დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 27/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.014.131 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.014.131
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №54
2009 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2007წ., №11, მუხ. 116) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
1. გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) სამსახურებრივი შემოწმების, ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველო;
ბ) სპეციალურ დავალებათა, ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველო;
გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველო;
გ.ა) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება.
დ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველო.
2. სამსახურებრივი შემოწმების, ჯარების საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საკადრო პოლიტიკის განხორციელების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება;
გ) სამხედრო მოსამსახურეების საყოფაცხოვრებო პირობების, მათი უფლებების დაცვის მდგომარეობისა და ჯარისკაცებს შორის არასაწესდებო ურთიერთობის ფაქტების კონტროლი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში შეიარაღებული ძალების განთავსების ადგილებში საყაზარმო და საცხოვრებელი ფონდის, ყველა სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების, სამხედრო ქალაქების მდგომარეობისა და მათი კომუნალური მომსახურების მდგომარეობის კონტროლი;
ე) ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებული სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის მდგომარეობის კონტროლი;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საშემსრულებლო დისციპლინის მდგომარეობის კონტროლი;
ზ) ჯარების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მატერიალური უზრუნველყოფის ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის დანაყოფებში რეზერვისტთა მომზადების მდგომარეობის კონტროლი;
ლ) საჯარისო სამსახურის ორგანიზების, შესრულების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება;
მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში გამოვლენილ კანონდარღვევებზე და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება.
3. სპეციალურ დავალებათა, ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა შესრულება;
ბ) ცალკეულ შემთხვევებში სამინისტროს საჯარო, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა საქმიანობის შესწავლა, მათი დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საზღვარგარეთ სასწავლებლად წამსვლელ პირთა შერჩევის პროცესზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სხვადასხვა სახის დარღვევებზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა წერილებსა და განცხადებებზე, აგრეთვე ცხელი ხაზით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურულ და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევა/ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების გაანალიზება და რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისათვის, აგრეთვე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის;
თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცალკეული დავალებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ფუნქციების განხორციელება.
4. ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვა და გარკვეული ვადით მათი შენახვის უზრუნველყოფა;
ბ) სამართლებრივი შეფასების მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით წარმოდგენილ მასალებზე სათანადო დასკვნების შემუშავება;
გ) გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
დ) გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ე) გენერალურ ინსპექციაში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის საკითხების კონტროლი;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მიმდინარე დავალებების შესრულების კონტროლი;
ზ) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული, შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
თ) სამმართველოში შემავალი საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების მეშვეობით გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების, საარქივო საქმისწარმოების, დოკუმენტაციის დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება და განხორციელება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება.
5. ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების/გამოუცხადებლობის ელექტრონული და ვიდეოკონტროლი;
გ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებსა და ტერიტორიაზე არსებული ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
დ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის საფუძველზე, არსებული ინფორმაციის ფილტრაცია და მისი მიწოდება შესაბამისი თანამდებობის პირისათვის.
6. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია გენერალური ინსპექციის უფროსსა და მოადგილეს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სამმართველოებს.“
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები