„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი პროექტის − მაცნეს კლუბის − პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი პროექტის − მაცნეს კლუბის − პრეზენტაცია 20 იანვარს საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე ბარამიძემ და გიორგი პატარიძემ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილმა უმასპინძლეს.

„მაცნეს“ კლუბი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კლუბი იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს  გააერთიანებს,  რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, დაუსვან კითხვები და სხვ. „მაცნეს“ კლუბში გაიმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები ახალგაზრდებისათვის საინტერესო საკითხებზე; კლუბის მენტორები იქნებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები დაგეგმავენ და განახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით შეირჩევა.

განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე მონაწილეებს კლუბში სიმბოლური და სახალისო „თანამდებობები“ მიენიჭებათ და ინტენსიურად ჩაერთვებიან კლუბის მართვასა და პროექტების დაგეგმვაში.

კლუბის შექმნით „მაცნე“ ქმნის პლატფორმას იურისტებისთვის, სადაც ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ და იკამათებენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. კლუბის წევრებისათვის „მაცნეს“ ონლაინმაღაზია სპეციალურ შეთავაზებებს მოამზადებს.

„მაცნეს“ კლუბის მენტორობის სურვილი უკვე გამოთქვეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძემ; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ და  გიორგი კვერენჩხილაძემ; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ; პროფესორებმა მინდია უგრეხელიძემ, ლადო ჭანტურიამ და ირაკლი ბურდულმა; ადვოკატებმა ზვიად კორძაძემ და ირაკლი კორძახიამ.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც აქვეყნებს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტებს და საჯარო განცხადებებს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმატით. სწორედ „მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.