დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 15/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
2007 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში (სსმ III, №2, 2003 წ., მუხ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების:
ა.ა) მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 2. ფონდის მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. ფონდის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
2. ფონდის ფუნქციები და უფლება-მოვალეობებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება ან განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ დანიშნულებით მიღებული დაფინანსების ფარგლებში;
დ) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში სოციალური დახმარების მიმღებთა დადგენა, აღრიცხვა, დანიშვნა და გაცემის ორგანიზება;
ვ) განხორციელებული პროგრამებისა და დაფინანსების შესახებ ანგარიშების სამინისტროსათვის წარდგენა;
ზ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა;
თ) თავისი მიზნების მისაღწევად დადგენილი წესით სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები) შექმნა;
ი) ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები) მუშაობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველმყოფი მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) ფონდის საქმიანობისათვის საჭირო შიდაორგანიზაციულ საკითხებზე აქტების შემუშავება და გამოცემა;
მ) ფონდის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ნ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება;
ო) ფონდზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საკუთარი ბეჭდვითი საშუალების (გაზეთი, ჟურნალი და სხვ.) გამოცემა;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ფონდმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება:
ა) შეიძინოს უძრავი ქონება, გაასხვისოს და დატვირთოს;
ბ) აიღოს სესხი;
გ) განახორციელოს თავდებობა;
დ) განსაზღვროს საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურების ფონდი;
ე) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 3. ფონდის მართვა და სტრუქტურა
1. ფონდი შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულებისაგან (ფილიალებისაგან).
2. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდეგში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).
3. ფონდის დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვის, ფონდის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის.
4. დირექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.
5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე.
მუხლი 4. დირექტორი
დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების, საქართველოს საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;
გ) ფონდის საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის;
დ) ახორციელებს ფონდის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ე) წარმოადგენს ფონდს ან ანიჭებს წარმომადგენლობას;
ვ) ახორციელებს ფონდში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ზ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში ან მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
თ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეების კანდიდატურას, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) ახორციელებს ფონდში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
მ) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ფონდის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ო) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
ჟ) სამინისტროში წარადგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
რ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს) ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
ა.ბ) მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები და მე-8 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტები გამოცხადდეს ძალადაკარგულად;
ა.გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ფონდის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. ფონდს აქვს ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. ფონდი კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.“;
ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები