დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1535 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 03/08/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.003.578 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 168-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.“;
ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი მიმართავს სასამართლოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება დაკავების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი.“;
გ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
„10. გირაოს შემტანისთვის გირაოს თანხის დაბრუნება ხდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროში წარდგენის გზით.“.
2. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, ჩეკები, ფასიანი ქაღალდები შესანახად ბარდება სახელმწიფო ბანკის დაწესებულებაში, ხოლო ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები – შემნახველ ბანკში. ფული შედის იმ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი ამოღებული საგნები ილუქება და ინახება იმ ორგანოში, რომლის შუამდგომლობითაც ყადაღა დაედო ქონებას, ანდა შესანახად გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს.“.
3. 680-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე ნაწილი:
„22. 2009 წლის 1 სექტემბრამდე საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე გირაოს სახით შეტანილი, აგრეთვე ამ კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფულადი თანხები გადაირიცხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით მათი დანიშნულებისამებრ მიმართვის მიზნით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ივლისი.
№1535–რს
დოკუმენტის კომენტარები