დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2644 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/02/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 15/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.003.896 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს რამდენიმე დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელის გარდა, ხოლო თუ ინიშნება თანაბარი სიმძიმის რამდენიმე სასჯელი, – ერთ-ერთი მათგანის გარდა, დანარჩენი ძირითადი სასჯელი (სასჯელები) ინიშნება ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე ვადით და ისე ხდება მათი შეკრება საბოლოო სასჯელის დანიშვნისას.“.
2. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 64. გამოსაცდელი ვადა
ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი წლისა და არა უმეტეს სამი წლისა, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი.“.
მუხლი 2
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 თებერვალი.
№2644–Iს
დოკუმენტის კომენტარები