დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 28/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.432 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №49
2006 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-9 მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პრივატიზების დეპარტამენტი – აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავების ორგანიზება; წინადადებების მომზადება საერთაშორისო ტენდერზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და საკონკურსო პირობების შესახებ; წინადადებების წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები, წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარმოდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების მომზადება საერთო სახელმწიფოებრივი და სახელმწიფო საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების, აგრეთვე, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების და მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შეთანხმების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა, გამოყოფა) ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მეიჯარესთან); სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლო დაცვის რეჟიმის, სამობილიზაციო რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ინსტრუქციების დაპროექტებაში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები