„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1677
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.003.617
  • Word
1677
24/09/2009
სსმ, 29, 12/10/2009
220.020.000.05.001.003.617
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა;“;

გ) „კ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი; ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს;“;

ე) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), ან იურიდიული პირი, რომელშიც სათავო საწარმო ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;“;

ვ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ერთი ან ერთზე მეტი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია);“;

ზ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) კონტროლი – საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;“;

თ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) არაპირდაპირი მონაწილეობა (ფლობა) – იურიდიული პირის კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არავის არა აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრული წესით.“;

გ) 41–43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, შემოწმებისა და მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობასთან. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა პირის იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

42. პირი (ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი), რომელიც აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად დადგენილ მოთხოვნებს, საქმიანობის დაწყებამდე 7 კალენდარული დღით ადრე ეროვნულ ბანკში აგზავნის შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას, რომელსაც ადგენს ეროვნული ბანკი.

43. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი არ აკმაყოფილებენ მის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დააჯარიმოს ისინი ან, თუ დარღვევა განსაკუთრებით მძიმე ხასიათისაა, შეწყვიტოს მათი საქმიანობა.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), მის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დამფუძნებელი დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ანდა ლეგალიზებული ასლები;

ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) კომერციული ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. უცხოეთის ბანკის ფილიალი წარმოადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;

დ) ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

ე) ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, კომერციული ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს. სათავო ბანკის მიერ აღნიშნული ფილიალისათვის გამოყოფილი რესურსის ოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;

ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის (წარმომადგენლობის) გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი;

დ) ფილიალის (წარმომადგენლობის) ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;

ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას დაურთოს მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შემდგომში პირობები და შეზღუდვები საბანკო საქმიანობის ლიცენზიას შეიძლება დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს, და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.“.

6. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:

ა) კომერციული ბანკის თხოვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;

გ) ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე გარემოების გამო:

გ.ა) ლიცენზია გაცემულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;

გ.ბ) კომერციულმა ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;

გ.გ) კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში;

გ.დ) კომერციულ ბანკს აღარ აქვს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ან ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ.ე) კომერციული ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა, როგორც იურიდიულმა პირმა;

გ.ვ) კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს;

გ.ზ) აქციონერთა გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკი ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;

გ.თ) კომერციული ბანკი გადახდისუუნაროა.

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება უცხოეთის ბანკის ფილიალს და შვილობილ ბანკს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება თხოვნით

1. კომერციულ ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს ეროვნულ ბანკს, გაუუქმოს მას ლიცენზია.

2. ეროვნული ბანკი აღნიშნული თხოვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციულ ბანკს (უარის შემთხვევაში – მისი საფუძვლის მითითებით).“.

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობასა და გაკოტრებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.“.

8. 81 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირი (შემდგომში – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ რაოდენობით, რომ მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა ამ ბანკის კაპიტალში გადააჭარბებს 10, 25 ან 50 პროცენტს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში წარადგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომში – დეკლარაცია).“.

9. 82 და 83 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 82. დეკლარაციის განხილვა

1. ეროვნული ბანკი განიხილავს დეკლარაციას მისი წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში და დეკლარანტს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს.

2. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაცია, მას უფლება აქვს აღნიშნული გადაამოწმოს ან დააზუსტოს უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა გრძელდება 3 თვემდე და ამის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს.

3. დეკლარაციის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ დეკლარანტმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა დეკლარაცია ან ეროვნული ბანკისაგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც შეიძინა კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილი.

    მუხლი 83. ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ინფორმაცია

1. კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აწვდის ინფორმაციას მისი 10 პროცენტზე მეტი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია ყოველი წლის აპრილში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით.

3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ეროვნული ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში დადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

10. 84 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციული ბანკისაგან მოითხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დეკლარაციის წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს:

ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს 60 დღის ვადაში მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება;

ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.

3. შესაბამის პირს უფლება აქვს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კომერციული ბანკის წილის შეძენაზე უარის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში.“.

11. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ

1. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება საწესდებო კაპიტალის შევსება (ფორმირება) არაფულადი ფორმით.

2. კომერციულ ბანკს არა აქვს უფლება, შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანლად.“.

12. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არა უმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი არ აღემატება მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;

ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი არ უნდა აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს;

გ) ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;

დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დარღვეულ იქნა ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მოთხოვნები, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არა უგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ვადა;

ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და ფლობდეს მასში წილს შეუზღუდავი ოდენობით, თუ ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი არ აღემატება მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკი ვალდებულია, ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე, და საჯაროდ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია თავის წლიურ ანგარიშში. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.“.

13. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა

კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.“.

14. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თითოეულ კომერციულ ბანკს აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნულ ბანკს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეული კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომლებსაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება, მათი ხელმოწერის ნიმუშებთან ერთად და მათი უფლებამოსილების ფარგლების აღნიშვნით.“.

15. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები

კომერციული ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. კომერციული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.“.

16. მე-14 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კომერციული ბანკის დირექტორი (დირექტორები) შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები). დირექტორი (დირექტორები) არ შეიძლება წარმოადგენდეს უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს სრულ შემადგენლობაში. დირექტორი არ უნდა მონაწილეობდეს საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც შეეხება დირექტორატის (აღმასრულებელი ორგანოების) საქმიანობის ზედამხედველობას, მათი ანგარიშების დამტკიცებასა და შეფასებას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების საკითხს. აკრძალულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ რაიმე სახის წახალისების ზომების გამოყენება კომერციული ბანკის ხარჯებიდან.“. 

17. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელშიც შედის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად, თუ ის არ არის ბანკთან დაკავშირებული პირი.“.

18. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების, ამ ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.“.

19. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 18. კომერციული ბანკის ფილიალები

კომერციული ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.“.

20. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. ეროვნული ბანკის წესები, ნორმატივები და ინსტრუქციები, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ კომერციულ ბანკს, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში დათქმული უფრო გვიანი თარიღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.

2. კომერციული ბანკი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

21. 21-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) საწესდებო და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;

ბ) ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად;

გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

დ) ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერსა და აუტსაიდერზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, ასევე ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ვ) ყველა გაცემული კრედიტისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება პროცენტულად ბანკის მიერ გაცემულ ყველა კრედიტთან მიმართებით, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე).

2. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივების მოთხოვნები:

ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება;

ბ) კრედიტებისა და ინვესტიციების, ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;

გ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, ასევე ის ვადები და პირობები, რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა;

დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:

დ.ა) გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების სახეობები და ფორმები;

დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა ვალდებულებების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობა;

დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილი ღია პოზიციები უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და მოთხოვნები.“.

22. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას. საბანკო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.“.

23. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია

კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს ყველა საბუთი, რომელიც მის თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:

ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომელიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);

ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;

გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;

დ) ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.“.

24. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 25. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან

კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ადმინისტრატორისათვის, მაკონტროლებელი პირისათვის, მონათესავე საწარმოსათვის ან მათთან დაკავშირებულ პირთათვის საბანკო საქმიანობაში შემავალი ნებისმიერი პროდუქტის მიცემა ან ნებისმიერი საბანკო მომსახურების გაწევა სესხის სახეობის, საპროცენტო განაკვეთის, დაფარვის ვადის, უზრუნველყოფის საშუალების, ღირებულების ან რაიმე სხვა პირობების მიუხედავად.“.

25. 27-ე–29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27. გარე აუდიტი

1. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატაროს გარეაუდიტორული შემოწმება.

2. თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია გარეაუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემოწმების სრული ანგარიში და გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.

    მუხლი 28. უცხოეთის ბანკის ფილიალი

ამ კანონის 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკის ფილიალზე და შვილობილ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეწევიან ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკის ფილიალის საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის აუდიტის კომიტეტად შეიძლება ჩაითვალოს მოცემული უცხოეთის ბანკის აუდიტის კომიტეტი ან სხვა შესაბამისი ორგანო.

    მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექციები

1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას; ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მომგებიანობას, თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და მისი წარდგენის ვადები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატივებით.

2. თითოეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები.

3. კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;

ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, ასევე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ, ასევე ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.“.

26. 30-ე მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლში მითითებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს თითოეულ შემთხვევაში უფარდებს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციული ბანკის, მისი ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და კომერციული ბანკის აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

გ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;

დ) კომერციულ ბანკს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა ბანკს ან დაუშვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ე) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;

ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) მოითხოვოს კომერციული ბანკის მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;

კ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

27. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დროებითი ადმინისტრაციის ბრალეული ქმედებით კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს ეროვნული ბანკი.“.

28. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს მიიღოს აუცილებელი ზომები კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების, ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან განთავისუფლების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია, მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, ბანკის კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება.“.

29. 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;“.

30. 37-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხა არა უმეტეს 1500 ლარისა;

გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხა, რომელიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;    

დ) სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტი;

ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ვ) დანარჩენი მოთხოვნები კომერციული ბანკის მიმართ;

ზ) ეროვნული ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები.“.

31. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1677–IIს