დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 27/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №392
2005 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) ანტიტერორისტული ცენტრი (მთავარი სამმართველო).“;
ბ) 21-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანების გამოვლენას; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონტრსადაზვერვო თანხლებას; სამინის ტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას; სამინისტროს სისტემაში ფინანსური შემოწმების ჩატარებასა (გარდა ოპერატიული ხარჯებისა) და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას;“;
გ) 21-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, სამხედრო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვით კონტროლს; გარე მეთვალყურეობის უზრუნველყოფას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;“;
დ) 21-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) ანტიტერორისტული ცენტრის ამოცანაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.“;
ე) 22-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვას, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას;“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები