დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 06/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.040.000.04.001.003.529 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
1. უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება გამწესდეს საქართველოს მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
2. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.
3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამართლის გამოჩენილი სპეციალისტის კანდიდატურა. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი.
4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე ის პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.
5. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.“.
2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 26 ივნისი.
№1327–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები