დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 20/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.004.110 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) 168-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. პროკურორი სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის დროს განსაზღვრავს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, განსასჯელს, მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ სხვა პირს გირაოს თანხის ნაცვლად შეუძლია შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ან მოძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე ნაკლები.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათ სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.“;
გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით), მოძრავი ან უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3369–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები