„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“

„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3093
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 15/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 020.080.010.05.001.004.050
3093
11/06/2010
სსმ, 28, 15/06/2010
020.080.010.05.001.004.050
„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

    მუხლი 1

1. ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2009 წლის 15 ივნისამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქ-მედებამდე არ აღსრულებულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 582, 791 და 792 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 88-ე, 1002 და 1141 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1291, 1443, 1444 და 1445 მუხლებით, 150-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1501 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1551 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1645 და 1793 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

    მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.

    მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 11 ივნისი.

№3093–რს