საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 03/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.570
  • Word
1505
17/07/2009
სსმ, 21, 03/08/2009
020.000.000.05.001.003.570
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 90 დღემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე.“.

2. 121-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.

3. 123-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით ან მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლამდე ვადით.“;

ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს დაჯარიმებით 500 ლარის ოდენობით.“.

4. 125-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –

გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.“;

ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. ამ მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს დაჯარიმებით 300 ლარის ოდენობით.“.

5. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21და 22 ნაწილები:

„21. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.“.

6. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა

წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.

7. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 173. სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.

8. 1741 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1741. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა

1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, –

გამოიწვევს პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2081 მუხლი:

     „მუხლი 2081

თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი მივა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სახდელის სახით უნდა შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს დაუყოვნებლივ წარუდგენს შესაბამის სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას.“.

10. 250-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, პოლიციელი უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ სადგომზე. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავს პირი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.“.

11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2601 მუხლი:

     „მუხლი 2601. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა გაერთიანება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა გაერთიანება ხდება მოსამართლის (სასამართლოს) დადგენილებით.“.

12. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ საბოლოოა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე გამოტანილი დადგენილებისა, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXII1 თავი:

„თავი XXII1

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრება

    მუხლი 2811. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადა

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

    მუხლი 2812. საჩივრის დასაშვებობა

1. ადვოკატის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მას აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.

2. მხარეთა მიერ წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს, თუ რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული დადგენილების გამოტანისას, რით გამოიხატება გასაჩივრებული დადგენილების დებულებათა მცდარობა. საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა ერთოდეს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის.

3. მხარეებს საჩივარი შეაქვთ დადგენილების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას.

4. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების მიღებიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე, წყვეტს ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს დადგენილება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში ტარდება ზეპირი მოსმენა ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.

    მუხლი 2813. საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საჩივარს განიხილავს საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან 48 საათში.

2. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პირს, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ ორგანოს (თანამდებობის პირს). სასამართლოს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, და ასახელებს მხარეებს. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.

3. საჩივრის განხილვისას სასამართლო ამოწმებს, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გამოტანისას დაიცვა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ამ კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნები.

4. საჩივრის განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასაჩივრებული დადგენილების ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების (შეცვლის) და საჩივრის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ.

5. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება დადგენილების გამომტან მოსამართლეს და ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1505–რს