„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1030
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 20/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.803
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1030
20/11/2009
სსმ, 143, 20/11/2009
430.030.000.22.022.013.803
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2009 - 04/02/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.803

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1030

2009 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღ-ვრის წესი დანართი 2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი დანართი 3-ის შესაბამისად.

4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის 223 ბრძანება.

 5. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს 671 ბრძანება.

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

დანართი 1

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები), მათი შეფასების მექანიზმებსა და აკრედიტაციის ჩატარების წესს.

    მუხლი 2. ინსტიტუციური აკრედიტაციის მიზანი

ინსტიტუციური აკრედიტაციის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

    მუხლი 3. ინსტიტუციური აკრედიტაციის შინაარსი

1. ინსტიტუციური აკრედიტაცია ამ დებულებით დადგენილი სტანდარტების გამოყენებით ადგენს დაწესებულების შესაბამისობას მის მისიასთან.

2. დაწესებულების მისია შეესაბამება საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითად მიზნებს და არის დაწესებულების თვითმყოფადობისა და სახის გამომხატველი.

3. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება.

4. დაწესებულების მისიასთან შესაბამისობა დგინდება შემდეგი სტანდარტებით:

ა) მატერიალური და ფინანსური რესურსი;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამები;

გ) ადამიანური რესურსი.

5. ინსტიტუციური აკრედიტაცია მოიცავს დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის შიდა (თვითშეფასება) და გარე შეფასებას. თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება მის მიერ დამტკიცებული საკუთარი მუშაობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტებით.

თავი II

ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტები

    მუხლი 4. მატერიალური და ფინანსური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსი გამოიყენება დაწესებულების მიზნების რეალიზაციისათვის, შეესაბამება საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;

ბ) მატერიალური რესურსი, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერები და ინტერნეტი ხელმისაწვდომია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის;

გ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;

დ) დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას;

ე) დაწესებულებაში არსებობს ბიბლიოთეკის კატალოგი, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი და აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;

ვ) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;

ზ) ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, აკადემიური პერსონალი და სხვ.). ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;

თ) უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევების დაფინანსება.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროგრამები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები);

ბ) დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესების შესახებ;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები აღწერილია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციებით და შეესაბამება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ დარგობრივ სტანდარტებს;

დ) დაწესებულებას თითოეულ საგანამანათლებლო საფეხურზე შემუშავებული აქვს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესები;

ე) დაწესებულება უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული არჩევანის გამჭვირვალობას;

ვ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმი;

ზ) საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, მკვლევართა ან მოწვეული პერსონალის მიერ;

თ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    მუხლი 6. ადამიანური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულების აკადემიური პერსონალის, მოწვეული პერსონალის, მკვლევარების ან მასწავლებლების კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) ინსტიტუციური აკრედიტაციის მიზნებისთვის ერთი სრული პროფესორი ეთვლება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, მხოლოდ ორ სასწავლო უნივერსიტეტს, ან მხოლოდ ორ კოლეჯს, ან სასწავლო უნივერსიტეტსა და კოლეჯს, პროფესორის არჩევით; ხოლო ასოცირებული პროფესორი ეთვლება მხოლოდ ორ დაწესებულებას პროფესორის არჩევით. სრული ან ასოცირებული პროფესორის მიერ ორ ან მეტ დაწესებულებაში სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავება მოწმდება დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის მონაცემების შესაბამისად;

გ) დაწესებულებაში სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის თანაფარდობა განისაზღვრება დაწესებულების სახის მიხედვით:

გ.ა) კოლეჯში – მხოლოდ დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი 50 სტუდენტზე, ხოლო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ან ბაკალავრიატისა და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი 40 სტუდენტზე;

გ.ბ) სასწავლო უნივერსიტეტში – არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 50 სტუდენტზე, 6-დან 12 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში – მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 60 სტუდენტზე, 12 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 70 სტუდენტზე.

გ.გ) უნივერსიტეტში – არა უმეტეს 11 საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 50 სტუდენტზე, 12-დან 24 საგანმანათლებლო პროგრამამდე განხორციელების შემთხვევაში – მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 60 სტუდენტზე, 24 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი 70 სტუდენტზე.

დ) საგანმანათლებლო პროგრამა არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოწვეული პერსონალის, მკვლევარების ან მასწავლებლების მიერ;

ე) დაწესებულების აკადემიური პერსონალი არ შეიძლება იყოს:

ე.ა) დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 5-ზე ნაკლები;

ე.ბ) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ან ბაკალავრიატის და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 10-ზე ნაკლები;

ე.გ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 15-ზე ნაკლები;

ე.დ) დოქტორანტურის პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 25-ზე ნაკლები.

ვ) აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;

ზ) აკადემიურ პერსონალთან, მოწვეულ პერსონალთან, მკვლევარებთან ან მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III

ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარების წესი

    მუხლი 7. ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესი

1. ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;

ე) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თემატური და შემაჯამებელი დასკვნების შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;

ვ) ინსტიტუციური აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;

ზ) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესი გრძელდება არა უმეტეს სამი თვისა.

    მუხლი 8. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა

1. სააკრედიტაციო განაცხადის ცენტრში წარდგენის უფლება აქვს დაწესებულებას, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ უცხო ქვეყნის დაწესებულების ფილიალს.

2. სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) თვითშეფასების შევსებული კითხვარი;

ბ) დაწესებულების წესდების ან საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა დოკუმენტის დამოწმებული ასლი;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოწმობის დამოწმებული ასლი, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით საქმიანობდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე;

დ) სტუდენტთა სახელობითი სია ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით;

ე) ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 9. თვითშეფასება

1. თვითშეფასების მიზანია აკრედიტაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება.

2. თვითშეფასება ხდება გარე შეფასებისათვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

3. დაწესებულების თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების კითხვარში.

4. თვითშეფასების კითხვარის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

    მუხლი 10. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადა

1. სააკრედიტაციო განაცხადის ცენტრში წარდგენა შესაძლებელია ყოველწლიურად პირველი მაისიდან 30 ივნისამდე.

2. ამ მუხლით დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს ცენტრი ტოვებს განუხილველად.

    მუხლი 11. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობა

1. ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს დაწესებულების მიერ წარდგენილი სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ დაწესებულება ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ.

4. თუ დაწესებულება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

    მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ.

2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს სააკრედიტაციო ვიზიტი.

3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.

4. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

5. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

6. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

7. აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს სააკრედიტაციო ვიზიტს.

 8. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც საქართველოს, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის წესს ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 14. სააკრედიტაციო ვიზიტი

1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში თემატური დასკვნის მომზადებას.

3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია:

ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების თვითშეფასების შევსებული კითხვარი, დაადგინოს მისი შესაბამისობა ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტებთან;

ბ) სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეამოწმოს ყველა საკითხი შემაჯამებელი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.

4. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.

5. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტებს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ინსტიტუციური აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

6. ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს წარმოება.

    მუხლი 15. თემატური და შემაჯამებელი დასკვნა

1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თემატური და შემაჯამებელი დასკვნები.

2. თემატური დასკვნა აღწერს თვითშეფასების კითხვარში შესული მონაცემების ნამდვილობასა და ამ მონაცემების სტანდარტთან შესაბამისობას.

3. შემაჯამებელი დასკვნა დგება თემატური დასკვნების საფუძველზე და განსაზღვრავს აკრედიტაციის მაძიებლის შესაბამისობას თითოეულ სტანდარტთან.

4. თემატური და შემაჯამებელი დასკვნების ფორმები მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 16. ზეპირი მოსმენა

1. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო) ინსტიტუციური აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

2. სხდომას უძღვება აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე. აკრედიტაციის საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკრედიტაციის საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. აკრედიტაციის საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5. ცენტრისა და აკრედიტაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები უფლებამოსილი არიან, მიიღონ მონაწილეობა ზეპირ მოსმენაში.

6. აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

8. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს აკრედიტაციის საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს თემატურ და შემაჯამებელ დასკვნებში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

9. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით.

10. საბჭოს სხდომის შესახებ წარმოებს ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.

    მუხლი 17. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ

1. აკრედიტაციის საბჭო ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

დ) ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

3. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

თავი IV

აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები

    მუხლი 18. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ

1. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება, თუ დასტურდება ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება.

2. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია ენიჭება 5 წლის ვადით.

3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, აკრედიტაციის საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.

    მუხლი 19. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის ერთ-ერთ სტანდარტს.

    მუხლი 20. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ

1. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია პირობით მიენიჭება, თუ ეს გამართლებულია დაწესებულების პროგრამებისა და რესურსებიდან გამომდინარე სახის შეცვლის მიზანშეწონილობით.

2. აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესს. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში დაწესებულებას არა აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.

3. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში შემდგომი აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლისა. ვადა განისაზღვრება აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 21. დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები

1. აკრედიტებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.

2. აკრედიტებული და არააკრედიტებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულება საჭიროებს ხელახალ ინსტიტუციურ აკრედიტაციას, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში. აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დაწესებულება ითვლება აკრედიტებულად.

3. აკრედიტებული დაწესებულების ორ ან მეტ დაწესებულებად გაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ითვლებიან არააკრედიტებულად.

თავი V

სტანდარტების შესრულების მონიტორინგი

    მუხლი 22. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. სტანდარტების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი.

2. დაწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს ინსტიტუციური აკრედიტაცია, ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 30 ივნისამდე, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში.

3. თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დაწესებულების სტადნარტებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების ან დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ ამ დებულებით დადგენილი წესით.

    მუხლი 23. შემოწმება

1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების შესაბამისობა სტანდარტებთან იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დაწესებულება დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების წლიურ ანგარიშს;

ბ) არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაწესებულება არ ასრულებს ერთ ან რამდენიმე სტანდარტს, ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. შემოწმება შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ხოლო სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვის ან სტუდენტთა გადაყვანის ან აღდგენის წესით ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების მიზნით – არა უმეტეს 2-ჯერ.

3. შემოწმება ხორციელდება ამ დებულების III თავით განსაზღვრული წესით.

4. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვის ან სტუდენტთა გადაყვანის ან აღდგენის წესით ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესრულების შემოწმების შემთხვევაში, შემოწმების დრო, პერიოდი, დასკვნის ფორმა და აკრედიტაციის ექსპერტთა ვინაობა განისაზღვრება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 24. ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმება

დაწესებულების შემოწმების შედეგად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება ერთ-ერთ სტანდარტს, ან დარღვეულია სტუდენტთა ადგილების რაოდენობა, ან დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვის ან სტუდენტთა გადაყვანის ან აღდგენის წესით ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი, აგრეთვე თუ დაწესებულებამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ისე, რომ საფრთხე შეექმნა უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზაციას.

თავი VI

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 25. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობების შემოწმება გარდამავალ ეტაპზე

1. ამ დებულების ძალაში შესვლის მომენტისათვის აკრედიტაციის მაძიებელად ცნობილი დაწესებულებების მიმართ, მათი არჩევანის შესაბამისად გამოიყენება ამ დებულების II თავით გათვალისწინებული მოთხოვნები. არჩევანის გასაკეთებლად დაწესებულება ამ დებულების ძალაში შესვლიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს ცენტრს. ამ ვადაში ცენტრისთვის მიმართვის წარუდგენლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ თავით დადგენილი კრიტერიუმები.

2. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ამ თავით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების III თავით დადგენილი პროცედურით.

    მუხლი 26. ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმები გარდამავალ ეტაპზე

1. დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) არანაკლებ 1000 მ2 ფართი ერთ მისამართზე;

ბ) ერთ სტუდენტზე არანაკლებ 4 მ2 ფართი, რომელიც გამოიყენება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის. ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის აუცილებელი, სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას;

გ) არა უმეტეს 30 სტუდენტზე:

გ.ა) აკადემიური უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი);

გ.ბ) პროფესიული უმაღლესი განათლებისათვის – ერთი პროფესორი (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი;

დ) სრულყოფილი აკადემიური ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (კურიკულუმები) და სასწავლო კურსის პროგრამები (სილაბუსები). ამ მიზნით, დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩასატარებლად ვალდებულია წარმოადგინოს კურიკულუმები და სილაბუსები ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამებში მიეთითება კრედიტებისა და აკადემიური საათების რაოდენობა, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით. დაწესებულებას ასევე უნდა გააჩნდეს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისი სპეციალობები, კანონმდებლობის შესაბამისი აკადემიური ხარისხები და კვალიფიკაციები, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის მიხედვით, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების მიზნებისთვის – პროფესიული კვალიფიკაციები;

ე) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 სტუდენტზე. დაწესებულების კომპიუტერების საერთო რაოდენობის 30%-ი მაინც უნდა იყოს არანაკლებ 450 მეგაჰერცის სიხშირის.

ვ) ბიბლიოთეკა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ვ.ა) ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი არსებობს დაწესებულების საკუთრებაში;

ვ.ბ) არსებობს ბიბლიოთეკარის საშტატო ერთეული;

ვ.გ) ბიბლიოთეკაში არსებობს სტუდენტთა და მასწავლებელთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი;

ვ.დ) არსებობს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგი (ქაღალდის ან ელექტრონულ მატარებელზე), ინვენტარის წიგნი, სარეგისტრაციო ჟურნალი, მკითხველთა ბარათები;

ვ.ე) დაწესებულია ბიბლიოთეკის სამუშაო განრიგი, რომელიც არ შეიძლება იყოს კვირაში 5 დღეზე ნაკლები;

ზ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების მარეგულირებელი დოკუმენტები;

თ) ვებგვერდი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

თ.ა) ვებგვერდის ერთ-ერთი ენა აუცილებლად ქართულია.

თ.ბ) ვებგვერდის მისამართს აქვს „edu“ ან „.edu.ge“ გაფართოება;

თ.გ) ვებგვერდზე განთავსებულია დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია;

თ.დ) ვებგვერდზე გამოყენებული უნდა იყოს ქართული უნიკოდები (“სილფაენი“ ან სხვა);

თ.ე) ვებგვერდი უნდა ასრულებდეს საკომუნიკაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ფუნქციას, მასზე უნდა იყოს განთავსებული დაწესებულების სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, წესდება, ფაკულტეტებისა და სპეციალობების ჩამონათვალი, კურიკულუმები და სილაბუსები, მონაცემები სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – აგრეთვე დაწესებულების ბიუჯეტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობა და შესაბამისი ფართის 24-საათიან რეჟიმში სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარმოდგენის მომენტიდან უწყვეტად 6 წლის ვადით გაფორმებული ხელშეკრულებით და ამ ფართზე ხელშეკრულების შესაბამისი მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, რაც დგინდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფართით სარგებლობის უფლების დროით შეზღუდვას, არ ჩაითვლება სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიურ პერსონალთან, აგრეთვე მასწავლებლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით/დანიშვნის აქტებით. სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და მასწავლებელი აკრედიტაციის მიზნებისთვის არ შეიძლება მიეკუთვნოს ორზე მეტი დაწესებულების აკადემიურ პერსონალს. დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების შესახებ.

    მუხლი 27. ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმები გარდამავალ ეტაპზე

დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმებია:

ა) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარი;

ბ) სრულყოფილი ბიბლიოთეკა, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ბიბლიოთეკას გააჩნია სამკითხველო დარბაზებისგან გამიჯნული წიგნსაცავი;

ბ.ბ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმებისა და სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი წიგნადი – ერთ სტუდენტზე არანაკლებ 10 დასახელების სახელმძღვანელო ერთეული და არაწიგნადი ფონდი ინფორმაციის აუდიო, ვიდეო და ციფრული მატარებლების სახით;

ბ.გ) ბიბლიოთეკას აქვს სასწავლო გეგმისა და სამეცნიერო პროგრამების შესაბამისი პერიოდიკა და ამ პერიოდიკაზე გაფორმებული მიმდინარე ხელმოწერები;

გ) სრულყოფილი ვებგვერდი, რომელიც გარდა ძირითადი კრიტერიუმებისა აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

გ.ა) ვებგვერდიდან უნდა ირკვეოდეს ვებგვერდის მესაკუთრე, მასზე განთავსებული უნდა იყოს დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია და ვებგვერდის შექმნის თარიღი, ვებგვერდს უნდა გააჩნდეს სტუმართა მრიცხველი;

გ.ბ) მოთავსებული ინფორმაციის რელევანტურობის მიზნით, უნდა ხდებოდეს ვებგვერდის ხშირი და რეგულარული განახლება.

გ.დ) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს დომენური სახელისა და „ჰოსტინგის“ (ვებსივრცის) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაცია:

დ.ა) დაწესებულებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორგანიზაციული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მარეგულირებელი შიდა სამართლებრივი აქტები;

დ.ბ) დაწესებულებაში უნდა წარმოებდეს ნებისმიერი სახის შიდა სამართლებრივი აქტების სანდო აღრიცხვიანობა.

    მუხლი 28. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გარდამავალ ეტაპზე

1. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება ხდება 5 წლის ვადით, გარდა აკრედიტაციის პირობით მინიჭებისა.

2. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია მიენიჭება, თუ დასტურდება, რომ სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს. დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში აკრედიტებულად ითვლება დაწესებულების ფილიალიც.

3. ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში ცენტრი დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.

    მუხლი 29. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ

1. დაწესებულებას ინსტიტუციური აკრედიტაცია პირობით მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ყველა ძირითად კრიტერიუმს და ვერ აკმაყოფილებს დამატებით კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.

2. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი.

3. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლის ვადაში, რაც განისაზღვრება ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებით. შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაციის ჩატარებისას ცენტრის მიერ შეიძლება შემოწმდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის თითოეულ კრიტერიუმთან დაწესებულების შესაბამისობა.

4. ინსტიტუციური აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში დაწესებულებას არ აქვს აბიტურიენტთა და სტუდენტთა მიღების უფლება.

    მუხლი 30. გადაწყვეტილება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ინსტიტუციური აკრედიტაციის ძირითადი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.

    მუხლი 31. აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი გარდამავალ ეტაპზე

1. ამ თავით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად ხდება იმ აკრედიტებული დაწესებულებების პირობების გადამოწმება, რომლებმაც თვითშეფასების ანგარიში ცენტრში წარადგინეს 2009 წელს.

2. დაწესებულების პირობების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემები წარმოშობენ დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის დასაბუთებულ ეჭვს, ან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაწესებულება არ შეესაბამება ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებს, ცენტრი უფლებამოსილია გადაამოწმოს დაწესებულების შესაბამისობა ამ თავით დადგენილ ინსტიტუციური აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. გადამოწმების პროცედურა ხორციელდება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის ჩატარების შედეგად.

4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ დებულების მე-12 მუხლით დადგენილი წესი.

6. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მისი პირობები არ შეესაბამება აკრედიტაციის ძირითად ან დამატებით კრიტერიუმს, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ თავის 29-ე ან 30-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

დანართი 2

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესით დგინდება აკრედიტებული ან უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის (შემდგომში – დაწესებულება) სტუდენტების ადგილების რაოდენობა.

2. დაწესებულებისათვის სტუდენტების ადგილების რაოდენობის განსაზღვრა ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო) გადაწყვეტილებით.

3. სტუდენტების ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით მოწმდება დაწესებულების შემდეგი პარამეტრები: სასწავლო ფართი, დამხმარე ფართი და აკადემიური პერსონალის რაოდენობა.

 4. აკრედიტაციის საბჭოს მიერ დაწესებულებისათვის განსაზღვრულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს სტუდენტთა მიღება აკადემიურ და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

5. დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმების საფუძველი.

    მუხლი 2. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძვლები

1. სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განისაზღვრება:

ა) დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებისას – ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადით;

ბ) დაწესებულების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში – ლიცენზიის მოპოვებიდან 5 წლის ვადით;

გ) დაწესებულების მიერ ცენტრში სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში – დაწესებულების აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.

2.უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრა ხდება ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების ამსახველი ინფორმაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის დამოწმებული ასლის წარმოდგენის შემდეგ, ამ დებულების დანართი 1-ით დამტკიცებული დებულების შესაბამისად გაცემული აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 3. დაწესებულებისათვის სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა

1. დაწესებულება სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადით მიმართავს ცენტრს.

2. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა ხორციელდება ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების ამსახველი ინფორმაციისა და ამ დებულების დანართი 1-ით დამტკიცებული დებულების შესაბამისად გაცემული აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

    მუხლი 4. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის რეგისტრაციის წესი

1. დაწესებულებისათვის ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში დაწესებულება განსაზღვრავს და ცენტრს წარუდგენს:

ა) მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას:

ა.ა) აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ საფეხურზე;

ა.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების რაოდენობას:

ბ.ა) აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ საფეხურზე;

ბ.ბ) პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები შეესაბამება ცენტრის მიერ დადგენილი სტუდენტების ადგილების რაოდენობას, ცენტრი არეგისტრირებს წარმოდგენილ მონაცემებს და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

3. მომავალ წელს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება დაწესებულების სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღები/მიღებული და დამამთავრებელ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის რეგისტრაცია ხორციელდება ყოველწლიურად. მისაღებ სტუდენტთა ყოველწლიური რეგისტრაციის ვადას ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის წინადადებების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით.

    მუხლი 5. ცენტრის ინიციატივით დაწესებულებისათვის სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა

ცენტრის ინიციატივით დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ ბრძანების დანართი 1-ით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

    მუხლი 6. სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის წესი

1. დაწესებულების სტუდენტთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი მონაცემების ჯამით:

ა) დაწესებულების სასწავლო ფართი შეფარდებული 4-თან;

ბ) საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში გამოყენებული დამხმარე ფართი შეფარდებული 16-თან, მაგრამ არა უმეტეს 500-ისა;

გ) აკადემიური პერსონალის რაოდენობა გამრავლებული 8-ზე, მაგრამ არა უმეტეს 500-ისა.

2. დაწესებულების სასწავლო ფართად მიიჩნევა მისი პროგრამებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო ან/და კვლევითი მიზნებისათვის სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორია, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა, ასევე აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები.

3. დამხმარე ფართად მიიჩნევა დაწესებულების მფლობელობაში არსებული ფართი, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის განხორციელებას, თუმცა არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფართს.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის აკრედიტაციის მაძიებელად ცნობილ დაწესებულებას, ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, სტუდენტთა რაოდენობა განესაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.

დანართი 3

ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1. ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობები

1. ინსტიტუციური აკრედიტაციის განაცხადის საფასური შეადგენს 500 ლარს.

2. აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში დაწესებულება იხდის ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურს, რომელიც განისაზღვრება დაწესებულების სახის მიხედვით:

ა) კოლეჯისთვის – 5000 ლარი;

ბ) სასწავლო უნივერსიტეტისთვის – 10 000 ლარი;

გ) უნივერსიტეტისთვის – 20 000 ლარი.

3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის განაცხადის წარდგენის შემთხვევაში იხდის 2000 ლარს.

4. აკრედიტებული ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში დაწესებულება იხდის 5000 ლარს.

5. აკრედიტაციის საფასური განმცხადებელს არ უბრუნდება.