დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1399 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 28/07/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.003.558 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 610-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, იმავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.“.
2. 611-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სასამართლოს შეუძლია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რომელსაც მსჯავრდებული მოიხდის წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე.“.
3. 617-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლო განხილვისათვის დადგენილი წესებით. საქმის განხილვა იწყება სხდომის თავმჯდომარის მიერ წარდგინების ან შუამდგომლობის წაკითხვით, რის შემდეგაც სასამართლო იკვლევს სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის, მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ იწყება პროცესის მონაწილეთა კამათის მოსმენა. ბოლოს სიტყვით გამოდიან მსჯავრდებული და მისი დამცველი. შემდეგ სასამართლო გადის დადგენილების გამოსატანად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 11 ივლისი.
№1399–რს
დოკუმენტის კომენტარები