საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.781
  • Word
2260
04/12/2009
სსმ, 41, 08/12/2009
090.000.000.05.001.003.781
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენებაზე, მათი ვადის გაგრძელებაზე და ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.“.

2. 208-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.“.

3. 549-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

2260–IIს