დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2697 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 24/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.003.932 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.“.
2. 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში –საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო, ხოლო თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება – სასამართლო.“.
3. 50-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება არასრულ-წლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.“.
4. 72-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ის, ვინც სასჯელს იხდის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის ან თავისუფლების შეზღუდვის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო თუ პირი სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულს შეიძლება დაეკისროს ამ კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.“.
5. 73-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და თუ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის, მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.“.
6. 74-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალები – 65 წლიდან, მამაკაცები – 70 წლიდან), თუ მისჯილი არა აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.“.
7. 98-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვანი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ შეიძლება პირობით ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისაგან, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.“.
8. 3421 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3421. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა
1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა ანდა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.
9. 378-ე–380-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 378. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია
1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულის მიმართ ძალადობა ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში მსჯავრდებულისათვის ხელის შეშლის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ანდა ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 3781. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა
1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
დ) ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით;
ე) ჩადენილი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით;
ვ) ჩადენილი იარაღის გადაცემით;
ზ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომელიც (რომლებიც) დასაშვებია, თან იქონიოს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.
მუხლი 3782. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა, ტარება, ამ საგნით სარგებლობა
1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა, ტარება, ამ საგნით სარგებლობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
მუხლი 379. დაკავების ადგილიდან, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა
1. დაკავების ადგილიდან, პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ანდა ბადრაგირებისას გაქცევა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
მუხლი 380. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება
იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება, რომელსაც პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 9 მარტი.
№2697–Iს
დოკუმენტის კომენტარები