საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.836
  • Word
2456
25/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
020.000.000.05.001.003.836
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები

1. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს.

3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის და 1901 მუხლის შეფარდებისას.“.

2. 444 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 444. არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი და რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი

არაიოდირებული მარილის რეალიზაცია (გარდა „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 2000 ლარამდე.“.

3. 86-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 912 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 912. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ასმაგ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით.“.

5. 982 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 982. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, შემოტანის, რეალიზაციისა და გამოყენების წესების დარღვევა

1. არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა ან რეალიზაცია და ფალსიფიცირებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა, რასაც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, ამასთანავე, პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების ზენორმატიული შემცველობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო წარმოება, დაფასოება, შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, შემოტანისა და რეალიზაციის ინსპექტორებისათვის ხელის შეშლა და უფლებამოსილი პირის მითითებათა შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.     

4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო დასაწყობება და რეალიზაცია, –

გამოიწვევს რეალიზატორის დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე.

5. გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრისა და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე.“.

6. 1054 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.

7. 116-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.

8. 117-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.

9. 121-ე მუხლის:

ა) 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.

10. 1793 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მავნებელი ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი კვების ან სავაჭრო ობიექტის მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არასერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.

11. 240-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 240. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

2. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

4. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.“.

12. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება.“.

13. 276-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 276. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვა

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარსა და პროტესტს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის ვადა, გარდა ამ კოდექსის 2813 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შესვლიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქმის განხილვის ვადა დასაბუთებული განჩინებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვისა.

3. ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვისას შეამოწმებს მიღებული დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.

4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განიხილება ამ კოდექსის XXII1 თავით დადგენილი წესით. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

14. 277-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 279-ე და 280-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, – სააპელაციო სასამართლოს მიერ.

2. შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის დადგენილება ამ კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, – შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის მიერ.

    მუხლი 280. საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება

1. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო, გარდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა.

2. საჩივრის გამო მიღებულ გადაწყვეტილებაზე პროტესტი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელიც საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომია.“.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებამდე სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

    მუხლი 3.

ამ კანონის ამოქმედებისთანავე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები ამ კანონით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

    მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-10 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-10 ნაწილები ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2456–რს