანდოობასა და კონფიდენციალურობის საკითხებს.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა ვიწრო სამუშაო შეხვედრები, სადაც მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე.

ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმი ფუნქციონირებს 2004 წლიდან და აერთიანებს დაახლოებით 40 ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურას, როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოებიდან. ფორუმის მთავარი მიზანია ბეჭდვითი ორგანოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, დარგობრივი კომპეტენციების განვითარება და წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაცვლა.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ აქტიური მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაძლიერებას, დარგობრივი ცოდნის საერთაშორისო დონეზე გაზიარებას და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პრაქტიკის დანერგვას.