„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2730
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 18/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.000.06.001.003.902
  • Word
2730
09/03/2010
სსმ, 11, 18/03/2010
010.190.000.06.001.003.902
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 177-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 177

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით საქართველოს მთავრობა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მომზადებულ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტს წარუდგენს 1 ივნისამდე.

3.  ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.

4. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არა უგვიანეს 18 ივნისისა ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 20 ივნისისა.“.

2. 178-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.“.

3. 179-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვის გრაფიკის შედგენას.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი მისი დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს კონტროლის პალატას. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის გრაფიკი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.“;

გ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, საქართველოს მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. შესაძლებელია პარლამენტის კომიტეტებმა მოამზადონ ერთობლივი დასკვნა. 

4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კვირაში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვისა და შეთანხმების მიმდინარეობის შესახებ.

5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე და ესწრება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან მისი წარმომადგენელი.“;

დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ შესაბამის დასკვნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას.

9.  საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.“;  

ე) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს კონტროლის პალატას.“.

4. 180-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომამდე 1 დღით ადრე  საქართველოს კონტროლის პალატა პარლამენტს წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით არა უმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ;  

ბ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;

გ) საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომიტეტების დასკვნებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის თაობაზე.“.

5. 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 181

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 14 ნოემბრისა, ცალკეული პარლამენტის წევრები, კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა თავიანთ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად იმავე დღეს უგზავნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიღებულ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) 1 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას.“.

6. 182-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, არა უგვიანეს 30 ნოემბრისა საქართველოს პარლამენტს გადასცემს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს ამ რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს კონტროლის პალატას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილებები ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა.“;

ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოოდ დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას.“.

7. 18210 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ასევე ამ პროექტის განხილვის გრაფიკი ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს  კონტროლის პალატას. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის გრაფიკი.  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე და ესწრება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან მისი წარმომადგენელი, ხოლო ფრაქციებში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის გადამუშავებულ პროექტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის გადამუშავებული პროექტი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს კონტროლის პალატას.“.

8. 182 11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. პროექტის განხილვა იწყება საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებით. მისი მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადამუშავებული კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე;

ბ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადამუშავებული კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

6. თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.“.

9. 217-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21–23 პუნქტები:

„21. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი, განიხილავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო ან/და ეკონომიკური პროფილის კომიტეტები და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. კომიტეტი უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.

22. საქართველოს პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

23. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 4 თვისა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. პარლამენტი ამ ანგარიშს ამტკიცებს დადგენილებით.“.

10. 233-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით.“.

11. 234-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე. მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს და ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში. პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1 თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.“.

12. 237-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას პარლამენტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, არა უგვიანეს 15 ივნისისა.“;

ბ) მე-12–მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს 1 აპრილამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

13. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში იხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც განსახილველად გადაეცემა საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 1 მაისისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.

14. საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონტროლის პალატის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ იგი 15 ივნისამდე წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.“.

    მუხლი 2

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის 

თავმჯდომარე     დ. ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

2730-Iს