საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.840
  • Word
2460
25/12/2009
სსმ, 49, 30/12/2009
200.000.000.05.001.003.840
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 85-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. ამ ქონებაზე ყადაღის დადება და რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად.“;

ბ) მე-8 ნაწილის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში.“.

2. 87-ე მუხლის მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ან საგადასახადო ორგანოს მიერ, ანდა გაკოტრების საქმის წარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;“.

3. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 88. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

1. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო – სააღსრულებო ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

3. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე. მალფუჭებად საქონლად ითვლება ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ, აუქციონის ჩატარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

4. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:

ა) აღსრულების საფასური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები;

გ) გადასახადის თანხები;

დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.

5. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს 5 საბანკო დღის ვადაში.

6. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარედგინება მისი რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ კოდექსით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას გადასახადის გადამხდელის (მოვალის) და რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიმართ.“.

4. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე ნაწილი:

„57. გადასახადის გადამხდელის (მოვალის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით 2010 წლის 1 აპრილამდე გამოცხადებული აუქციონები ჩატარდეს და ქონების რეალიზაციის პროცესი დასრულდეს ამ კოდექსის 2010 წლის 1 აპრილამდე მოქმედი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2460–რს