დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 710 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 06/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.040.000.22.033.013.736 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.040.000.22.033.013.736
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №710
2009 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1876) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) იურიდიული სამმართველო;
გ) მომსახურების სამმართველო;
დ) კონტროლის სამმართველო;
ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო;
ვ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო;
ზ) ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტი.“.
2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „პ-ფ“ ქვეპუნქტები და 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. კონტროლის სამმართველო
1. კონტროლის სამმართველო, მიმდინარე კონტროლის განხორციელების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) აწესებს კონტროლს გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ბ) აგროვებს ინფორმაციას შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
დ) ახდენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ე) უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;
ვ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ სამმართველოს;
ზ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას და დაკვირვებას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;
თ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ი) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადასახადის გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს. დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახალ დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდებას;
ლ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს ლატარიის და წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარის/წარმომადგენლის მივლინებას.
2. კონტროლის სამმართველო, საინფორმაციო-ანალიტიკური და დაგეგმვის ფუნქციების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს:
ა) ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) საძიებო სისტემების დანერგვა-ექსპლუატაციას;
ბ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ამოცანების შესრულების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება-სისტემატიზაციას, ანალიზს და დამუშავებული ფორმების ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის მიწოდებას;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას, საბაჟო მონაცემების დამუშავებას, მათ შედარებას საგადასახადო მონაცემებთან;
დ) საქმიანობის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის ანალიზს და რისკის ფაქტორების განსაზღვრას, ამ სფეროში გადასახადის გადამხდელთა ბრუნვების და შემოსული გადასახადების ანალიზს;
ე) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებას და მიღებული ინფორმაციის განზოგადებას, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას;
ვ) შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;
ზ) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას;
თ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარებას;
ი) სხვა ანალიტიკური ინფორმაციის შემუშავებას.
3. კონტროლის სამმართველო საგადასახადო შემოწმების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლით საგადასახადო შემოწმებას;
ბ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე;
გ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენას, შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტს შემოწმების მასალებთან ერთად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილისათვის წარსადგენად;
დ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციას;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმებს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგადასახადო შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემას;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. კონტროლის სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მოცემული პერიოდისათვის, ატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. იძულებითი ღონისძიებების სამმართველო
იძულებითი ღონისძიებების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;
გ) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;
დ) განიხილავს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტებს, აწესებს კონტროლს ვალდებულების შეჩერების თაობაზე ინსპექციის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე და მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;
ე) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
ვ) უზრუნველყოფს საგადასახდო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგანას და შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსთვის გადაცემას;
ზ) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები