„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 06/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.003.528
  • Word
1325
26/06/2009
სსმ, 15, 06/07/2009
110.050.000.04.001.003.528
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 46-ე, 47-ე და 471 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს

1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

2. მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე ის პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 წლის გასვლამდე.

5. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.

    მუხლი 47. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი

1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს განცხადებას. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეობის კანდიდატი მოიწვევა სხდომაზე.

2. პირს, რომელიც იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანის შემდეგ უარს განაცხადებს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, უფლება არა აქვს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს განცხადება სიის დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამონაკლის შემთხვევაში განიხილავს ამ პირის კონკურსზე დაშვების საკითხს.

3. პირი, რომელიც განთავისუფლებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მოსამართლის თანამდებობას იკავებს კონკურსის წესით. აღნიშნული პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიების არსებობისას. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე.

5. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ამ მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 471. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი

ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე თავისი თანხმობით, თავისივე უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, კონკურსის გარეშე დაინიშნოს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ.“.

2. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გავიდა მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის (პალატის) მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.“.

3. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 68-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.“.

5. 69-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 26 ივნისი.

№1325–რს