საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.835
  • Word
2455
25/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
090.000.000.05.001.003.835
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 159-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან 2 წელზე მეტი ვადით. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალისა და იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს ჩვილი (ერთ წლამდე ასაკის ბავშვი), აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ან 3 წელზე მეტი ვადით. დაპატიმრება გამოიყენება ასევე ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება გამოიყენება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელსაც თუმცა ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული.“.

2. 168-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი:

„81. თუ ბრალდებული ან განსასჯელი კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, პროკურორი უფლებამოსილია გირაოს თანხის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის ან განსჯადობის მიხედვით. აღნიშნულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს მისი წარდგენიდან 24 საათში. მითითებული შუამდგომლობის წარდგენისას და განხილვისას გამოიყენება ამ ნაწილით და ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესები. წინასწარი გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.“.

3. 523-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.“.

4. 533-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე იხილება მისი მონაწილეობის გარეშე.“.

5. 550-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.“.

6. 652-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ ამ კოდექსის 151-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას და იმ შემთხვევაში, როცა მას ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით, სხვა აღკვეთის ღონისძიება კი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ან დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული.“.

7. 6809 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ მას ეს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, უფლება აქვს, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში და მოითხოვოს სააპელაციო საჩივრის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2455–რს