დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2674 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/02/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 16/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.003.900 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 364-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 364. სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან წინასწარი გამოძიებისთვის ხელის შეშლა
1. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 თებერვალი.
№2674-Iს
დოკუმენტის კომენტარები