დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3525 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/08/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.004.150 |
საქართველოს კანონი
პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 41-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს წევრი ინიშნება 6 თვის ვადით. პირის ხელმეორედ დანიშვნა საბჭოს შემადგენლობაში დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ცნობა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება;
ვ) 1 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობა.“.
2. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 122. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა
1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და დეპარტამენტის კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია დეპარტამენტის კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.
3. დეპარტამენტის კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 2 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3525–რს
დოკუმენტის კომენტარები