,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”

  • Word
,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 01/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.256
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
122
29/07/2005
სსმ, 89, 01/08/2005
010.220.020.10.003.000.256
,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2005 - 18/08/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2005 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე –     საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დავით კობერიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

2. დამტკიცდეს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.

3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებსა და მათი განხორციელების გზებს, სამომავლო განვითარების სტრატეგიას და შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგე-ნილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა;

გ) საქართველოს სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან სავაჭრო რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები სავაჭრო რეფორმის განხორციელების თაობაზე;

გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

დ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენას, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვას.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.

4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.