დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 02/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №286
2006 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №6, გვ. 13) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. შს ორგანოებში სამსახურში მიღების წესი
შს ორგანოებში სამუშაოდ მიიღებიან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას და მოხდილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლებული პირებისა. სამინისტროს სისტემაში შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით. ასაკობრივი შეზღუდვა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილი იყვნენ შს ორგანოებიდან და ახლად იწყებენ სამსახურს, განისაზღვრება ამ დებულების 61-ე მუხლის მოთხოვნებით.
შს ორგანოების რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქენი.
უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე, როგორც წესი, მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქენი.
უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქენი.
შს ორგანოების თანამშრომელთა სამუშაოზე მიღება ფორმდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.“;
ბ) დებულების 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი
წახალისება და დისციპლინური სასჯელი გამოიყენება უშუალო უფროსის მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში. უშუალო უფროსად ითვლება ის უფროსი, რომელსაც სამსახურებრივად ემორჩილებიან შს ორგანოს თანამშრომლები.
დასჯა და წახალისება ცხადდება ბრძანებით. შს ორგანოს თანამშრომელს სასჯელის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
დისციპლინური სასჯელი პირს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელის გამოყენება.
ბრძანება დისციპლინური სასჯელის შეფარდების შესახებ, მოტივების აღნიშვნით, თანამშრომელს გამოეცხადება ხელის მოწერით.
დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დღიდან, როცა პირს შეეფარდა სასჯელი. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, სასჯელი ძალას კარგავს, მაგრამ ექვემდებარება აღრიცხვას.
დისციპლინური სასჯელი შს ორგანოს თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სასჯელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ.
შს ორგანოს თანამშრომლის გადაადგილება დაბალ თანამდებობაზე ხდება ამ დებულების მე-12 და 44-ე მუხლების საფუძველზე.
დისციპლინური სასჯელის წესით წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებული სპეციალური წოდების აღდგენა შეიძლება ამ დებულების 42-ე მუხლის საფუძველზე. დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანამშრომლის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი ან თუ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები