დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.037.013.981 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2009 - 04/02/2015)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.037.013.981
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის ბრძანება №16/ნ
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსა და სამსახურის დებულებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3. სამსახურის ამოცანები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და შესაბამის ღონისძიებათა საქართველოში მოწყობის ორგანიზება;
გ) სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე დონორთა შორის კოორდინაციის ხელშეწყობა;
დ) უცხოენოვანი დოკუმენტების და კორესპონდენციის თარგმნა;
ე) სამინისტროს პროტოკოლური უზრუნველყოფა.
მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი სამსახურის ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს სამსახურის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
ე) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს, სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 5. სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. სამსახურის მოსამსახურე ასრულებს სამსახურის უფროსის და მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები