დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 14/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.688 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/03/2007 - 28/03/2007)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №47
2007 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ, №45, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;“;
ბ) მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;“;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს.“;
დ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;
ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) შემოსავლების სამსახური;
გ) სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი).“;
ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოს ფუნქციებს.
2. სამსახური (სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს;
ბ) ორგანიზაციას უწევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების, აგრეთვე სხვა კანონებით განსაზღვრული და მის კომპეტენციაში შემავალი გადასახდელების ადმინისტრირებას;
გ) ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო და საბაჟო კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და სხვა კონტროლს;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული სტრუქტურული ქვედანაყოფების (საგადასახადო და საბაჟო ორგანოების და სხვა) საქმიანობის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას;
ე) შეიმუშავებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით განსაზღვრული დადგენილებებისა და ბრძანებების პროექტებს და მეთოდურ მითითებებს, აგრეთვე მონაწილეობს საგადასახადო და საბაჟო სფეროებში (მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში) კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებასა და განხილვაში;
ვ) დადგენილი წესით მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს;
ზ) ახდენს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევასა და განაწილებას, აგრეთვე ახორციელებს კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებს;
თ) მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ცვლილებების შეტანის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების და განახლების თაობაზე;
კ) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებთან და დანაშაულებთან დაკავშირებით;
ლ) უზრუნველყოფს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა გამოვლენას, გახსნას და აღკვეთას, ამ მიზნით:
ლ.ა) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, იყენებს ფიზიკურ იძულებას კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ლ.ბ) ატარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, გამოითხოვს მოსამართლის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
ლ.გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის ექსპერტიზას;
მ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას აჩერებს და ათვალიერებს სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ამოწმებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთებს, ახდენს პირის (საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების) დაკავებას სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად;
ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ო) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებით იძახებს ფიზიკურ პირს, სთხოვს ახსნა-განმარტებას და საქმესთან (მასალებთან) დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტებს;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოვალეობებს.“;
ზ) ამოღებულ იქნეს მე-11 და მე-14 მუხლები;
თ) 23-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა შემოსავლების სამსახურისა) სამსახურებრივ-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პირებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალების გამო საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი; სამინისტროს სისტემის (გარდა შემოსავლების სამსახურისა) უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; იარაღის ტარების უფლების მქონე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა ერთიანი რეესტრის წარმოება;“.
2. დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამკიცებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების მიმართ ამ დადგენილების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციები განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები