იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების სისტემაში ელექტრონული სერვისების დანერგვას აგრძელებს

იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების სისტემაში ელექტრონული სერვისების დანერგვას აგრძელებს

 

იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს, რომელიც სასამართლო სხდომის დარბაზებში საკანონმდებლო მაცნეს სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, 29 ივლისს ხელი მოაწერეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ახალბედაშვილმა, სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა ქარჩავამ. ხელმოწერის ცერემონია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა.

 

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო მაცნე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21 სხდომის დარბაზში, საქმის გასაცნობ ოთახში და მოქალაქეთა მისაღებში, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, განათავსებს უწყვეტი კვების წყაროთი აღჭურვილ 67  პერსონალურ კომპიუტერს.

 

პროექტის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა, სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების პოპულარიზაცია. საკანონმდებლო მაცნე მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების მუდმივად განახლებად, სრულყოფილ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ქვეყანაში მოქმედ ყველა ნორმატიულ აქტს. ნორმატიული აქტების საძიებო სისტემაში მომხმარებელს შეუძლია იხილოს კოდიფიცირებული აქტები და მათი ისტორია განხორციელებული ცვლილებების ყველა სტადიაზე.

 

აღნიშნულ პროექტს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე საკუთარი შემოსავლებიდან სრულად აფინანსებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 117 383 ლარია.

 

ანალოგიური პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო მაცნემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 43 სხდომათა დარბაზში 129 პერსონალური  კომპიუტერი განათავსა, რისთვისაც საკანონმდებლო მაცნეს საკუთარი სახსრებიდან 176 270 ლარი გამოიყო.