დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 06/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.140.000.10.003.000.409 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №26
2006 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე:
1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №104, მუხლი 1161) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. ტერმინთა განმარტებანი
1. საქმიანობა – საწარმოო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა (მათ შორის მშენებლობა) ინფრასტრუქტურული გეგმების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოს ხელახალი ტექნოლოგიური აღჭურვა.
2. ხელახალი ტექნოლოგიური აღჭურვა – საწარმოს არსებული ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას.”;
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა (საქმიანობის ობიექტები)
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობაა (საქმიანობის ობიექტებია):
ა) მინერალური ნედლეულის გადამუშავება;
ბ) სამთო გამონამუშევრების შეგროვება და/ან მათი განთავსება;
გ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებულია აზბესტი;
დ) ცემენტის ქარხნები ან ასფალტ-ბეტონის ქარხნები;
ე) მინისა და მინის პროდუქციის საწარმოები;
ვ) მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება (მათ შორის დაწვის ქარხნები) და/ან ნაგავსაყრელების განთავსება;
ზ) ტოქსიკური და სახიფათო ნარჩენების განთავსება, მათი სამარხების განთავსება-ფუნქციონირება და/ან მათი გაუვნებლება;
თ) ქვანახშირის გაზიფიცირების, გათხევადების, დაბრიკეტებასა და დაკოქსვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება;
ი) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
კ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები, ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ. მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ. მ-ს;
ლ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
მ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ და მეტი) და ქვესადგური (110 კვ და მეტი);
ნ) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი); თბოელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი);
ო) მეტროპოლიტენი;
პ) 10 000 კუბ. მეტრი და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ჟ) რეგიონალური და საქალაქო სათავო წყალმიმღები სადგური და მაგისტრალური წყალსადენი;
რ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ს) რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
ტ) აეროდრომი, აეროპორტი, რკინიგზის სადგური, საზღვაო ნავსადგური;
უ) ნებისმიერი სიმაღლის კაშხალი; ამ და მეტი სიმაღლისა და 50 მ და მეტი სიგანის ჯებირი, აგრეთვე პორტების ნავმისადგომი, მოლო, ბუნი;
ფ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამრეწველო ობიექტები, სადაც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები (სამთო, ქიმიური, მეტალურგიული, ნავთობგადამმუშავებელი, აფეთქებასაშიში), გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები (აალებადი, მჟანგავი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური);
ქ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისათვის გამიზნული 10,0 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50,0 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
ღ) შახტები, მიწისქვეშა ნაგებობები;
ყ) ტოქსიკურ და სხვა საშიშ ნივთიერებათა საცავები.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტროს ჩაბმას “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, იგი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს შეთანხმებას (სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას), რომელიც მტკიცდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტითა და 31-32 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. შეთანხმება (სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) არის მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილი და საქმიანობის განმახორციელებლისათვის მისი პირობების შესრულება სავალდებულოა.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მასზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაიცემა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (ნებართვის გაცემის თაობაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს). სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის განუყოფელი ნაწილია და საქმიანობის განმახორციელებლისათვის მისი პირობების შესრულება სავალდებულოა.”;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები:
„მუხლი 31. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მოაწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად წარდგენამდე (ხოლო ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე).
2. საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია მის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ რაიონის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
3. ინფორმაცია (განცხადება) საქმიანობის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას;
ბ) მისამართს, სადაც საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს (მათ შორის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს);
გ) საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ვადას;
დ) საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს.
4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
ა) ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის როგორც დოკუმენტური, ისე ელექტრონული ვერსია;
ბ) საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღეში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;
გ) საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს საჯარო განხილვა მის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) უზრუნველყოს საჯარო განხილვაზე შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა.
5. განხილვა ეწყობა საჯაროდ და მასზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
6. საჯარო განხილვა ეწყობა იმ რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 32. საჯარო განხილვის შედეგების გაფორმება
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საჯარო განხილვიდან 5 დღეში უზრუნველყოს საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).
2. საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებსა და შენიშვნებს და უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი არგუმენტები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისას.
3. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა და ავტორისათვის (ან ავტორებისათვის) მათი დაგზავნა (საზოგადოების შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან ერთად.
4. საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შესახებ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.”;
დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. მაძიებელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა განცხადებასთან ერთად წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ნებართვის მაძიებლის წერილობითი მიმართვა სამინისტროსადმი დაგეგმილი საქმიანობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით);
გ) საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით);
დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად);
ე) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ („არატექნიკური რეზიუმეს” სახით);
ვ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.
3. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაწოდოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანობა შეიცავს საწარმოო, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას. განცხადების ეს ნაწილი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ცალკე.
4. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის ათვლა იწყება ნებართვის მაძიებლის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის დღიდან.
5. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო წარსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია:
ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე წარდგენას);
ბ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ („არატექნიკური რეზიუმეს” სახით) (აღნიშნული დსოკუმენდტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე წარდგენას);
გ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – 5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე წარდგენას);
დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე წარდგენას);
ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ (აღნიშნული დოკუმენტაცია ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე წარდგენას).”.
ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი;
ვ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-12 მუხლი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები