საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.522
  • Word
1281
19/06/2009
სსმ, 13, 02/07/2009
060.000.000.05.001.000.522
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. დავის განსახილველად გადაცემა არბიტრაჟისათვის

პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს.“.

2. 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს;“.

3. 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს;“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე1 კარი:

კარი მეშვიდე1

სასამართლოს მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში

თავი XLIV3

არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი

    მუხლი 35612. გამოყენების სფერო

1. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

2. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 35613. არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები

1. ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ;

გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

დ) მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში სასამართლოს დახმარების შესახებ;

ე) არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ;

ზ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ;

თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ;

ი) „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილება გამოაქვს იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

    მუხლი 35614. მხარე

ამ თავის მიზნებისათვის მხარე არის საარბიტრაჟო შეთანხმების მონაწილე პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

    მუხლი 35615. არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

2. სასამართლომ არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის დროს უნდა იხელმძღვანელოს მხარეთა შორის დადებული საარბიტრაჟო შეთანხმებითა და არბიტრის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

3. სასამართლო არბიტრს ნიშნავს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრის აცილების ან/და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.

5. სასამართლოში არბიტრის აცილების ან/და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ვერ შეაჩერებს არბიტრაჟში საქმის განხილვას.

6. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

    მუხლი 35616. გადაწყვეტილება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ

1. სასამართლოს არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ დასაბუთებული განჩინება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.

2. სასამართლოში არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საკითხის განხილვა ვერ შეაჩერებს არბიტრაჟში საქმის განხილვას.

3. სასამართლოს განჩინება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. თუ სასამართლო არბიტრაჟს მოცემულ საკითხზე არ ცნობს კომპეტენტურად, განჩინებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.

5. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არბიტრაჟი ცნობილი არ იქნება კომპეტენტურად, ბათილია არბიტრაჟის მიერ მოცემულ საკითხზე მანამდე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება.

    მუხლი 35617. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება

1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს უფლებამოსილი სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.

2. უფლებამოსილ სასამართლოში წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

3. სასამართლო უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

4. სასამართლოს მხარის განცხადების წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

    მუხლი 35618. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ

1. მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

    მუხლი 35619. სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში

1. არბიტრაჟის მიერ თავისი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოსთვის მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მიზნით მიმართვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის XIV თავით დადგენილი წესები.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 145-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავი XLIV4

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ფურცლის გაცემა

    მუხლი 35620. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

    მუხლი 35621. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე

1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სასამართლო სხდომაზე. ამ სხდომის დრო და ადგილი ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

3. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაზე გამოტანილ უნდა იქნეს განჩინების ფორმით, შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, გარდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე განჩინებასთან ერთად მხარეს ეძლევა სააღსრულებო ფურცელი.

5. განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გამოტანილად ითვლება და სასამართლო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მისცეს სააღსრულებო ფურცელი, როდესაც დარღვეულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადა.

6. განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

    მუხლი 35622. საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 35623. უარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე

სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარს განაცხადებს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თავი XLIV5

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება

    მუხლი 35624. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

2. სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა ვადით არა უმეტეს 30 დღისა განცხადების წარმოებაში მიღებიდან, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად.

4. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა განცხადების წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

№1281–Iს