დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაციის ძირითადი პრინციპების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 778 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 28/09/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.610.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №778
2005 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაციის ძირითადი პრინციპების შესახებ
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვას, აღნიშნული მიმართულებით უზრუნველყოფს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინირებულად წარმართვას. ერთიანი სახელმწიფო პოზიციების შეჯერება ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა საგარეო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, აღნიშნულის გათვალისწინებით, ცნობად იქნეს მიღებული თანდართული „საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაციის ძირითადი პრინციპები“.
მ. სააკაშვილი
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაციის ძირითადი პრინციპები
საგარეო პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, ერთიანი სახელმწიფო პოზიციების გატარება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და სხვა ღონისძიებების, მათ შორის ვიზიტების, კოორდინაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ის სახელმწიფო დეპოზიტარი, რომელშიც ინახება საერთაშორისო საკითხებზე არსებული შესაბამისი საარქივო ინფორმაცია. ამ ფუნქციიდან გამომდინარე, ასევე საჭიროა ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, რეგისტრირდებოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რადგან დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, კოორდინაციის ეს პროცესი არ უნდა გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი ინფორმაციის მოძრაობის პროცესში.
ამ პრინციპებისა და წესების მიზანია კოორდინაციასთან ერთად უზრუნველყოს ინფორმაციის სწრაფი და ოპერატიული გაცვლა.
დესქ-ოფიცრების ინსტიტუციონალიზაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგენს ქვეყნების მიხედვით საკუთარ დესქ-ოფიცერთა კონკრეტულ სიას. დესქ-ოფიცრები ესწრებიან სახელმწიფო უწყებებში გამართულ ყველა საერთაშორისო შეხვედრას (საზღვარგარეთის დელეგაციების და/ან ელჩების ვიზიტების დროს).
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება მათი შეხვედრაზე დასწრება, შეხვედრის ძირითადი ასპექტების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს უშუალოდ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელ დესქ-ოფიცერს.
ინფორმაციის გაცვლა
1. დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან შემოსული ინფორმაცია:
1.1. დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მასპინძელ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფა. ამ ინფორმაციას ხშირად აქვს ოპერატიული დატვირთვა, რომელიც მოითხოვს რეაგირებას არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებებიდანაც. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ოფიციალური კორესპონდენცია მიეწოდოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მას რეგისტრაციაში ატარებს და ავრცელებს, ერთი მხრივ, უგზავნის მის მთავარ მომხმარებლებს (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, პრემიერის აპარატი, ეროვნული უშიშროების საბჭო) და, მეორე მხრივ, კორესპონდენციის შინაარსიდან გამომდინარე, სპეციფიკურ ადრესატებს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კორესპონდენციის რეგისტრაციაში გატარებასთან ერთად ინახავს ამ დოკუმენტების შესახებ საარქივო ინფორმაციას.
1.2. ამავე დროს, კომუნიკაციის სფეროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შესაბამისმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა იგივე ინფორმაცია კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს მიაწოდონ პარალელურად (ელფოსტით, ფაქსით, ტელეფონით).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ ფორმით მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ოფიციალურ კორესპონდენციას.
ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ საელჩოდან პარალელური წესით გაგზავნილი ინფორმაცია არ ხსნის იმის აუცილებლობას, რომ ინფორმაცია დადგენილი წესით მიეწოდოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ კორესპონდენციის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ ხდება საგარეო საქმეთა სამინისტრო მასზე პასუხისმგებელი.
1.3. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ინფორმაციის პარალელური დაგზავნისას არ უნდა მოხდეს სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამდივნოების გადატვირთვა რუტინული ინფორმაციით.
2. ინფორმაციის მოძრაობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართულებით
2.1. სახელმწიფო უწყება მიღებულ კორესპონდენციაზე რეაგირებს ან საზღვარგარეთ თავისი ინიციატივით ოფიციალურ წერილს გზავნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით, რომელიც ამ კორესპონდენციას ატარებს რეგისტრაციაში. ამასთან, დროის მოგების მიზნით, მათ ასევე შეუძლიათ პარალელურად, არაოფიციალურად გაუგზავნონ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ეს ინფორმაცია.
2.2. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა სახელმწიფო უწყებაში ინიშნება პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი, რომელიც მუდმივ კონტაქტში იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის დესქ-ოფიცერთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკოორდინაციო ფუნქციები
ვიზიტების მომზადებისას
3. ვიზიტების კოორდინაცია
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკოორდინაციო ფუნქციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, საგარეო-პოლიტიკური საკითხებისადმი ერთიანი სახელმწიფო მიდგომის შემუშავებისათვის და სახელმწიფო უწყებებისათვის ამ საკითხებზე მუშაობის გასაადვილებლად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მზადდება:
3.1. სასაუბროები:
საერთაშორისო ვიზიტების მომზადებისას საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებს უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საინფორმაციო საკითხების შესახებ საინფორმაციო ცნობებითა და სასაუბროებით, რაც იმის გარანტია, რომ საქართველოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ნებისმიერი საკვანძო საკითხის შესახებ ექნება ერთიანი პოზიცია.
3.2. ვიზიტების კალენდარი:
ამა თუ იმ ქვეყანაში ნებისმიერი ოფიციალური პირის ოფიციალური ვიზიტისას, აუცილებელია შედგეს საგარეო ვიზიტების ერთიანი კალენდარი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა სახელმწიფო უწყებაში ინიშნება პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი, რომელიც მუდმივ კონტაქტში იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტთან და შესაბამის დესქ-ოფიცერთან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს ერთიან კალენდარს, რომელიც დარიგდება მთავრობის სხდომებზე.
შენიშვნა: საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებისა და შესაბამისი სასაუბროების მომზადებისას საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და საკითხებს ათანხმებს უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.
3.3. ვიზიტის ორგანიზება:
დაგეგმილი ვიზიტების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უწყებებმა ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ უნდა მიაწოდონ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ უგზავნის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რომლებიც შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე დაუყოვნებლივ იწყებენ ვიზიტის მომზადებას.
ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სასურველი შეხვედრების ჩამონათვალსა და სხვა შესაძლო დამატებით მოთხოვნებს (ტრანსპორტი, სასტუმრო, თარჯიმანი და სხვ.).
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სრულ ორგანიზებას უწევს შემდეგ პირთა ვიზიტებს:
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი.
სრული ორგანიზება გულისხმობს დახვედრას, სასტუმროს დაჯავშნას, თარჯიმნითა და ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფას, ოფიციალური შეხვედრების ორგანიზებასა და მათში მონაწილეობას.
რაც შეეხება სხვა პირთა ოფიციალური და სამუშაო სახის ვიზიტებს, ოფიციალური შეტყობინების შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობა ამზადებს ოფიციალურ შეხვედრებს და მონაწილეობას იღებს მათში. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, რომლის თანხებსაც ჩასული პირი ან დელეგაცია გაიღებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები