საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1812
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 02/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.645
  • Word
1812
20/10/2009
სსმ, 30, 02/11/2009
020.000.000.05.001.003.645
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 125-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

2. 1252 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, იმ ავტოტრანსპორტს, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.“;

ბ) მე-2–მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.“.

3. 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით.“.

4. 135-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 2093 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 135-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).

4. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“.

6. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 116-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 135-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

7. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის დამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“.

8. 290-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12–14 ნაწილები:

„12. ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევს საჯარიმო ქვითრის ასლი შესაძლოა ჩაბარდეს პირადად.

13. თუ ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.

14. საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 20 ოქტომბერი.

№1812–IIს