„ამნისტიის შესახებ“

„ამნისტიის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 20/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 100.000.000.05.001.003.745
2113
20/11/2009
სსმ, 36, 20/11/2009
100.000.000.05.001.003.745
„ამნისტიის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, ამცირებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი და მსჯავრდებული პირებისათვის.

     მუხლი 1

1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

2. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.

3. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისათვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 2

1. ამ კანონის საფუძველზე არ ხდება დამატებითი სასჯელების შემცირება.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება პირობით მსჯავრზე.

     მუხლი 3

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.

      მუხლი 4

1. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

      მუხლი 5

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, შესრულდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 20 ნოემბერი.

№2113–IIს