დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1184 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 29/06/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.05.001.000.515 |
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.“.
2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.“.
3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 12 ივნისი.
№1184–რს
დოკუმენტის კომენტარები