დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3027 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 30/04/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.983 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 89-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებაში მიეთითება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და გადასარიცხი თანხის ოდენობა.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით წარდგენილი საინკასო დავალება შეიძლება შეჩერდეს:
ა) ამ კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადავო თანხის მოცულობის ფარგლებში;
ბ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია.“.
2. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მის მიერ უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსთვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები. გარდა ამისა, უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იგი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია წარუდგინა ბანკს);
გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისთვის ანგარიშის პირველად გახსნის ან მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშის გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ მათ ყველა ანგარიშზე;“.
3. 142-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის საბანკო ანგარიშების პირველად გახსნის ან ამ გადასახადის გადამხდელისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (შემოსავლების სამსახურთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში) წარუდგენლობა, თუ ეს გამოწვეული არ არის აღნიშნული პირების მიერ ბანკებისა და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, –
იწვევს დაჯარიმებას თითოეულ ანგარიშზე 300 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№3027–რს
დოკუმენტის კომენტარები