„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 607
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 16/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 450.150.000.08.002.004
  • Word
607
16/10/2006
სსმ, 142, 16/10/2006
450.150.000.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №607

2006 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

1. კულტურისა და ხელოვნების სფეროში რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მრჩეველთა საბჭო (შემდეგში – საბჭო).

2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.

მ. სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების მრჩეველთა საბჭო (შემდეგში – საბჭო) არის კულტურისა და ხელოვნების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები

საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კულტურისა და ხელოვნების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) ხელოვნებისა და კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირება;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში წარდგენილი წინადადებების განხილვა და მათი გაზიარების მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის სხვა ცალკეული დავალებების შესრულება.

    მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით საბჭო უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ყველა სახელმწიფო დაწესებულებისაგან, თანამდებობის პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და თავის საქმიანობაში ჩააბას სახელმწიფო ორგანოების, შემოქმედებითი გაერთიანებების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციათა დაინტერესებული წარმომადგენლები.

    მუხლი 4. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი

1. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან მდივანი.

2. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.

3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

4. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე ან მდივანი.

6. საბჭო, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, ყოველწლიურად ამტკიცებს სამუშაო გეგმას.

7. საბჭოს სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

8. საბჭოს წევრები საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საზოგადოებრივ საწყისებზე.

9. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოიწვიოს საბჭოს სხდომა და თავადვე უხელმძღვანელოს მას.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.